ჩინური მცველი ლომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინგის დინასტიის პერიოდის მფარველი ლომები აკრძალულ ქალაქში
ჩინური მცველი ლომები

ჩინური მცველი ლომები, ან იმპერიული მცველი ლომები ინდური, ბუდისტური წარმოშობის ტრადიციული ჩინური არქიტექტურის ნიმუში. ძირითადად მზადდება ქვისგან, რის გამოც ასევე მოიხსენიება როგორც: ქვის ლომები ან შიში (石獅). კონცეფცია, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა ჩინურ ბუდიზმში, შეიცავს უაღრესად სტილიზებული ლომების წყვილს და მიიჩნევა, რომ ისინი შენობას საფრთხის მომტანი ავი სულის გავლენისგან და ბოროტი ადამიანებისგან იცავენ. იმპერიული ჩინეთის სასახლეებსა და სამარხებში გამოყენებული ლომები შემდგომში გავრცელდა აზიის სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის იაპონიაში, კორეაში, ფილიპინებში, ტიბეტში, ტაილანდში, მიანმარსა და ვიეტნამიში. ქანდაკებებს ვხვდებით აგრეთვე შრი-ლანკაში, ინდოეთში, ნეპალიშ, კამბოჯაში, ლაოსსა და მალაიზიაში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცველი ლომების ქანდაკებები ტრადიციულად ჩინეთის საიმპერატორო სასახლეების, საიმპერატორო სამარხების, სამთავრობო ოფისების, ტაძრებისა და სამთავრობო მოხელეთა და მდიდრების სახლების წინ იდგა და ითვლებოდა, რომ მათ ჰქონდათ ძლიერი მითიური მცველის როლი. ისინი ასევე გამოიყენება მხატვრულ კონტექსტში, მაგალითად, კარის დამრტყმელებად და ჭურჭლის ორნამენტებად. მფარველი ლომის ქანდაკებების წყვილი დღეს პოპულარული და სიმბოლური დეკორაციის ნაწილია რესტორნების, სასტუმროების, სუპერმარკეტების და სხვა შენობათა შესასვლელებში და განთავსებულია შესასვლელის ორივე მხარეს.

ლომები ჩვეულებრივ გვხვდება წყვილებში. ქანდაკებად გამოყენებისას წყვილი შედგება მამრისაგან, რომელიც თათით ეყრდნობა ნაქარგ ბურთულას (იმპერიულ კონტექსტში, წარმოადგენს უზენაესობას მსოფლიოში) და მდედრს, რომლის თათი ზურგზე ამობრუნებულ კუს ან ბელს ეყრდნობა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

3D მოდელი, შეეხეთ გასადიდებლად.

მცველ ლომებს ენისა და კონტექსტის მიხედვით სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. ჩინურად მათ ტრადიციულად უწოდებენ ში-ს (獅; ფინინი: shī) რაც ნიშნავს ლომს - თავად სიტყვა ში, ვარაუდის მიხედვით მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან šer.[1] ლომები პირველად ხანის სასამართლოს წარუდგინეს შუა აზიისა და სპარსეთის ემისრებმა და ქანდაკებებმა პოპულარობა მეექვსე საუკუნეში მოიპოვეს. დღეს მფარველი ლომების სახელწოდებას დამზადების მასალა განსაზღვრავს:

  • ქვის ლომი (石獅;): ქვის ქანდაკებისთვის
  • ბრინჯაოს ლომი (銅獅;): ბრინჯაოს სკულპტურისთვის.

და ნაკლებად ხშირად:

  • კეთილშობილი ლომი (瑞獅;): ტიბეტის თოვლის ლომი, რომელიც კარგ იღბალთან ასოცირდება.

გარეგნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლომები ტრადიციულად მოჩუქურთმებულია დეკორატიული ქვისგან, როგორიცაა მარმარილო ან გრანიტი, ან ჩამოსხმულია ბრინჯაოთი ან რკინით. ამ მასალების მაღალი ღირებულებისა და მათი წარმოებისთვის საჭირო შრომის გამო, ძველ ჩინეთში მფარველი ლომების პირადი გამოყენება შეძლებული ან ელიტური ოჯახებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მართლაც, ოჯახის სიმდიდრის ან სოციალური მდგომარეობის ტრადიციული სიმბოლო მფარველი ლომების განთავსება იყო ოჯახის სახლის წინ. თუმცა, დღეს ლომები მასიურად მზადდება ბეტონისა და ფისისგან, რამაც მათი მასობრივი გამოყენება გამოიწვია.

ცინგის დინასტიის პერიოდის მცველი ლომების წყვილი, განთავსებული აკრძალულ ქალაქში

ლომები ყოველთვის წყვილებად არიან წარმოდგენილი, როგორც ინის და იანის გამოვლინება, მდედრი წარმოადგენს ინს და მამრი იანს. მამრი ლომის მარჯვენა წინა თათი ეყრდნობა " ნაქარგიან ბურთს " (繡球), რომელიც ზოგჯერ გეომეტრიული ხაზებით არის მოჩუქურთმებული. მდედრი არსებითად იდენტურია, განსხვავებით მამრისგან, ეს უკანასკნელი მარცხენა წინა თათით ეყრდნობა ზურგზე დაწოლილ ბელს (ზოგჯერ კუს) რაც სიცოცხლის ციკლის სიმბოლიკად მიიჩნევა. სიმბოლურად, ქალი ლომი იცავს შენობის შიგნით მცხოვრებლებს (ცოცხალი სული შიგნით), ხოლო მამაკაცი იცავთავად შენობას (გარე მატერიალურ ელემენტებს). ზოგჯერ მდედრს პირი დახურული აქვს, მამრს კი ღია. იაპონური ვერსიით, მამრი ღია პირით ჰაერს ისუნთქავს, რაც წარმოადგენს სიცოცხლის სიმბოლიკას, ხოლო მდედრის დახურული პირი ამოსუნთქვასთან-ანუ სიკვდილთან ასოცირდება. სხვა დიზაინის ლომებს, ორივეს ნაწილობრივ ღია პირში მარგალიტი უდევთ. მარგალიტი ისეა მოჩუქურთმებული, რომ ლომის პირში შემოტრიალდეს, მაგრამ საკმარისად დიდი ზომისაა, იმისთვის რომ ვერასოდეს მოიხსნას.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Laurence E. R. Picken (1984). Music for a Lion Dance of the Song Dynasty, Musica Asiatica: volume 4. Cambridge University Press, გვ. 201. ISBN 978-0-521-27837-9. 
  2. (2010) Asian Material Culture. Amsterdam University Press, გვ. 109. ISBN 9789089640901.