შინაარსზე გადასვლა

ცისფერი დივიზია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცისფერი დივიზია
ცისფერი დივიზიის განმასხვავებელი ნიშანი
ესპანური ცისფერი დივიზიის განმასხვავებელი ნიშანი
აქტიური 24 ივნისი, 1941–10 ოქტომბერი, 1943
ქვეყანა ფრანკისტული ესპანეთი
ერთგულება ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
ტიპი ქვეითები
რაოდენობა 18,000 ჯარისკაცი (1941)
47,000 ჯარისკაცი (ჯამში, 1941–1944 წლებში)
ნაწილი ვერმახტი
მეტსახელი ცისფერი დივიზია
ბრძოლები მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტი
მეთაურები
ცნობილი მეთაურები აგუსტინ მუნიოს გრანდესი
ემილიო ესტებან ინფანტესი
ესპანელი ჯარისკაცები თხილამურებით, 1942.

ცისფერი დივიზია (ესპ. División Azul, გერმ. Blaue Division) — ესპანელი მოხალისეების ქვედანაყოფი ვერმახტის შემადგენლობაში, რომელიც იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში აღმოსავლეთის ფრონტზე. ფრანკისტული ესპანეთის რეგულარული არმია ამ დივიზიას ესპანურ მოხალისეთა დივიზიას უწოდებდა (División Española de Voluntarios), ხოლო გერმანელთათვის ის ცნობილი იყო, როგორც ვერმახტის 250-ე ქვეითი დივიზია.

ფრანკისტული ესპანეთი, რომლის სათავეშიც ფრანსისკო ფრანკო იდგა, მეორე მსოფლიო ომში ნეიტრალურ მხარედ დარჩა, თუმცა რადგანაც ფრანკოს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ნაცისტური გერმანია და ფაშისტური იტალია ეხმარებოდნენ, ფრანკო ღერძის ქვეყნების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. საგარეო საქმეთა მინისტრ რამონ სერანო სუნიერისა და ესპანეთის არმიის მაღალი თანამდებობის პირების ლობირებითა და ფრანკოს საბოლოო თანხმობით, ესპანეთის მოქალაქეებს მიეცათ უფლება, გერმანიის ჯარის რიგებში ჩაწერილიყვნენ და ებრძოლათ კომუნიზმის წინააღმდეგ, ხოლო ესპანეთის მთავრობა მათ მალულად დაუჭერდა მხარს, რათა მის ნეიტრალიტეტს საფრთხე არ შექმნოდა.

ქვეითი დივიზია შეიქმნა ფალანგისტებისა და ესპანური არმიის წევრებისგან და გაიგზავნა გერმანიაში გასაწვრთნელად. ქვედანაყოფმა იბრძოლა აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა წითელი არმიის წინააღმდეგ, მათ შორის ლენინგრადის ალყაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, შეატყო რა ესპანეთის მთავრობამ, რომ ღერძის ქვეყნები ომის წაგების გზას ადგნენ, 1943 წელს მოხალისეთა დივიზია ესპანეთში გამოიხმო. ამის მიუხედავად, ესპანელ მოხალისეთა შორის რამდენიმე ათასი ჯარისკაცი არ დაბრუნდა შინ და ბრძოლა განაგრძო. მათი ძირითადი მოტივაცია კომუნიზმის ფანატიკური სიძულვილი იყო. ამ დარჩენილ სამხედროთა ფორმირებას ეწოდა ლურჯი ლეგიონი, შემდეგ კი ის ვაფენ-სს-ის ნაწილად იქცა.

ცისფერი დივიზიის ჯარისკაცები მატარებლით გამგზავრების წინ სან-სებასტიანის სადგურზე, 1942

ოპერაცია ბარბაროსა ესპანეთის მთავრობის წევრებისთვის „ანტი-კომუნისტური ჯვაროსნული ლაშქრობის“ შესაძლებლობას იძლეოდა. ესპანეთის ნეიტრალურობით იმედგაცრუებულმა გერმანიამ, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ესპანეთი ღერძის ქვეყნებს ოფიციალურად შეუერთდებოდა, მაინც განაცხადა თანხმობა ესპანელთა შემოთავაზებაზე, მათთვის დახმარების სახით მოხალისეთა დივიზია გაეგზავნათ. გაწვევა 1941 წლის 27 ივნისს დაიწყო და 2 ივლისისთვის დივიზიაში 18,373 მოხალისე იყო ჩაწერილი ესპანეთის არმიიდან და ფალანგისტური მოძრაობიდან. მოხალისე ოფიცრების ნახევარი ესპანეთის არმიაში მსახურობდა, ისინი არმიამ დაითხოვა, რათა თავისუფლად შეძლებოდათ საბჭოთა კავშირში საბრძოლველად წასვლა და არანაირი ოფიციალური კავშირი ჰქონოდათ ესპანეთთან. მოხალისეთა საკმაო ნაწილი ესპანეთის სამოქალაქო ომის ვეტერანი იყო და საბრძოლო გამოცდილება უმაგრებდა ზურგს.

ცისფერი დივიზიის მეთაურად დაინიშნა აგუსტინ მუნიოს გრანდესი. რადგანაც ცისფერი დივიზიის წევრებს არ შეეძლოთ ესპანეთის არმიის უნიფორმების გამოყენება, მათ დაიწყეს ფორმების ტარება, რომლებიც შედგებოდა შემდეგი ელემენტებისგან: კარლისტების წითელი ბერეტების, ესპანური ლეგიონის ხაკის შარვლებისა და ფალანგისტების ცისფერი პერანგებისგან. მათი სახელი — ცისფერი დივიზია სწორედ აქედან წამოვიდა. თუმცა ეს მხოლოდ არასაბრძოლო უნიფორმა იყო, საველე პირობებში ესპანელ მოხალისეებს გერმანული არმიის სტანდარტული მონაცრისფრო-მომწვანო უნიფორმები ეცვათ, ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო მარჯვენა სახელოზე გამოსახული ფარი ესპანეთის დროშის ფერებში და წარწერა „España“. ესპანური დროშის ფერებიანი ფარი გამოსახული იყო მათ ჩაფხუტებზეც. ესპანელთა შეიარაღება და აღჭურვილობა ასევე გერმანული იყო და არაფრით განსხვავდებოდა სტანდარტული გერმანული დივიზიის შეიარაღებისგან.

მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ესპანელი ჯარისკაცები ლენინგრადის ალყისას, 1943.
ესპანური ცისფერი დივიზიის წევრები სანგარში ელიან წითელი არმიის შემოტევას.

ცისფერი დივიზია მადრიდიდან ბავარიაში გაიგზავნა, სადაც ხუთკვირიანი საბრძოლო მომზადება გაიარა. მათ ეწოდათ გერმანული არმიის 250-ე ქვეითი დივიზია. ჰიტლერისთვის ერთგულების ფიცის დადების შემდეგ, 1941 წლის 13 ივლისს, დივიზია გაიგზავნა პოლონეთში, საიდანაც ისინი არმიათა ჯგუფ ცენტრს უნდა შეერთებოდნენ. ბელორუსის გავლით მათ პოლონეთიდან ფეხით გაიარეს 900 კმ და სმოლენსკის გავლით უნდა შეერთებოდნენ მოსკოვის მიმდებარედ მდგარ გერმანულ არმიას, თუმცა სმოლენსკისკენ მსველობისას ისინი არმიათა ჯგუფ ჩრდილოეთს შეუერთეს, სადაც ფრონტზე პირველად ნოვგოროდის მისადგომებთან გაიგზავნენ გერმანული მეთექვსმეტე არმიის შემადგენლობაში. ფრონტის ხაზზე ესპანელებმა მაღალი საბრძოლო დონე აჩვენეს.

1942 წლის აგვისტოში ესპანური დივიზია გადაისროლეს ლენინგრადის ალყაში. სტალინგრადის ბრძოლაში მარცხის შემდეგ გერმანიის სარდლობამ ლენინგრადის მოალყე გერმანული ნაწილების გარკვეული რაოდენობა ალყიდან მოხსნა და სამხრეთისკენ გადაისროლა. 1943 წლის თებერვალში საბჭოთა 55-ე არმიამ სცადა ალყის გარღვევა და კრასნი ბორის ბრძოლაში ესპანურ პოზიციებზე იერიში მიიტანა. დიდი დანაკარგების მიუხედავად, ესპანელებმა შვიდჯერ უფრო მრავალრიცხოვანი წითელარმიელების შემოტევა მოიგერიეს, რომელთაც ზურგს ტანკებიც უმაგრებდნენ. ესპანელთა ამ მედგარი წინააღმდეგობის წყალობით ალყის გარღვევა ვერ მოხერხდა და ლენინგრადის ალყა ერთი წლით გახანგრძლივდა. ესპანური დივიზია ლენინგრადის ალყაში ყოფნას განაგრძობდა, თუმცა მკაცრი ამინდისა და მტრის გაუთავებელი იერიშების შედეგად დიდ დანაკარგებს განიცდიდა.

დამოკიდებულება ესპანელი მოხალისეების მიმართ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ესპანელი ჯარისკაცები ტივზე, აღმოსავლეთის ფრონტი.

მაღალი დისციპლინით გამორჩეული გერმანელი ჯარისკაცების ფონზე აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნილი ესპანელი მოხალისეები უდისციპლინო და დაუმორჩილებლები გამოდგნენ. ისინი ხშირად არ ემორჩილებოდნენ გერმანელთა ბრძანებებს, არ წმენდნენ იარაღებს, არ ყარაულობდნენ და უარს აცხადებდნენ მაღალი თანამდებობის გერმანელი სამხედრო პირებისთვის სალმის მიცემაზე. ესპანელები ეტანებოდნენ ადგილობრივ ქალებს, სვამდნენ და ხშირად საკუთარი თავის გართობით იყვნენ დაკავებულნი, რის გამოც გერმანელები მათ თავდაპირველად აღიქვამდნენ, როგორც უდისციპლინო ბრბოს.

