ჩინგიზ აითმათოვი
ჩინგიზ აითმათოვი (ყირგ. Чыңгыз Айтматов, რუს. Чинги́з Тореку́лович Айтма́тов) (დ. 12 დეკემბერი, 1928, სოფ. შექერი, ყირგიზეთი — გ. 10 ივნისი, 2008, ნიურნბერგი, გერმანია) — ყირგიზი მწერალი. ძირითადად წერდა რუსულ ენაზე.
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩინგიზ აითმათოვი დაიბადა სოფელ შექერში, საიდანაც იყო წარმოშობით მისი მამა — თორეკულ აითმათოვი. მომავალი მწერლის მამა და დედა — ნაგიმა აბდულვალიევა (ეროვნებით თათარი), პარტიული მუშაკები იყვნენ. უფროსი ჩინგიზის გარდა, ოჯახში 2 ვაჟი (მათგან ერთი პატარა გარდაიცვალა) და ორი გოგონა იზრდებოდა.[20] 1929–1935 წლებში თორეკულ აითმათოვს მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა ყირგიზეთის ასსრ-ის მთავრობაში, ხოლო 1935 წლიდან — სწავლობდა წითელ პროფესურაში, მოსკოვში. 1937 წელს იგი დააპატიმრეს ნაციონალიზმის ბრალდებით და 1938 წელს დახვრიტეს. მამის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, ოჯახი შექერში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჩინგიზ აითმათოვმა დაასრულა რვაწლიანი სკოლა.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აითმათოვმა სწავლა ჯერ ჯამბულის ზოოტექნიკუმში განაგრძო, მისი დამთავრების შემდეგ კი, 1948 წელს, — ფრუნზეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1953 წელს დაასრულა. შემდგომ იგი 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ვეტერინარად.
სამწერლო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მოთხრობა „მეგაზეთე ძიუიო“ ჩინგიზ აითმათოვმა ჯერ კიდევ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის დროს, 1952 წელს გამოაქვეყნა, რუსულ ენაზე. ამას მოჰყვა სხვადასხვა მოთხრობები, ყირგიზულ და რუსულ ენებზე. 1956 წელს მწერალი მოსკოვში გაემგზავრა, უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე სასწავლად, რომელიც 1958 წელს დაამთავრა. სწავლის დროს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „პირისპირ“ (1957), ყირგიზულ და რუსულ ენებზე, მაგრამ, საყოველთაო აღიარება აითმათოვს მოუტანა მოთხრობამ „ჯამილა“ (1958), რომელიც მაშინვე თარგმნა ფრანგულად იმხანად სსრკ-ში მყოფმა ლუი არაგონმა.
1959-65 წლებში მწერალი მუშაობდა ჟურნალ „ლიტერატურული ყირგიზეთის“ მთავარ რედაქტორად და ამავდროულად იყო გაზეთ „პრავდის“ კორესპოდენტიც, ყირგიზეთში. ამ წლებში ერთიმეორის მიყოლებით გამოქვეყნდა მისი ცნობილი მოთხრობები „აქლემის თვალი“ (1960), „პირველი მასწავლებელი“ (1961), „დედის ყანა“ (1963) და კრებული „მთებისა და სტეპების მოთხრობები“ (1965), რომლისათვისაც მწერალი ლენინური პრემიით დაჯილდოვდა. წარმატებული აღმოჩნდა 1966 წელს გამოცემული ნოველაც „მშვიდობით გულსარი!“, რომლისათვისაც აითმათოვმა სახელმწიფო პრემია მიიღო.
„მშვიდობით გულსარის“ შემდგომ, აითმათოვმა სამწერლო ენად რუსული აირჩია. მომდევნო წლებში გამოიცა მოთხრობა „თეთრი ხომალდი“ (1970), პიესა „ფუძიამაზე ასვლა“, ნოველები „ადრეული წეროები“ (1975) და „ჭრელი ძაღლი, ზღვის პირას ადევნებული“ (1977), რომანები „და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე“ (1980) და „საქონდაქრე“ (1986), „ჩინგის ხანის თეთრი ღრუბელი“ (1992), „კასანდრას დაღი“ (1994), „ზღაპრები“ (1997), „ყირგიზეთში გატარებული ბავშვობა“ (1998). წიგნი „როცა მთები ძირს ეშვებიან“ (2006) მწერლის უკანასკნელი ნაწარმოები აღმოჩნდა.
