ვარდან მამიკონიანი
ვარდან მამიკონიანი (სომხ. Վարդան Մամիկոնյան; დ. 388 — გ. 26 მაისი, 451) — სომეხი სარდალი, სომხეთის ერთ-ერთი უწარჩინებულესი გვარის წარმომადგენელი ტარონიდან. მამიკონიანები მემკვიდრეობით სპასპეტები (მხედართმთავრები) იყვნენ.
სომეხი ისტორიკოსის, ფავსტოს ბუზანდის ცნობით, მამიკონიანები ჭენთა — ჩინეთის სამეფო გვარის შთამომავლები არიან. სხვა მოსაზრებით, „ჭენ“ აქ „ჭანს“ (ერთ-ერთ ქართველურ ტომს) უნდა ნიშნავდეს (ნიკოლოზ ადონცი, ნიკოლოზ ჯანაშია). მამა ვარდან მამიკონიანისა — სომხეთის სპასპეტი ამაზასპ მამიკონიანი, დედა — საკაჰანუში, სომეხთა კათალიკოსის საჰაკ დიდის ასული იყო.
432 წელს მამიკონიანი სომხეთის სპარაპეტი გახდა. იგი გაიწვიეს ირანში და მიაღებინეს სახელმწიფო რელიგია — ზოროასტრიზმი. მაგრამ სომხეთში დაბრუნების შემდეგ, 450-451 წლებში, სათავეში ჩაუდგა აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. მან რამდენიმეჯერ დაამარცხა ირანელები და აჯანყებულთა მთავრობის მეთაური გახდა. დაიღუპა 451 წლის 26 მაისს ავარაირის ბრძოლაში (მდინარე თხმუტის ნაპირზე, ნახიჩევანის დასავლეთით). მამიკონიანი როგორც ისტორიული პირი იხსენიება იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“.