აბჟუა
აბჟუა (აფხ. Абжьуаа — „შუა“) — მხარე აფხაზეთის შუა ნაწილში, შემოსაზღვრული მდინარეებით კოდორითა და ღალიძგით. აფხაზეთის სამთავროს არსებობის უკანასკნელ პერიოდში ცალკე ადმინისტრაციული ოლქი იყო. ეჭირა დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
აბჟუა, საუფლისწულო აფხაზეთის სამთავროში XVIII საუკუნის I ნახევრიდან ჩნდება. იგი შეიქმნა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის სამთავრომ შეიერთა სამეგრელოს სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. აბჟუას პირველი გამგებელი იყო აფხაზეთის მთავრის ყვაპუ შარვაშჲძის ვაჟი ჯიქეშია, რომელსაც მამის მემკვიდრეობიდან სამთავროს შუა ნაწილი შეხვდა, საიდანაც მომდინარეობს ტოპონიმის ეტიმოლოგია. ზოგი მკვლევარი აბჟუას XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერის თხზულებაში მოხსენიებულ ეგრისწყალსა და კელასურს შორის მდებარე „შუა ქვეყანასთან“ აიგივებს. ეს მოსაზრება ისტორიულ მეცნიერებაში არ არის გაზიარებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 32.
- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 3.