შორეთის სამონასტრო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შორეთის სამონასტრო კომპლექსი
Shoreti Monastery Cover Image.jpg
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
რაიონი ასპინძის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

შორეთის სამონასტრო კომპლექსი — ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთის ჩრდილოეთით 5-6 კმ-ზე.

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შორეთის სამონასტრო კომპლექსი სამხრეთ საქართველოში, ოთხი ისტორიული პროვინციის - სამცხის, ჯავახეთის, თორისა და თრიალეთის საზღვარზე, ასპინძისხევში მდებარეობს, დაბა ასპინძიდან 11 კილომეტრში.

მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ასპინძისხევს, სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივ საზღვარს. მდინარე სანისლოს (ოთისწყლის) მარცხენა სანაპიროს ციცაბო, კლდოვანი მთები წარმოადგენენ, თრიალეთში ბილიკები შავი კლდის მიმართულებით გადის, კლდეკარს (კლდეში გაჭრილ საურმე გზას) ციხისჯვრისაკენ (თორი) მივყავართ, გზა აქ კოდიანზე (შარვაშეთის ქედზე) გადადის.

ასპინძისხევი ციხესიმაგრეთა მძლავრი სისტემით იყო დაცული; თორის მხრიდან ვარაზის ციხით, ჯავახეთის მხრიდან შორეთისა და ზემო ინთორის ციხეებით, ფეოდალურ რეზიდენციას ოთის ციხე წარმოადგენდა და სამცხიდან შემოსასვლელს იცავდა. საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთი შეინიშნება აგარასთან. თორს საკუთრივ ციხისჯვრის ციხე იცავდა, სამცხეს ჩიტიკიბეების მიუდგომელი ციხესიმაგრე, ასპინძას - ასპინძისციხე, ჯავახეთს - კოხტასციხე.

ოთის ციხე

ციხესიმაგრეთა მთელი ეს სისტემა უშუალოდ და სათვალთვალო კოშკების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთმანეთს. ეს უპირველესად გათვლილი იყო გარეშე მტრის მოსაგერიებლად.

ხევი განსაკუთრებულად მდიდარია ეკლესია-მონასტრებით: აგარის ეკლესია (ყიზილ-დერესა), ღართის, სანისლოს, ოთის მარიამ წმიდის, ჭაბიეთის, ქვემო ინთორის ეკლესიები, ბეთლემისა და შორეთის მონასტრები.

შორეთის მონასტერი ასპინძისხევის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს, სოფელ ოთიდან 5-6 კმ-ის მოშორებით. სამანქანო გზა რესტავრაციის დასაწყებად 1990-1991წწ. იქნა მიყვანილი ძეგლამდე. მანამდე კი სანისლოსა და შოლოთისწყლის ხერთვისთან იწყებოდა ციცაბო, ტყიან კლდეებზე წყალაღმა მიმავალი ვიწრო საცხენოსნო ბილიკი.

მდინარის სათავესთან, სამი მხრიდან მაღალი მთებით, ნაკადულებით, ნაძვნარითა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმულ მდელოზე დგას შორეთის სამონასტრო კომპლექსი, მოჩუქურთმებული თლილი ქვის პერანგით, იშვიათი დეკორით, მოზაიკით შემკული, არქიტექტურულად თავისთავად საინტერესო ძეგლი. ჩრდილოეთიდან მაღალი, მიუდგომელი ციხე-კოშკითა და სამლოცველოთი დაგვირგვინებული ფრიალო კლდე გადმოჰყურებს.

ისტორიული მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) სამცხე-საათაბაგოს "საჩინო ადგილების" აღწერისას ასპინძისხევის მდებარეობას ასე განსაზღვრავს: "მტკვარს აღმოსავლეთიდან ერთვის ასპინძისჴევი, გმოსდის კოდიანის ანუ ჯავახეთის მთას...". "ამავე ჴევზედ ოთას, არს კლდესა შინა გამოკვეთილნი ქვაბნი დიდ-დინი სახიზრად...". "ასპინძისჴევის სათავეზედ, მთის ძირში, არს შორაპანს მონასტერი უგუნბათო, შუენიერს ადგილას, დიდშენი, სრულიად სოფიის კენჭით და აწ ცარიელი."

1849 წელს ფრანგმა ქართველოლოგმა - აკადემიკოსმა მარი ბროსემ დიდთოვლობის დროს იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში. მეგზურად ახლდა გამაჰმადიანებული ქართველი თავადი ქამილ-ბეგი. საინტერესოა მისი ბროსესეული დახასიათება: "ჯერ ახალგაზრდა, მაგრამ სამშობლოს დაცემისგან მორალურად განადგურებული...". ძეგლის სანახავად სანადირო ბილიკებით მუხლამდე თოვლში ასულმა მკვლევარმა საყურადღებო ცნობები და მათ შორის რელიეფებისა და ორი ლაპიდარული წარწერის აღწერილობა დაგვიტოვა. აღნიშნული წარწერები დაკარგულად ითვლებოდა მთელი საუკუნის მანძილზე და ბოლოს 1987-1991 წწ. ასპინძისხევში ექსპედიციის მიერ კვლავ იქნა ნაპოვნი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსში შედის: ეკლესია (გაირჩევა მშენებლობის სხვადასხვა ქრონოლოგიური ფენა) და სამრეკლო. ეკლესია ორსართულიანია. ძირითადი ნაწილი (II სართული) შიგნით ჯვაროვან სივრცეს ქმნის. ეს არის თავისებური ტიპის, გეგმით საგრძნობლად წაგრძელებული დარბაზი. I სართულს სამხრეთით აქვს კარიბჭე, რომელიც XV საუკუნეში სამრეკლოსთვის გამოუყენებიათ - სამხრეთი მიმართულებით იგი გაუდიდებიათ და ზედ სამრეკლო 9-მალიანი ფანჩატური დაუდგამთ. სამრეკლოს ორივე სართული ქვიშისფერი თლილი ქვითაა ნაგები. სამხრეთ ფასადზე სამი თაღით შექმნილი კომპოზიციაა. ეს არის 8-წახნაგა ბოძზე დაყრდნობილი ორი თაღოვანი მალით შექმნილი შესასვლელი, რომლის ზემოთ მესამე თაღია. ფანჩატურის თაღები მოჩუქურთმებულია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]