ციხედიდი
ციხედიდი ― არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე, მდინარე ძეგვისწყლის ხეობაში, ციხედიდის ხევის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფელ ძეგვსა და მარტაზისხევს შორის (ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტი), მდ. მტკვრის დინების მარჯვენა მხარეს, ციხედიდის ხევში.
თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კომლექსიდან შემორჩენილია მხოლოდ კოშკი, წმინდა მარიამის ეკლესია და სამრეკლო. დადასტურებულია ფეოდალური ხანის ნასოფლარი და ძვ. წ. II-I საუკუნეების კულტურული ფენებიც.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ იხსენიებს ძვ. წ. IV საუკუნის მოვლენათა კონტექსტში, როგორც ქალაქ სარკინეს ციხეს. მემატიანე ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, იმავე პერიოდში, ციხედიდი „დიდი მცხეთის“ ერთ-ერთი უბანია სარკინე-ზანავ-ურიათუბანთან ერთად. IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მეფე მირიან III-მ ციხედიდის რაბათში ებრაელთა 50 ოჯახი დაასახლა. VI საუკუნეში ციხედიდი ევაგრე სპასპეტის რეზიდენცია იყო. XI საუკუნიდან ციხედიდის რეგიონის მოსახლეობა ნაწილი საეკლესიო ყმები იყვნენ (სვეტიცხოვლის, შიომღვიმისა). 1561 წლის 6 აპრილს ქართველთა ლაშქარმა მეფე სიმონ I-ის სარდლობით ციხედიდის მიდამოებში ბრძოლა გაუმართა სპარსელებს (ციხედიდის ბრძოლა), მომდევნო ხანებში მოსახლეობა აქ მნიშვნელოვნად შემცირდა. XVIII საუკუნის 40-იან წლებში იგი ხელახლა დაასახლეს ციხედიდის მიწების მფლობელმა საეკლესიო აზნაურებმა მაღალაძეებმა. XVIII საუკუნის ბოლოს ციხედიდი კვლავ გაუკაცრიელდა.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციხედიდში ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნის ძეგლები არ არის მოკვლეული. ახლანდელი სოფ. ძეგვის მისადგომებთან, მდ. მტკვრიდან 1-1,5 კმ-ზე იქ, სადაც ციხედიდის ხევი ოდნავ ფართოვდება, ფერდობზე, რთულ რელიეფზე ნასოფლარია შემორჩენილი. ზემო ტერასაზე კოშკიანი საცხოვრებელია, ქვემოზე ― საკულტო ნაგებობები. კოშკისაგან მხოლოდ 4 სართულია დარჩენილი. წარწერიდან ირკვევა, რომ იგი ათანასე დეკანოზიძეს აუგია 1680. საკულტო უბანში 2 ეკლესია და სამრეკლოა. ყველაზე უკეთ შემონახულა სუფთად გათლილი ქვით ნაგები წმ. მარიამის დარბაზული ეკლესია. იგი გადახურულია საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. ეკლესიის ჩრდილოეთით ოციოდე მ-ზე სამრეკლოს ნანგრევებია.
კოშკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (4,9x7,3 მ), ოთხსართულიანი (აკლია ბანი). ნაგებია ყორე ქვით. ჩრდილოეთ ფასადის მხედრული წარწერის მიხედვით, იგი 1680 წელს აუგია დეკანოზ ათანასე დეკანოზისძეს. შესასვლელი პირველ სართულზეა, აღმოსავლეთით. ამავე სართულის დასავლეთის კედელზე, მთელ სიგრძეზე, საწნახელია მიშენებული, ხოლო იატაკში ქვევრებია ჩადგმული. ამ სართულზე მხოლოდ სამი სათოფურია, მეორე სართულის ყველა კედელში სარკმელი და სათოფურებია დატანებული. მესამე სართულის დასავლეთ კედელში შეისრულთაღიანი ბუხარია. აქაც ყველა კედელშია სათოფური. მეოთხე სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია სარკმელი, დასავლეთისაში კი შვერილ აივანზე გასასვლელი მოზრდილი კარი. კარის მარჯვნივ საპირფარეშოა. კედლებში რამდენიმე ნიში და მრავალი სათოფურია. აღმოსავლეთის ფასადზე ფირუზისფრად მოჭიქული ორი თასია.
წმინდა მარიამის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა მარიამის ეკლესია დარბაზულია (7,55x5 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ფილებით (აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვეშ, ერთი ფილის სიგრძე 3 მეტრია). სამხრეთით შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელია. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია. თითო სარკმელია გაჭრილი დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. ნახევარწრიული კამარა პილასტრებზე დაბჯენილ თაღს ეყრდნობა. ინტერიერი შეთეთრებულია. დასავლეთის ფასადი ფერდობშია შეჭრილი. ამჟამად ეკლესიას ფიცრული გადახურვა აქვს, რაზეც გადაკრულია ტოლი. შესასვლელზე მიშენებულია ქვის მშრალი წყობით ნაგები კარიბჭისმაგვარი სათავსი.
სამრეკლო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამრეკლო დგას ეკლესიის დასავლეთით. მისი მეორე სართული მთლიანად დანგრეულია. პირველი სართული გეგმით სწორკუთხაა (3,25x3,47 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. ამ სართულზეა გადასასვლელი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ წაგრძელებული ღერძით, რომელიც გადახურულია მოზრდილი ბრტყელი ქვის ფილებით. მეორე სართული ექვსთაღიანი ფანჩატური ყოფილა. შეისრული თაღები წახნაგოვან ბოძებს ეყრდნობოდა. ბოძებს უხეშად გამოყვანილი სვეტისთავები და ბაზისები აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაქარაია პ., ციხედიდის ნასახლარი, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1975, №1;
- ანდღულაძე ნ., ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 336-337.