შინაარსზე გადასვლა

გალაკტიონ ტაბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გალაკტიონი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გალაკტიონი (მრავალმნიშვნელოვანი).
გალაკტიონ ტაბიძე
დაბადების თარიღი 5 (17) ნოემბერი, 1891
დაბადების ადგილი ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი)
გარდაცვალების თარიღი 17 მარტი, 1959(1959-03-17)[1] [2] [3] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1]
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკას დროშა ადფრ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია
ჯილდოები ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი
მეუღლე ოლღა ოკუჯავა[4]
ხელმოწერა

გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი [ძვ. სტ. 5 ნოემბერი], 1891 ან 18 ნოემბერი [ძვ. სტ. 6 ნოემბერი], 1892 — გ. 17 მარტი, 1959) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900-08 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1908-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და დააარსა ხელნაწერთა ჟურნალი „შუქი“. 1910-11 წლებში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“. თბილისში გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ (1914) და „არტისტული ყვავილები“ (1919) ტაბიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანეს. 1918 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა თბილისში. 1921 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. გალაკტიონ ტაბიძე იყო „მნათობის“ (1924) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1927 წელს თბილისში გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს იგი მონაწილეობდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონ ტაბიძემ იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა. ეს იყო რომანტიკული სამყარო, სადაც პოეტმა მინიშნების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები. ამ მხრივ გალაკტიონ ტაბიძის პოეზია ორგანულად ეფუძნებოდა და აგრძელებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებით ტრადიციებს. გალაკტიონ ტაბიძემ განიცადა უცხოელ რომანტიკოსთა, ფრანგ და რუს სიმბოლისტთა გავლენა. პოეზია გალაკტინისთვის იყო ერთადერთი სფერო, რომელიც არ ემორჩილებოდა სიზმარეული სამყაროს მსწრაფლწარმავლობას — იგი სიკეთით სავსე, მშვენიერი და მარადიული იყო. მაგრამ სიკეთეს, მშვენიერებას და ჰარმონიას პოეტმა არა მხოლოდ შემოქმედების, არამედ სინამდვილის, რეალობის სფეროშიც მიაკვლია.

ტაბიძის შემოქმედების დასაწყისი XX საუკუნის 10-იან წლებზე მოდის ეს იყო პერიოდი, როცა ლირიკაში კვლავ განუყოფლად ბატონობდა აკაკი წერეთლის ავტორიტეტი. უხვად მომადლებული პოეტური ნიჭის წყალობით გალაკტიონმა ქართული პოეტიკა ახალ ეტაპზე დააყენა. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ამ ხნის მანძილზე არ მოსულა არც ერთი პოეტური თაობა, რომელსაც მისი გავლენა არ განეცადოს. თანამედროვე ქართულ პოეზიაში ტაბიძის ავტორიტეტი კვლავ განუყოფლად ბატონობს და დღესაც გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისებრივად ახალი, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

ბიოგრაფია

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს“. 1924 წელს იგი იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილობა შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემოქმედება

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები „კავკასიონი“, „ბედი ქართლისა“ და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია „მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში“, რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

ხსოვნა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • თვარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 634-635.
  • ასათიანი გ., „თანმდევი სულები“, თბილისი, 1983
  • ტაბიძე ნ., „გალაკტიონი“, თბილისი, 1982
  • თვარაძე რ., „წერილები, ლეგენდა გალაკტიონის ცხოვრებისა“, თბილისი, 1979
  • კვესელავა მ., „პოეტური ინტეგრალები. გალაკტიონ ტაბიძე და თანამედროვე პოეზია“, თბილისი, 1977
  • ჩხენკელი თ., „წერილები“, თბილისი, 1972
  • ლორთქიფანიძე ი., „გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების ქრონიკა“, თბილისი, 1968
  • ჭილაია ს., „გალაკტიონ ტაბიძის პოეზია“, თბილისი, 1951

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო