შაორის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შაორი.
ჯავახეთის ძველი სიმაგრეები
შაორის ციხე

ხედი შაორის ციხიდან ფარავნის ტბაზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°29′06″ ჩ. გ. 43°44′44″ ა. გ. / 41.485111° ჩ. გ. 43.745806° ა. გ. / 41.485111; 43.745806
შაორის ციხე — საქართველო
შაორის ციხე
შაორის ციხე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
შაორის ციხე
შაორის ციხე — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
შაორის ციხე

შაორი ნამოსახლარი და სიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის პლატოზე, ფარავნის ტბასთან, სოფელ ტამბოვკის ჩრდილო-დასავლეთით.[1]

შაორის სახელით ცნობილი სოფლის გარდა ცნობილი ყოფილა აგრეთვე შაორის ციხე და შაორისწყალი:

ვიკიციტატა
„კვალად ამ ტბას (ფანავრის) ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გამომდინარი კლდიდამ...“
ვიკიციტატა
„ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი...“
ვიკიციტატა
„კვალად არს შავნაბადი შაორსა და თავკვეთილს შუა.“

[2]

ივანე როსტომაშვილის ცნობით ამ შაორის ციხეს შემდეგში დარქმევია „ქოროღლის ციხე“ [3].

შაორის სიმაგრე ფარავნის ტბის სიახლოვესაა, მის ჩრდილო–დასავლეთ მყოფ კლდოვან მთაზე, ზღვის დონიდან 2752 მ. სიმაღლეზე.

შაორის ციხის აშენება დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, განპირობებული უნდა იყოს მთის მიუვალობით და მორენული ღვარით, რომლითაც დაფარულია თხემი და მთის კალთები. სიმაგრისათვის საშენი მასალა აქ ადგილზევეა. ამ ქვების შერჩევით და ერთმანეთზე მორგებით შესაძლებელია საკმაოდ მყარი კედლების ამოყვანა.

შაორის, იგივე ქოროღლის მთა

ჯავახეთის სხვა სიმაგრეებთან შედარებით, შაორზე ჯერაც კარგად იკითხება გაცილებით რთული ნაგებობანი. ქვედა გალავანში დაყოლებული შესასვლელით ავდივართ სიმაგრის იმ ნაწილში, რომელიც ამავე მთის უფრო დაბალ თხემზეა მოწყობილი. გალავნის შიგნით აქ რამდენიმე სათავსია. ლოდოვანებზე სიარულის გასაადვილებლად აქედან ზევით, სამ მეტრამდე სიგანის ბრტყელი ქვებით ნაწყობი გზა მიემართება, რომლის გასწვრივ სამალავი ბლინდაჟებია გამართული. სიმაგრის მთავარ ნაწილს ე.წ. „ზედა ციხე“ წარმოადგენს. ესაა გალავანი ერთი, დაბალი შესასვლელით, რომლის შიგნითაც მიშენებულია ერთი, ან ორსართულიანი სადგომები. მათი რაოდენობა ორ ერთეულს აღემატება. მშრალად ნაწყობი კედლის სიმაღლე ზოგან 4 მ–ია, სიგანე 3 მ–მდე აღწევს. გალავნის შიდა სადგომთა უმეტესობას ცალკე შესასვლელი აქვს, ზოგს კი ერთმანეთთან კარი აკავშირებს.

გალავნის გარეთაც კარკნალში დარან-სამალავთა მთელი ჯგუფია. არსად ჩანს საისრე–სამზერები, წყალიც მთის ძირში იქნებოდა. სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო სოფ. შაორი, რომლის სახელს მიიღებდა მთაცა და სიმაგრეც. [...] მოსახლეობის მიერ შაორის სიმაგრის გამოყენებაზე შემდგომ ხანებში მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ XIX საუკუნის მიწურულს იქაურ ერთ სენაკში ორი ქვაჯვარი უნახავთ.[4]

შიდა ციხე

შაორი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყოფილა, რომელიც დაცული იყო მის თავზე მდებარე შაორის ციხით. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ათონის მონასტრის #53 ეტრატის ხელნაწერი, რომელიც აფხაზთა მეფის ბაგრატისა და ქართველთა კურაპალატის ბრძანებით არის დაწერილი „დასაბამიდგან წელთა ხ~ქზ, ქრ~კსა: სკბ: ... (1002წ) შორს ...ჴელითა აკვილა მტბევრისაჲთა, დაწერილ უნდა იყოს ფარავნის ტბის სანახებში მდებარე შაორში [5]

როგორც ცნობილია, სარო მიჩნეულია „ქალაქურ დასახლებად“. რას წარმოადგენდა სოციალური თვალსაზრისით შაორი და აბული – ეს ჯერ კიდევ საკვლევია, მაგრამ ისინი რომ მუდმივი საცხოვრებლები ყოფილიყვნენ, ნაკლებ სავარაუდოა (ბუნებრივი პირობების გამო). ისინი შეიძლება წარმოვიდგინოთ ტომობრივ ბელადთა დროებით თავშესაფრად შიშიანობის დროს, სადაც თავს აფარებდა მისი მხლებლებ-მსახურებისა და მოსახლეობის ნაწილი [6] შესაძლოა, აქვე ტარდებოდა საკულტო რიტუალებიც, რასაც არქეოლოიური შესწავლა თუ გაარკვევს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნარიმანიშვილი გ., შანშაშვილი ნ., კვაჭაძე მ., თრიალეთი : კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, თბ., 2018. — გვ. 271–274.
  2. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1941, გვ. 43
  3. ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 349
  4. ლ. მელიქსეთ–ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ. 72
  5. ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 349
  6. დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 194