ივანე როსტომაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ როსტომაშვილი.

ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1852, სოფ. კურდღელაური, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 24 აგვისტო, 1924, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, ჟურნალისტი, მწიგნობარი, ენციკლოპედისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველდაწყებითი განათლება თელავში მიიღო, შემდეგ დაამთავრა დედოფლისწყაროში არსებული სამხედრო სკოლა. სასწავლებელში გამეფებულმა რეჟიმმა, ქართული ენის აშკარა დევნამ და ყაზარმულმა წესმებმა, სამხედრო კარიერის სურვილი დაუკარგა ახალგაზრდა კურსდამთავრებულს და 1870 წელს შევიდა თბილისის საოსტატო სემინარიაში, რომელიც შემდეგ ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუად გადაკეთდა. სწორედ ეს ინსტიტუტი დაამთავრა 1874 წელს და საინგილოში დაინიშნა მასწავლებლად. აქედან იწყება ი. როსტომაშვილის სიძნელეებით აღსავსე პედაგოგის გზა. სადაც უნდა ყოფილიყო იგი, ყველგან ხალხისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა და თავის უანგარო მოღვაწეობით უბრალო ადამიანების სიყვარულს იმსახურებდა. ასე, მაგალითად საინგილოსა და თელავში გახსნა საკვირაო კურსები მოზრდილთათვის, რომელთაც უფასოდ ასწავლიდა წერა-კითხვას; ახალქალაქში, ფოტოაპარატით ხელში აფიქსირებდა გაქრობის პირას მისულ ძეგლებს. ეს მასალა მან გამოსცა ჯერ რუსულად, შემდეგ ქართულად. ამ გამოცემებმა ფართო საზოგადოების და მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილისა და მოსე ჯანაშვილის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ამასთან არც პედაგოგიური მოღვაწეობა მიუტოვებია. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. მისი მართლაცდა მჩქეფარე ენერგია ყველაერს წვდებოდა. სად არ იბეჭდებოდა ი. როსტომაშვილის წერილები, ნარკვევები, პედაგოგიური თუ შემეცნებითი ხასიათის სტატიები, არქეოლოგიური გამოკვლევები, საბავშვო მოთხრობები, ლექსები, ზღაპრები. მან აგრეთვე გამოსცა „არითმეტიკული ამოცანები სახალხო სკოლებისათვის და მშობლებისათვის“, „შინაური საქონელი და მისი გონიერი მოვლა-მოშენება“, „ახალი მიმართულება სამკურნალო მეცნიერებაში“, მშვენიერი ალბომი „ქართველთა ტომი“, „ქართული კალენდარი“, „რისგან სნეულდებიან და იხოცებიან ჩვენი ბავშვები“ და სხვა. ტყუილად როდი უწოდა ილიამ როსტომაშვილს „ჩვენი ფუტკარი“. ამადგარ მამულიშვილს ეკუთვნის ჩვენში ენციკლოპედიის გამოცემის პირველი ცდები. მანვე შეადგინა და გამოსცა ქართული ენციკლოპედიი რამდენიმე ნაკვეთი, თარგმანები და მისივე წინასიტყვაობით გამოჩენილ მეცნიერთა და პედაგოგთა თხზულებანი. ივანე როსტომაშვილს ეკუთვნის ასევე პირველი სახელმძღვანელოები პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში, რომლის შესავალი წერილის ავტორია აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე.

რევოლუციის შემდეგ ახალქალაქელებმა მიიწვიეს და ახლადგახსნილ გიმნაზიაში პირველი დირექტორობა შესთავაზეს. აქ მან სამი წელი დაჰყო. შემდეგ ცოტა ხნით კახეთშიც იყო და ბოლოს თბილისში, სადაც, ასაკის მიუხედავად, მთლიანად საზოგადოებრივ საქმინობას მიეცა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. საფლავის ქვა გამოკვეთილია იაკობ ნიკოლაძის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 314, თბ., 1994