სახელმწიფო და დიპლომატიური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აითმათოვი იყო კომპარტიის წევრი 1959 წლიდან. 1990 წლამდე იგი არაერთხელ იყო არჩეული ეროვნებათა საბჭოს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, იმყოფებოდა სხვადასხვა პარტიულ და საზოგადოებრივ არჩევით თანამდებობებზეც. 1990 წლიდან ეწეოდა დიპლომატიურ მოღვაწეობას — იყო სსრკ-ის და შემდეგ-რუსეთის ფედერაციის ელჩი ლუქსემბურგში. ყირგიზეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1994–2006 წლებში, აითმათოვი მსახურობდა ყირგიზეთის ელჩად ბენილუქსის ქვეყნებში, საფრანგეთში, იუნესკოსა და ნატო-ში.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩინგიზ აითმათოვი გარდაიცვალა დიაბეტით ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გერმანიაში, ქ. ნიურნბერგის საავადმყოფოში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა. დაკრძალულია ყირგიზეთში, ბიშკეკის „ათა ბეიითის“ სასაფლაოზე.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის შემოქმედებაში, ჩინგიზ აითმათოვი უხვად იყენებდა ხალხურ ლეგენდებს, იგავებს, მითოლოგიას და ეპიკურ მოტივებს. მისი რამდენიმე ნაწარმოები („და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე“, „კასანდრას დაღი“) სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებსაც მოიცავს. მისი პერსონაჟებს ხშირად ღრმა კავშირი აქვთ ბუნებასთან, ცხოველებთან — ესმით მათი ენა და ესაუბრებიან მათ. აითმათოვის პროზა საფუძვლად დაედო არაერთ ფილმს და თეატრალურ დადგმას, როგორც ყირგიზეთში, ისე-მის ფარგლებს გარეთ. მწერალი თავად მუშაობდა სცენარებზე, ხოლო ფილმში „ჯამილა“ — თავად კითხულობდა მთხრობელის ტექსტს.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1958 : მედალი „შრომითი მამაცობისთვის“
- 1962 : შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1963 : ლენინური პრემია
- 1967 : შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1968 : სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
- 1970 : საიუბილეო მედალი ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად
- 1976 : ყირგიზეთის სსრ-ის ტოქტოგულ სატილგანოვის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1978 : სოციალისტური შრომის გმირი[21]
- ყირგიზეთის რესპუბლიკის გმირი
- 1999 : ორდენი „მანასი“ (პირველი ხარისხის)[22]
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიცოცხლეშივე, ჩინგიზ აითმათოვი აღიარებული იყო ყირგიზული და რუსული ლიტერატურის კლასიკოსად. მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ ენაზე. მიღებული ჰქონდა სსრკ-ის, ყირგიზეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, უნგრეთის სახელმწიფო პრემიები და ჯილდოები, იყო მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელი. 2008 წელს თურქულენოვანი ქვეყნების კულტურის მინისტრთა საბჭომ აითმათოვი ნობელის პრემიის ნომინანტად დაასახელა[23]. მისი სახელი მინიჭებული აქვს ბიშკეკის რუსულენოვან თეატრს, ქალაქის პარკს, ქუჩებს და სკვერებს ყირგიზეთში და მის ფარგლებს გარეთ, გამოშვებულია აითმათოვის მარკა და მისი და მისი ნაწარმოებების სამახსოვრო მონეტები[24], დაწესებულია მისი სახელობის პრემიები. 2008 წელი ყირგიზეთში აითმათოვის წლად იყო გამოცხადებული.
2008 წლის ოქტომბერში ჩოლპონ-ატაში, ისიქ-ქოლის ჩრდილო ნაწილში, გაიხსნა ჩინგიზ აითმათოვის ძეგლი.[25]

2009 წელს ბიშკეკში გაიხსნა მწერლის სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს სახელმწიფო რეზიდენციის ტერიტორიაზე, ბიშკეკიდან 8 კმ-ის დაშორებით. 2011 წელს კი ბიშკეკის ალა-ტოოს მოედანზე დაიდგა მწერლის ძეგლი.
ამავე, 2011 წელს ლონდონში დაწესდა ჩინგიზ აითმათოვის სახელობის საერთაშორისო პრემია. პრემიას მწერლის დაბადების დღეზე გადასცემს აითმათოვის აკადემია, რომელიც ლონდონში დააწესა პროფესორმა რაჰიმ აბდულალიევმა. პროფესორი აითმათოვთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.[26]
2012 წელს სოფელ ჩონ-არიკეში, სადაც მწერალი ცხოვრობდა, ჩამოყალიბდა აითმათოვის სახლ-მუზეუმი.[27]
2013 წელს სანქტ-პეტერბურგში, კალინინის რაიონში, უსახელო მწვანე ზონას დაერქვა ჩინგიზ აითმათოვის სკვერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 232.

სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- 1 2 NooSFere — 1999.
- 1 2 filmportal.de — 2005.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- 1 2 Prabook — 2018.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- 1 2 Munzinger Personen
- ↑ Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 29–32. — ISBN 5-94848-245-6
- 1 2 3 4 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 30. — ISBN 978-2-221-06888-5
- ↑ http://rt.com/news/famous-writer-aitmatov-dies-aged-79/
- ↑ Babelio — 2007.
- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #118501259 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
- ↑ https://lex.uz/ru/docs/2392870
- ↑ https://hvg.hu/kultura/20060420ajtmatov
- ↑ http://mnenie.akipress.org/unews/un_post:1408
- ↑ Большая Российская энциклопедия: В 30 т. / Председатель науч.-ред. совета Ю. С. Осипов. Отв. ред С. Л. Кравец. Т. 1. А — Анкетирование. — М.: Большая Российская энциклопедия, 2005. — 766 с.: ил.: карт.
- ↑ Указ Президента Кыргызской Республики от 7 декабря 2003 года № 394 "О награждении Почётной золотой медалью Президента Кыргызской Республики «За особо выдающийся вклад в киргизскую культуру и духовность XX века»
- ↑ https://lenta.ru/news/2008/05/29/aitmatov/
- ↑ https://ria.ru/20090421/168789718.html
- ↑ В иссык-кульской Чолпон-Ате открыли памятник Чингизу Айтматову
- ↑ Назарбаев и Кончаловский стали лауреатами премии Чингиза Айтматова
- ↑ Эльдар Айтматов: В нашей семье тои считались мещанством и пустой тратой времени и денег
- ↑ Ильхам Алиев и Президент Садыр Жапаров приняли участие в церемонии открытия памятника Чингизу Айтматову в Баку
- დაბადებული 12 დეკემბერი
- დაბადებული 1928
- გარდაცვლილი 10 ივნისი
- გარდაცვლილი 2008
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- რუსეთის მეგობრობის ორდენის კავალრები
- შრომითი წარჩინებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- შრომის ვეტერანის მედლით დაჯილდოებულები
- ყირგიზი მწერლები
- რუსი მწერლები
- ყირგიზეთის სსრ-ის სახალხო მწერლები
- სსრკ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- მწერლები ანბანის მიხედვით