ახირებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ახირებული“ — ყოველკვირეული, იუმორისტული ჟურნალი კარიკატურებით. გამოვიდა ორი რვეულის სახით.

გამოცემის ადგილი, სტამბა და რედაქტორის გვარი არ არის აღნიშნული, მითითებულია ფსევდონიმებით: ეშმაკი და თაგუნა. ცნობილია, რომ „თაგუნა“ შალვა შარაშაძის ფსევდონიმია ხოლო „ეშმაკი“ — ნესტორ კალანდაძისა (გ. ჭოხონელიძის ცნობით, ამ ფსევდონიმით იბეჭდებოდნენ ასევე კაპიტონ გოგოლაძე და არჩილ ჯაჯანაშვილი). ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა წერილიხელმოუწერელია აქ იბეჭდება ფელეტონები, შარადები, ლექსები ძირითადად უსათაუროდ „ახირებული“, პირველ ყოვლისა საინტერესოა კარიკატურებით, რომლებიც დამოუკიდებლადაც გვხვდება და ტექსტის ამხსნელადაც. ამასთან, ხან სრულად გამოხატავს ავტორის ჩანაფიქრს, ხანაც — ნაწილობრივ, მაგალითად, პიესა „ინფორმაცია“ დასურათებულია კარიკატურებით, რომლებიც ავტორის სათქმელს თვალსაჩინოდ და, მეტი სიმძაფრით გამოხათავს. პოლიტიკური სატირა ჟურნალის მთავარი ხელწერაა. ამ მხატვრულ ხერხს ავტორები ხშირად მიმართავენ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური თემების შარჟულად წარმოჩენისათვის. ლექსებში: „პეპელა“ „ოთარიანი“ გაშარჟებულია პარლამენტი, მისი წევრები და სხდომების მიმდირნრეობა. იუმორისტების მიერ „გამათრახებულ“ პოლიტიკოსთა შორის საერთაშორისო პოლიტიკის წარმმართველებიც ხვდებიან. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალში იბეჭდება იუმორისტული წერილი, თითქოს რუზველტი ოცნებობდა, გამხდარიყო სომხეთის პრეზიდენტი და არ დასცალდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შამილაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 51.
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947;