სტალინგრადის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტალინგრადის ბრძოლა
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი
თარიღი 17 ივლისი 1942 - 2 თებერვალი 1943
მდებარეობა სტალინგრადი სსრკ
შედეგი სსრკ-ის გამარჯვება
მხარეები
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მეთაურები
ძალები
ოპერაციის დასაწყისში

430,000 ადამიანი
3,000 საარტილერიო დანადგარი
500 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
1,200 თვითმფრინავი[1]

საბჭოთა კონტრ შეტევის დროს
სახმელეთო ჯარი
1,040,000 ადამიანი 10,250 საარტილერიო დანადგარი
500 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
732 თვითმფრინავი (აქედან 402 გაუმართავი)

ოპერაციის დასაწყისში
386,000 ადამიანი [2]

2,200 ქვემეხი და ნაღმმტყორცნი
400 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
454 თვითმფრინავი

საბჭოთა კონტრ შეტევის დროს
სახმელეთო ჯარი
1,143,000 ადამიანი
13,451 საარტილერიო დანადგარი
894 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
1,115 თვითმფრინავი

დანაკარგები
850,000 ადამიანი

900 თვითმფრინავი
1,666 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
261 ჯავშანმანქანა
80,438 ავტომანქანა
10,679 მოტოციკლი
240 ტრაქორი
571 სატვირთო მანქანა
3 ჯავშანმატარებელი
5,762 ქვემეხი
1,312 ნაღმმტყორცნი
12,701 ტყვიამფქვევი
156,987 შაშხანა
10,722 ავტომატი.
და სხვა სამხედრო ქონება

1,129,619 ადამიანი

524,000 სასროლი იარაღი
4,341 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო თვითმავალი დანადგარი
2,777 თვითმფრინავი
15,728 ქვემეხი და ნაღმმტყორცნი

10,000 ზე მეტი ფაშისტური ქვეყნების ალიანსის ჯარისკაცი განაგრძობდა ბრძოლას 1943 წლის მარტის დასაწყისამდე.
სტალინგრადის ბრძოლა ვიკისაწყობში

სტალინგრადის ბრძოლა — ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მეორე მსოფლიო ომში. გერმანიის მთავარსარდლობას სურდა დაეპყრო ქალაქი სტალინგრადი და მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპირო, რომელზეც გადიოდა მთავარი სატრანსპორტო გზა ქვეყნის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის. სტალინგრადის დაპყრობით გერმანელებს გზა ეხსნებოდათ მთავარი ნავთობის საბადოებისაკენ - გროზნოსა და ბაქოსკენ.

წინა მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის ზამთარში, იმის გამო, რომ გერმანული არმია არ იყო მზად ზამთრის ომებისათვის, მათი შეტევა მოსკოვზე შეჩერდა და საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის შედეგად უკანაც დაიხიეს. მოსკოვზე ახალი შეტევის გეგმა უარყო ჰიტლერმა. იგი განიხილავდა შეტევის ახალ ვარიანტს — ჩრდილოეთითა და სამხრეთით.

ოპერაცია Blau[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაის-ივნისი; 1942 წ.

გერმანელთა არმიის სამხრეთ დაჯგუფებას დაევალა შეტევა კავკასიის მიმართულებით, რომელიც ზაფხულში უნდა განეხორციელებინა. ამ შეტევის კოდური სახელწოდება იყო Fall blau, რაც ნიშნავს ცისფერ ვარიანტს. 1942 წლის მაისში არმიის სამხრეთ დაჯგუფება გაიყო ორ ჯგუფად: A და B. A დაჯგუფებას უნდა გაეგრძელებინა შეტევა ჩრდილოეთ კავკასიისაკენ, ხოლო B დაჯგუფებას — ვოლგისა და სტალინგრადის მიმართულებით. B დაჯგუფებაში შედიოდა ვერმახტის მე-6 არმია პაულიუსის მეთაურობით და გოტის მე-4 სატანკო არმია.

სტალინგრადის ოკუპაცია ჰიტლერისთვის მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. სტალინგრადი იყო მთავარი ინდუსტრიული ქალაქი ვოლგის სანაპიროზე
  2. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი მარშრუტი, რომელიც აერთებდა კასპიის ზღვას ჩრდილოეთ რუსეთთან.
  3. ქალაქის დაპყრობით ჰიტლერი უზრუნველყოფდა მარცხენა ფლანგის უსაფრთხოებას A დაჯგუფების ჯარებისათვის, რომლებიც კავკასიის მიმართულებით ახორციელებდნენ შეტევას.
  4. გარდა ამ სტრატეგიული მნიშვნელობისა, სტალინგრადის დაპყრობა ჰიტლერს სურდა იმიტომაც, რომ ქალაქს სტალინის სახელი ერქვა.

ომის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტალინგრადის ფრონტი შეიქმნა 1942 წლის 12 ივლისს, ხოლო 17 ივლისს კი დაიწყო პირველი შეტევა ქალაქზე გენერალ ფონ ვაიხსის მეთაურობით. ამ შეტევაში გერმანელთა მხრიდან მონაწილეობდა 250 ათასი მებრძოლი, ხოლო სტალინგრადის დაცვას ხელმძღვანელობდა გენერალი გორდოვი 187 ათასი კაცით. დონისა და ვოლგის შესართავთან ბრძოლები მთელი თვე გაგრძელდა. ივლისის ბოლოს გერმანელებმა საბჭოთა ჯარები მიიმწყვდიეს დონთან. ამ დროისათვის გერმანელებმა დასახმარებლად გამოიყენეს იტალიის, უნგრეთისა და რუმინეთის არმიები. მე-6 არმია რამდენიმე ათეული კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქიდან. სტალინგრადს აღმოსავლეთიდან იცავდა ვოლგა, მეორე მხარეს კი თავმოყრილი იყო დამატებითი ძალები ქალაქის დასაცავად, რომელსაც მეთაურობდა ვასილი ჩუიკოვი.

ქალაქი ომის წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსებ სტალინმა აუკრძალა მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვება, იმ საბაბით, რომ მათი ყოფნა ქალაქში ჯარისკაცებს გაამხნევებდა და ძალას შემატებდა. ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები, მუშაობდნენ სანგრებისა და დამატებითი თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობაზე. 28 ივლისს სტალინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ყველას, ვინც უკან დაიხევდა და ფრონტს მიატოვებდა — დახვრეტდნენ! ქალაქის მისადგომებს გერმანელები 23 აგვისტოს მიადგნენ და იმ დღესვე დაბომბეს ქალაქი, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. პირველი დარტყმა მიიღო 1077-ე საზენიტო პოლკმა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მოხალისე ქალებით იყო დაკომპლექტებული. მათ არ ჰქონდათ გამოცდილება მიწაზე მდებარე სამიზნეების დაზიანების. მიუხედავად ამისა ისინი ბოლომდე ებრძოდნენ გერმანელთა მე-16 სატანკო დივიზიას, მანამ, სანამ პოლკის 37-ვე ბატარეა არ განადგურდა. ქალაქის მოსახლეობისა და მუშებისაგან შეიქმნა მოხალისეთა ბატალიონები. სტალინგრადში მდებარე სატრაქტორო ქარხანა გადაკეთდა და დაიწყო ტანკების მშენებლობა. ქარხნის მუშებს შორის იყვნენ ქალებიც. ტექნიკა ქარხნიდან პირდაპირ ფრონტზე მიდიოდა, ისე, რომ ზოგჯერ შეღებვასა და სამიზნე მოწყობილობის დაყენებასაც ვერ ასწრებდნენ.

ბრძოლა ქალაქში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანელები სტალინგრადში

13 სექტემბერს გერმანელებმა დაიწყეს სტალინგრადის შტურმი. თუ ადრე საბჭოთა ჯარები ქალაქგარეთ იბრძოდნენ, ახლა უკვე გაჩაღდა ბრძოლები ყველა ქუჩაზე, ყველა შენობისა და სართულისთვისაც კი.ქალაქის ცენტრალური ვაგზალი ცამეტჯერ გადავიდა ხელიდან ხელში.სექტემბრის ბოლოსთვის გერმანიამ შეტევაში ჩართო მე-6 არმიისა და მე-4 სატანკო არმიის მთელი ძალები, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. ამავე დროს A დაჯგუფების შეტევაც შეჩერებულ იქნა კავკასიის მისადგომებთან. გერმანული არმიის სამხედრო გეგმა დამყარებული იყო სხვადასხვა ტიპის არმიების: ქვეითის, არტილერიისა და ავიაციის ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებაზე. ამის საწინააღმდეგოდ სსრკ-ს ჯარმა მარტივი გზა მონახა — ისინი ცდილობდნენ ფრონტის ხაზები რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო (მანძილი დაახლოებით 30 მეტრზე ნაკლები). საკუთარი ქვეითი ჯარის განადგურების შიშით გერმანელები ვერ იყენებდნენ არტილერიასა და ავიაციას. ამ ომს გერმანელები „ვირთხის ომს“ უწოდებდნენ.

„ვირთხის ომი“ სტალინგრადის ქუჩებში

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაღლის დასაპყრობად, რომელსაც „მამაის ყორღანი“ ჰქვია, გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა. სსრკ-ს ჯარებმა ერთ დღეს დაკარგეს მთელი დივიზია 10000 კაცის მეთაურობით.

ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გამაგრდა ოცეული — იაკობ პავლოვის მეთაურობით. მისმა მებრძოლებმა სახლი ციხე-სიმაგრედ აქციეს და სამი კვირის განმავლობაში იგერიებდნენ გერმანელთა შეტევებს. ვოლგოგრადში ამ სახლის ნახვა დღესაც შეიძლება — მას პავლოვის სახლი ეწოდება და მუზეუმადაა გადაკეთებული.

გერმანელებმა 14 ოქტომბერს ახალი შტურმი დაიწყეს, მაგრამ მათ ვერაფრით ვერ შეძლეს ვოლგის მეორე სანაპიროზე გადასვლა. ბრძოლის გაჭიანურებამ საბჭოთა მხედართმთავრობას საშუალება მისცა სტალინგრადთან თავი მოეყარა მთელი რეზერვისათვის. მათ სტალინგრადში გადაიყვანეს მთელი საჰაერო ძალები. 14 ნოემბერს გერმანელებმა უკანასკნელად სცადეს ქალაქის დაპყრობა. მათ სამთვიანი ბრძოლის შედეგად როგორც იქნა მიაღწიეს მდინარის ნაპირს და დაიპყრეს ქალაქის თითქმის 90%. მდინარესთან მიმწყვდეული ქალაქის ჯარები ორ ნაწილად იქნა გახლეჩილი. ქალაქში მიმდინარე ბრძოლებში ორივე მხრიდან თითქმის 1,4 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ოპერაცია ურანუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა მხედართმთავრობამ გაითვალისწინა, რომ ვერმახტის B დაჯგუფებაში იდგა ნაკლებად ბრძოლისუნარიანი იტალიისა და რუმინეთის ჯარები და სწორედ მათ წინააღმდეგ მოუყარეს თავი ჯარების 1000000-იან დაჯგუფებას. სტალინმა შეიმუშავა ოპერაცია სახელწოდებით „ურანუს“, რომელიც ითვალისწინებდა პაულიუსის მე-6 არმიის ალყაში მოქცევას, მის ორად გახლეჩასა და სათითაო ნაწილების განადგურებას. ეს ოპერაცია დაიწყო 19 ნოემბერს და 23 ნოემბერს უკვე ალყაში მოექცა პაულიუსის არმია, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი ორ ნაწილად გახლეჩვა, როგორც ამას ოპერაცია ითვალისწინებდა. მე-6 არმია იზოლირებულ იქნა თავისი რეზერვებისაგან — აღარ მიეწოდებოდა ტყვია-წამალი და სურსათი. ამ სიტუაციაში ფედ-მარშალი მანშტეინი შეეცადა მიხმარებოდა ალყაში მოქცეულ პაულიუსის ჯარებს. მათ შეტევა დაიწყეს 12 დეკემბერს, რომელიც მოგერიებულ იქნა მე-2 გვარდიული არმიის მიერ — მალინოვსკის მეთაურობით. ამ მოვლენების შემდეგ ფრონტის ხაზი დროებით სტაბილური გახდა, რადგან ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა.

ოპერაცია „რგოლი“ (кольцо)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

27 დეკემბერს სტალინისა და ჟუკოვის მიერ შემუშავებული იქნა შეტევის ახალი გეგმა — „რგოლი“, რომელიც ოპერაცია ურანის გაგრძელებას წარმოადგენდა. 10 იანვარს დაიწყო სსრკ ჯარების შეტევა და 26 იანვარს მე-6 არმიის A დაჯგუფება ორ ნაწილად იქნა გახლეჩილი. მისი სამხრეთ ნაწილი განადგურებულ იქნა 31 დეკემბერს. ტყვედ ჩავარდა ფედ-მარშალი პაულიუსი მთელი თავისი შტაბით. ხოლო ჩრდილოეთმა ნაწილმა 2 თებერვალს კაპიტულაცია გამოაცხადა. ამ ოპერაციის შედეგად მთლიანობაში ტყვედ ჩაბარდა 90000 კაცი, რომელთა შორის 24 გენერალი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]