ქებათა ქება ნიკორწმინდას

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ქებათა ქება ნიკორწმინდას“გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, რომელიც დაწერილია 1947 წელს.

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაუწყია გალაკტიონს წიგნის წერა, რომელსაც „ქართული ორნამენტი“ უნდა დარქმეოდა. პოეტის მრწამსით, „ენით გამოხატულ სიბრძნეს — გამოხატავს ხელოვნება, არა მარტო სიტყვიერი, არამედ უენოც, ქვაც, ხუროთმოძღვრება“. ამ „უენო“, მაგრამ პოეზიის ენაზე ამეტყველებული ნიკორწმინდის ტაძრის ქებას აღავლენს პოეტი თავის ლექსში.[1] თუმცა, ეს პოეტური ქმნილება მხოლოდ XI საუკუნის ცნობილი ისტორიული ტაძრის განსადიდებლად დაწერილი ნაწარმოები როდია, იგი საერთოდ მთელი ქართული ხუროთმოძღვრების ხოტბასაც წარმოადგენს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისადმი გალაკტიონის ასეთი დამოკიდებულება რომ შემთხვევითი არაა, ამას გალაკტიონის მიერ საკუთარი შემოქმედების საგულისხმო თვითშეფასებაც აშკარად ადასტურებს: ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებსო.[2]

ლექსის შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარი

1947 წელს გალაკტიონი დასასვენებლად კურორტ შოვში იმყოფებოდა. კურორტის ხელმძღვანელობა თავს არ ზოგავდა პოეტისთვის კარგი პირობების შესაქმნელად. ხელმძღვანელობის დავალებით ნიკორწმინდელ მოხუც დურგალს - ნიკოლოზ ვაჩაძეს გალაკტიონისთვის ტყეში, მუხის ქვეშ, მაგიდა გაუკეთებია „დიდის გულმოდგინებით“ და მასთან მისასვლელი ბილიკიც გაუყვანია. პოეტი იგონებს: „ამგვარად, ჩემს განკარგულებაში იყო ახალთახალი ხეივანი, ჩემთვის სრულიად საკმარისი დაფიქრებისა და მოგონებებისათვის“.[2] დურგალი მაგიდის კეთებისას გატაცებით უყვებოდა გალაკტიონს ნიკორწმინდის ტაძრის ჩუქურთმების შესახებ. მოსმენილით მოხიბლული გალაკტიონი დაჰპირდა ნიკოლოზს, რომ ამ მაგიდაზე დაწერდა რამეს ნიკორწმინდის შესახებ.[3][1] „მე ეს დაპირება შევასრულე, ვინაიდან მე ჩვეული არა ვარ დაპირების არ ასრულებას. სახალხო პოეტების სიტყვა ყოველთვის საქმეა. იმ დღესვე დავწერე „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, — ამთავრებს ლექსის შექმნასთან დაკავშირებული ამბის თხრობას გალაკტიონი.[2]

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი აღარაა ვახტანგ ჯავახაძის სიტყვები: „ჩემთვის ნიკორწმინდა ყველაზე მაღალი ტაძარია,— სადღაც მაღლა, ვარსკვლავებთან ამაღლებული,— როგორც ქობულაძის ქაჯეთის ციხე და... პირველად რომ ნამდვილი ნიკორწმინდა ვნახე, გავოცდი. თითქოს მომატყუეს, ციდან მიწაზე ჩამომიყვანეს და ცივი წყალი გადამასხეს! საინტერესოა: თვითონ რომ ენახა, რას იტყოდა?! დიახ! დიახ! გალაკტიონს ნიკორწმინდა არ უნახავს!!!“[3] გალაკტიონმა მხოლოდ დურგლის ნაამბობის გონებაში რეალიზებით შექმნა ნიკორწმინდის სახე და ასე აღავლინა მისი ხოტბა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვიოლეტა ცისკარიძე (1981). „ორიოდე რჩევა“, რედ. თამარ კვაჭანტირაძე: ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, №4, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სამეცნიერო პედაგოგიურ ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ ყოველკვარტალური დამატება, თბილისი: საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობა. 
  • ნოდარ გრიგალაშვილი (2004). რედ. ამირან გომართელი: სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები, მეოთხე გამოცემა, თბილისი: "უნივერსალი". ISBN 99940-32-02-X. 
  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი (2004). ქართული ლიტერატურა, XI კლასი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერიტეტი. ISBN 99928-79-37-8. 
  • გიორგი მარსაბიშვილი (1981). „ნიკორწმინდა“, რედ. თამარ კვაჭანტირაძე: ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, №4, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სამეცნიერო პედაგოგიურ ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ ყოველკვარტალური დამატება, თბილისი: საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობა. 
  • გრიგოლ რობაქიძე (1989). „გალაკტიონ ტაბიძე და მისი „ქებათა ქება ნიკორწმინდას““, რედ. ნ. სუხიტაშვილი: გალაკტიონ ტაბიძე: რჩეული. თბილისი: "განათლება". ISBN 5-505-00156-4. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]