შინაარსზე გადასვლა

შტეფენ კურტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტეფენ კურტი
Shtjefën Kurti
დაიბადა 24 დეკემბერი, 1898(1898-12-24)[1]
Ferizaj
გარდაიცვალა 20 ოქტომბერი, 1971(1971-10-20)[1] (72 წლის)
ალბანეთი
ხსენების დღე 5 ნოემბერი
მოღვაწეობა პრესვიტერი, vicar და parson

შტეფენ კურტი (ალბ. Shtjefën Kurti; დ. 24 დეკემბერი, 1898, პრიზენი — გ. 20 ოქტომბერი, 1971, ფუშე-კრუია) — ალბანელი კათოლიკე მღვდელი და საზოგადო მოღვაწე, რელიგიური დისიდენტი, კათოლიკური ეკლესიის მოწამე. კომუნისტური რეჟიმის დროს არაერთხელ გახდა რეპრესიების მსხვერპლი. დახვრიტეს ბავშვის ფარულად მონათვლის გამო.

დაიბადა მდიდარი კოსოვოელი ბიზნესმენის ოჯახში. საშუალო განათლება შკოდერის იეზუიტთა სკოლაში მიიღო. სწავლობდა ავსტრიასა და იტალიაში. განათლების მიღება განაგრძო ინსბრუკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე.

1924 წლის 13 მაისს კურტი რომში კათოლიკე მღვდლად აკურთხეს.

მსახურობდა ჯაკოვიცას კათოლიკურ სამრევლოში. იზიარებდა ალბანურ ეროვნულ-პატრიოტულ შეხედულებებს. 1929 წელს მან ხელი მოაწერა მიმართვას ერთა ლიგისადმი, რომელიც მოითხოვდა, რომ კოსოვოს ალბანელი მოსახლეობა იუგოსლავიის ხელისუფლების მხრიდან დევნისგან დაეცვათ. მოგვიანებით იგი სერბმა ნაციონალისტებმა მეტოჰიის რეგიონიდან გააძევეს, რის გამოც 1930 წლის 2 იანვარს ალბანეთში გადასახლდა.[2].

იყო ქალაქ კრუის, 1936 წლიდან კი ტირანას ვიკარი; 1938 წლიდან — ალბანეთის დედაქალაქის კათოლიკური მრევლის რექტორი და დედოფალ ჯერალდინას მოძღვარი.

მეორე მსოფლიო ომის დროს კურტი ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ტირანის მაცხოვრებლებს უწევდა დახმარებას. ამ საკითხებზე ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა იტალიისა და გერმანიის საოკუპაციო ხელისუფლებებთან. ასევე ეხმარებოდა ალბანელ ებრაელებს ნაცისტების დევნისგან თავის დაღწევაში.

ალბანეთის კომუნისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კურტიმ ახალი ხელისუფლებისგან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო, თუმცა უარყო, რადგან კომუნისტებს ანტიქრისტიანულ და ანტიეროვნულ ძალად თვლიდა. მას განსაკუთრებით აღაშფოთებდა ალბანელი კომუნისტების მაშინდელი კავშირი იუგოსლავიის რეჟიმთან. ენვერ ხოჯას კავშირები იოსიპ ბროზ ტიტოსთან მღვდელს კოსოვოელი ალბანელების ღალატად მიაჩნდა.

კურტი ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პირველად 1946 წლის 28 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი ედებოდა ოკუპანტებსა და ანტიკომუნისტურ მიწისქვეშა ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში. 1947 წლის 17 აპრილს სამხედრო სასამართლომ მღვდელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიუხედავად ძლიერი ზეწოლისა, მან ქრისტიანული რელიგია არ უარყო.

1963 წლის 5 მაისს 17 წლიანი პატიმრობის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს. მსახურება განაგრძო გურესის კათოლიკურ სამრევლოში.

1967 წელს ხოჯას რეჟიმმა ალბანეთი „მსოფლიოში პირველ ათეისტურ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. ქვეყანაში ნებისმიერი რელიგიის პრაქტიკა აკრძალული იყო და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას უტოლდებოდა. აღმსარებლობებს ჩამოერთვა რელიგიური შენობები. ზოგი მათგანი სახელმწიფოს გადაეცა, ზოგიც განადგურდა. გურესის კათოლიკური ეკლესიის დაცვის მცდელობისთვის შტეფენ კურტი ისევ დააპატიმრეს და 20 წლიანი იძულებითი შრომა მიუსაჯეს კოლმეურნეობაში.

1970 წელს კურტიმ ერთი დედის თხოვნით ფარულად მონათლა პატარა ბიჭი. ეს ფაქტი ალბანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების დირექტორატისთვის (სიგურიმი) გახდა ცნობილი (სავარაუდოდ დენონსაციის გზით). კურტი კვლავ დააპატიმრეს და სამხედრო სასამართლოს წინაშე 1970 წლის ივნისში წარადგინეს. მას ბრალი დასდეს არა მხოლოდ აკრძალული რელიგიური რიტუალის შესრულებაში, არამედ ანტიკომუნისტურ აგიტაციაში, პოლიტიკურ რეჟიმსა და კოლმეურნეობის სისტემაზე უარყოფითი განცხადებების გაჟღერებაში. სასამართლო პროცესის დროს კურტი მტკიცედ იდგა და არც შეწყალება უთხოვია. ის ამბობდა:

ვიკიციტატა
„მე ვემსახურები ქრისტეს და არ მეშინია სიკვდილის, რადგან უდანაშაულო ვარ.“

მღვდელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ხოლო რამდენიმე კოლმეურნეს, რომლებიც მასთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ, ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. დახვრიტეს 1971 წლის 20 ოქტომბერს. დაკრძალვის ადგილი უცნობია.

შტეფენ კურტის ამბავი მხოლოდ 1973 წელს გახდა ცნობილი. მისი ბედის შესახებ პირველი ინფორმაცია იტალიურმა ტელეკომპანია RAI-მ გაავრცელა. ამან ალბანეთის ხელისუფლების ტერორის წინააღმდეგ საერთაშორისო პროტესტი გამოიწვია.[3].

2002 წლის ნოემბერში შკოდრა-პულტის მთავარეპისკოპოსმა 40 ალბანელი კათოლიკე მოწამე დაასახელა, რომელთა შორის კურტიც აღმოჩნდა. 2016 წლის 26 აპრილს რომის პაპმა ფრანცისკემ ის კათოლიკური ეკლესიის წამებულთა შორის შერაცხა.[4].

კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ერთ-ერთი ალბანური სოფლის სკოლას შტეფენ კურტის სახელი ეწოდა.

  1. 1.0 1.1 GCatholic.org — 1997.
  2. Dom Shtjefën Kurti — 110 vjetori i lindjes, 24.12.1898 — 24.12.2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-11. ციტირების თარიღი: 2016-08-29
  3. Don Shtjefën Kurti/ Si u pushkatua prifti katolik. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-08-29.
  4. Martyrs Killed in odium fidei under Communist Regimes in Eastern Europe. VINÇENC PRENNUSHI AND 37 COMPANIONS FROM THE LATIN AND ALBANIAN GREEK CATHOLIC CHURCHES OF ALBANIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-06. ციტირების თარიღი: 2016-08-29
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შტეფენ_კურტი“-დან