სანდრო შანშიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შანშიაშვილი, სანდრო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო შანშიაშვილი
Sandro Shanshiashvili.jpg
დაბ. თარიღი 12 (24) ივლისი 1888
დაბ. ადგილი ჯუგაანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 28 ოქტომბერი 1979(1979-10-28) (91 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა დრამატურგი და პოეტი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ჯილდოები სტალინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და ხალხთა მეგობრობის ორდენი

სანდრო ილიას ძე შანშიაშვილი (დ. 12 ივლისი, 1888, სოფ. ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი — გ. 28 ოქტომბერი, 1979, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ გაემგზავრა ევროპაში, სწავლობდა ციურიხში, ბერნში, ბერლინში, ხოლო 1914 წელს დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

პირველი ნაბიჯები მწერლობაში ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს გადადგა. გიმნაზიაში გამოსცა და რედაქტორობდა ჟურნალ „ჩანგს“, რის გამოც დააპატიმრეს და სამი თვე მეტეხის ციხეში ამყოფეს. პირველი ლექსი გამოქვეყნდა გაზეთ „ისარში“ 1906 წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული „სევდის ბაღი“ 1909 წელს. აქედან მოუოლებული აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ საქმიანობაში და სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1914 წელს გამოსცა გაზეთი „საქართველო“, 1917 წელს ჟურნალი „მერანი“.

სანდრო შანშიაშვილი ორმოცი წლის მანძილზე მხარში ედგა ქართულ თეატრს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში, რომელთანაც დრამატურგმა ეს კავშირი ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე დაამყარა, როდესაც მის სცენაზე დაიდგა მისი ორი პიესა — „უგვირგვინო მეფენი“ და „ბერდო ზმანია“. სწორედ ამ უკანასკნელი სპექტაკლის დადგმით დაიწყო ტრიუმფალური სვლა სანდრო ახმეტელმა.

სანდრო შანშიაშვილის კალამს ეკუთვნის 30-მდე სხვადასხვა ჟანრის დრამატული ნაწარმოები, მათ შორის: „სპატაკი“, „ჰერეთის გმირები“, „როდამ“, „ანზორი“, „სამნი“, „არსენა“, „ფოლადაური“, „გიორგი სააკაძე“, „კრწანისის გმირები“ და სხვა. მასვე ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „ლატავრასა“ და დ. არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ ლიბრეტო. აღსანიშნავია აგრეთვე მწერლის მთარგმნელობითი საქმიანობა. მან გაამდიდრა ჩვენი თეატრი კლასიკური რეპერტუარით, შილერის, გოგოლის და სხვათა ნაწარმოებებით.

მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — მარიამ იოსების ასული კასრაძე (დ. 15 აპრილი, 1905, ცხინვალი — გ. 25 მარტი, 1964, თბილისი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994