თუმცა მოგვიანებით, როცა ესპანელები ბრძოლებში ჩაერთნენ, გამოჩნდა, რომ ისინი საკმაოდ მაღალი საბრძოლო უნარის მქონე დივიზია იყვნენ. ესპანელი მოხალისეები მტრის მიმართ ულმობლობით გამოირჩეოდნენ, მათ ტყვეები არ აჰყავდათ და თავადაც ტყვედ ჩავარდნას სიკვდილამდე ბრძოლას ამჯობინებდნენ. ამის გამო გერმანელთა შორის მათ პატივისცემა, ხოლო წითელარმიელებს შორის ძრწოლა გამოიწვიეს.

უდისციპლინო, თუმცა სიმამაცით გამორჩეული ესპანელები ჰიტლერს ასე ჰყავს დასახიათებული:

ვიკიციტატა
„უფრო უშიშარი მეგობრების წარმოდგენა შეუძლებელია, ისინი თითქმის არ ეფარებიან საფარს. ისინი სიკვდილს არაფრად აგდებენ. მე ვიცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის მოხარულნი არიან, როცა ესპანელები ჰყავთ მეზობლად თავიანთ სექტროში. ისინი ძალიან მამაცი და ამტანი არიან, მაგრამ სრულებით უდისციპლინონი.“

გერმანიის არმიის გენშტაბის უფროსი გენერალი ფრანც ჰალდერი ამბობდა:

ვიკიციტატა
„თუ თქვენ ხედავთ გერმანელ ჯარისკაცს, რომელიც გაუპარსავია, უნიფორმის ღილები გახსნილი აქვს და მთვრალია, ნუ მივარდებით მას დასაპატიმრებლად, დიდი ალბათობით, ის ესპანელი გმირია.“

აღსანიშნავია, რომ ბრძოლაში ჩართვამდე ესპანელებს საბჭოელებიც ალმაცერად უყურებდნენ. სწორედ იმ 55-ე არმიის მეთაური, რომელიც ესპანელებმა მოიგერიეს ლენინგრადის ალყისას, ვლადიმირ სვირიდოვი ამბობდა:

ვიკიციტატა
„ბრბო, ქორფა აბეზრები. ტილიანი, გაყინული, ისინი წყევლიან იმ დღეს, როცა საკუთარი თავი რუსეთში აღმოაჩინეს.“

ესპანელთა ამგვარი დაუფასებლობა წითელ არმიას კრასნი ბორის ბრძოლაში 20,000-ზე მეტ დაღუპულად და დაჭრილად დაუჯდა.

ცისფერი დივიზიის დაღუპული წევრების მემორიალი ალმუდენას სასაფლაოზე, მადრიდი.

ღერძის ქვეყნების წარუმატებლობის, მოკავშირეთა ქვეყნებისა და ესპანური კათოლიკური ეკლესიის დაჟინებული მოთხოვნების შემდეგ, საბოლოოდ ფრანკომ 1943 წლის 10 ოქტომბერს ესპანელ მოხალისეებს შინ დაბრუნება უბრძანა. ზოგმა მოხალისემ დაბრუნებაზე უარი განაცხადა და ბრძოლა განაგრძო. 3 ნოემბერს ესპანეთის მთავრობამ ყველა ესპანელს შინ დაბრუნება კიდევ ერთხელ უბრძანა. საბოლოო ჯამში, შინ არდაბრუნებულთა რიცხვი 3,000 კაცამდე იყო, რომლებიც, ძირითადად, ფალანგისტები იყვნენ. ეს მოხალისეები მოგვიანებით სხვა გერმანულმა შენაერთებმა, მათ შორის ვაფენ-სს-მა შეიერთა.

მთლიანობაში ცისფერი დივიზიის რიგებში აღმოსავლეთის ფრონტზე დაახლოებით 47,000-მა ესპანელმა იბრძოლა, მათგან 4,954 დაიღუპა, 8,700 კი დაიჭრა. 372 წევრი წითელმა არმიამ დაატყვევა, რომელთაგან 286 საბჭოთა კავშირმა 1954 წელს გაათავისფულა ტყვეობიდან და ისინი ესპანეთში დაბრუნდნენ. საბოლოო ჯამში, ესპანურ ცისფერ დივიზიასთან ბრძოლებში საბჭოთა კავშირმა 49,300 ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით.

  • Moreno Juliá, Xavier (2018). "Spain". In Stahel, David (ed.). Joining Hitler's Crusade: European Nations and the Invasion of the Soviet Union, 1941. Cambridge: Cambridge University Press.
  • Bowen, Wayne H. Bowen, Spaniards and Nazi Germany: Collaboration in the New Order. University of Missouri Press (2005).
  • Littlejohn, David, Foreign Legions of the Third Reich, Vol. 2, San Jose.
  • 1987 Scurr, John, H. Richard, Germany’s Spanish Volunteers 1941-1945, Oxford, 1980.
  • Jurado, C. Caballero, Blue Division Soldier 1941-1945, New York, 2009.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]