შინაარსზე გადასვლა

ვეტერინარია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტექნიკოსი ვეტერინარი ეთიოპიაში აჩვენებს სახედრის პატრონს, როგორ ამოწმინდოს ინფექციის კერა სტერილურად

ვეტერინარია (ლათ. Veterinarius — საქონლის მომვლელი, მკურნალი), — ვეტერინარული მედიცინა, მეცნიერებათა სისტემა, რომელიც შეისწავლის ცხოველთა დაავადებებს, მათი თავიდან აცილებისა და მკურნალობის მეთოდებს, ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდის საკითხებს, შეიმუშავებს ადამიანის დაცვის ღონისძიებებს ცხოველისა და ადამიანის საერთო დაავადებებისგან.

ცნობები ცხოველთა დაავადებისა და მკურნალობის შესახებ ძვ.წ. IV ათასწლეულს განეკუთვნება. ძველ საბერძნეთში ცხოველებს მკურნალობდნენ ე.წ. „ჰიპიატრები“ (ლათ. hippos — ცხენი, latros — ექიმი). პირველად ტერმინი „ვეტერინარია“, იხმარა რომაელმა აგრონომმა და მეცნიერმა კოლუმელიამ (ახ.წ. I საუკუნე). 1761 წელს, ფრანგმა კ. ბურჟელამ დააარსა პირველი უმაღლესი ვეტერინარული სკოლა. 1807 წელს კოპენჰაგენში შეიქმნა პირველი ვეტერინარული საზოგადოება, 1863 წელს, ჰამბურგში ჩატარდა პირველი საერთაშორისო ვეტერინარული კონგრესი. 1808-1883 წლებში, პეტერბურგში ფუნქციონირებდა სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის ვეტ-განყოფილება.

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში სავეტერინარო დაწესებულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 1977 წელს გამოუშვეს 150-ზე მეტი დასახელების ვაქცინა (69), ჰიპერიმუნური შრატი და გლობულინი (16). სსრკ-ში ვეტერინარულ სამსახურს ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დასავლეთის ქვეყნებში ვეტსაქმის ორგანიზაციას სამი ფორმა ჰქონდა: სახელმწიფო და კერძო ვეტმომსახურება და დაზღვევის ვეტსაქმე. მსოფლიოს მეცნიერები გაერთიანებული იყვნენ საერთაშორისო ვეტერინარულ ასოციაციაში.

საქართველოში კარაბადინის სახით შემორჩენილ ქართულ ხელნაწერებში, რომლებიც ძირითადად XVII-XIX საუკუნეებს განეკუთვნება, აღწერილია ცხოველთა სხვადასხვა დაავადება, მათი მკურნალობის მეთოდები და საშუალებები. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოვლენილი და აღწერილია ცხოველის სამკურნალო 47 ქართული ხელნაწერი წიგნი, რომელთაგან 35 ეხება ცხენის დაავადებათა მკურნალობას. ერთ-ერთი წიგნის ფრაგმენტებში ძაღლის მოშენება, დაგეშვა და მკურნალობაა აღწერილი. 9 ხელნაწერში ფრინველის მოშენება და დაავადების მკურნალობის საკითხები. 2 ხელნაწერი ვეტრეცეპტურაა: ვახტანგ VI-მ, ბაგრატ ბატონიშვილმა, იოანე ბატონიშვილმა და სხვებმა დიდი წვლილი შეიტანეს ცხოველის სამკურნალო ხელნაწერი წიგნების შედგენასა და გავრცელებაში. 1818 წელს ბაგრატ ბატონიშვილმა პეტერბურგში, კერძო სტამბაში, საკუთარი სახსრებით გამოსცა თავისივე ქართულად ნათაგმნი და შეკრებილი წიგნი „სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა“. ეს იყო პირველი ქართული ვეტერინარული წიგნი.

XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში პირველი ვეტ-სამკურნალო დაწესებულება გაიხსნა, რითაც დაიწყო ბრძოლა ეპიზოოტიებთან. 1877 წელს საქართველოში მუშაობდა 4 ვეტექიმი და 20 ვეტფერშალი.

1907 წელს თბილისში დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი ვეტ-ლაბორატორია, რომელმაც საქართველოში მსხვილფეხა საქონლის პასტერელოზი. 1913 წელს აქვე მომზადდა ჯილეხის (ციმბირული წყლული) საწინააღმდეგო „ცენკოვსკის ვაქცინა“. 1918 წელს მ. ფარცვანიძის ინიციატივით ქუთაისში დაარსდა მსხვილფეხა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო სადგური, რომელიც 1919 წელს სოფელ ტაბახმელაში გადმოიტანეს. შემდეგ შეიქმნა საკავშირო დაქვემდებარების საქართველოს ბიოკომბინატი, 1928 წელს თბილისში გაიხსნა სავეტერინარო ტექნიკუმი, 1932 წელს დაარსდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი.

XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში ვეტერინარია საგრძნობლად განვითარდა. 2002 წელს, საქართველოში იყო 639 ვეტ დაწესებულება. იქიდან მოყოლებული, საქართველოში ყოველწლიურად მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა დიაგნოსტიკური გამოკვლევა, პროფილაქტიკური აცრა, დეჰელმინთიზაცია, სამკურნალო-პროფილაქტიკური დამუშავება, მეცხოველეობის პროდუქტებისა და საკვების ექსპერტიზა.

2005 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა კანონი „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ“. სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სამსახური (ახლანდელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო), რასაც მოჰყვა ვეტერინარული რეფორმა. შედეგად ძირეულად შეიცვალა ადრე არსებული ვეტდეპარტამენტის სტრუქტურა. ვეტერინარული მომსახურება ძირითადად გახდა ფასიანი, ცხოველთა დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა ტარდება ცხოველის მეპატრონის ხარჯით.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვეტერინარია“-დან