ქარიმ პაკრადუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქარიმ პაკრადუნი
სომხ. Քերիմ Բագրատունի
არაბ. كريم بقرادوني
დაბადების თარიღი 18 აგვისტო 1944 (77 წლის)
დაბადების ადგილი ბეირუთი, ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
განათლება წმინდა იოსების უნივერსიტეტი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
პარტია ქათაიბი
ძირითადი იდეები ფალანგიზმი,
ნაციონალიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი, პოლიტოლოგი
პარტია ქათაიბის თავმჯდომარე 2001—2007 წწ.
მამა მინას პაკრადუნიანი
დედა ლურ შალიტა
მეუღლე/ები მონა პაკრადუნი
შვილ(ებ)ი ჯიჰად პაკრადუნი
ჯავად პაკრადუნი

ქარიმ პაკრადუნი (არაბ. كريم بقرادوني, სომხ. Քերիմ Բագրատունի ); 1944 წლის 18 ოქტომბერი, ბეირუთი), ასევე ქარიმ ბაგრატუნი —სომხური წარმოშობის ლიბანელი პოლიტიკოსი, პოლიტიკის მეცნიერი და იურისტი ლიბანის პრეზიდენტების —ილიას სარკისის და ემილ ლაჰუდის მრჩეველი. მემარჯვენე ქრისტიანული მხრიდან სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. 2001-2007 წწ.—პარტია ქათაიბის თავმჯდომარე. წარმოადგენს ლიბანის ქრისტიანული საზოგადოების "არაბულ" და პროსირიულ წრეებს.[1][2]

ლათინიზირებული სომეხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბეირუთში, ბურჯ ჰამუდის სომხურ უბანში. ქარიმ პაკრადუნის მამა ეთნიკურად სომეხი და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი იყო, დედა—ლიბანელი  მარონიტი. მინას პაკრადუნიანი უფროსი სირიის გავლით თურქეთიდან  ლიბანში გადავიდა. ოჯახს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებთან. ქარიმ პაკრადუნმა დედის რელიგია მიიღო და  ითვლება ლათინიზირებულ სომეხად.[3] საშუალო განათლება მან ფრანგულენოვან იეზუიტთა კოლეჯში, Notre Dame de Jamhour- ში მიიღო. 1968 წელს დაამთავრა წმინდა იოსების უნივერსიტეტი. სწავლობდა სამართალს, ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს. პროფესიით იურისტი და პოლიტიკის მეცნიერება.[4]

ფალანგისტი - "არაბისტი"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს, ჯერ კიდევ მოზარდი ქარიმ პაკრადუნი შეუერთდა  ფალანგისტურ პარტია ქათაიბს. იგი სწრაფად გახდა პარტიის აქტივისტი, 1968 წელს ხელმძღვანელობდა ფალანგისტების სტუდენტურ ორგანიზაციას, 1970 წლიდან —უმაღლესი პარტიული ხელმძღვანელობის წევრი.

ქათაიბში პაკრადუნის განსაკუთრებული პოლიტიკური თანამდებობა ეკავა, რაც ზოგადად არ იყო დამახასიათებელი ჯემაიელის პარტიისთვის. ნახევრად სომეხი, ლიბანელი ნაციონალისტი და მარონიტი კათოლიკე, ის მხარს უჭერდა აქტიურ დიალოგს და თანამშრომლობას არაბულ პოლიტიკურ ძალებთან —მემარჯვენე რადიკალიზმისა და ანტიკომუნიზმის საერთო პლატფორმაზე. 1969 წელს, ქათაიბის სტუდენტური დელეგაციის სათავეში, პაკრადუნი იორდანიაში შეხვდა  იასირ არაფატს. პაკრადუნის პოლიტიკურ ხაზს ახასიათებდნენ, როგორც "არაბისტულს".[5]

სამოქალაქო ომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარიმ პაკრადუნი აქტიურად მონაწილეობდა ლიბანის სამოქალაქო ომში, როგორც მემარჯვენე ქრისტიანული ფალანგისტული ფორმირებების მეთაური. პაკრადუნი იყო ლიბანის ფრონტის კოალიციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ლიბანის ძალების გაერთიანებული ქრისტიანული მილიციის სამხედრო სარდლობაში. ბრძოლის დროს, ის მჭიდროდ ურთიერთობდა სომხურ რაზმებთან, ბევრი რამ გააკეთა მათ მემარჯვენე ქრისტიანების მხარეზე გადასაყვანად. იგი იყო ფალანგისტთა მილიციისა და „ლიბანის ძალების“ მეთაურის, ბაშირ ჯემაიელის ოპერატიული მრჩეველი. ჯემაიელის მეთაურობით იგი ხელმძღვანელობდა სომხებთან სამხედრო თანამშრომლობას და უცხოურ არაბულ წრეებთან პოლიტიკურ კონტაქტებს.[6]

იგი იყო  ლიბანის პრეზიდენტის ილიას სარკისის (1976-1982), რომელიც ასევე ლიბანელი სომეხი გახლდათ,  პოლიტიკური მრჩეველი. ქარიმ პაკრადუნი აგრეთვე არჩეული პრეზიდენტის ბაშირ ჯემაიელის პოლიტიკური მრჩეველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ბაშირი  თანამდებობის დაკავებამდე ტერაქტის შედეგად დაიღუპა.

პალესტინური წყაროების მიხედვით, ქარიმ პაკრადუნი მონაწილეობდა საბრასა და შატილაში  გამართულ ხოცვა-ჟლეტაში. თავად პაკრადუნი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში ქარიმ პაკრადუნმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ლიბანის ძალების“ სარდლების შიდა დაპირისპირებაში. 1985 წელს მან მხარი დაუჭირა ელი ჰობეიკასა და სამირ ჯააჯას აჯანყებას ფუად აბუ ნადერის წინააღმდეგ. შემდეგ, 1986 წლის დასაწყისში, იგი ჯააჯას მხარეს აღმოჩნდა, ელი ჰობეიკასთან შეიარაღებულ კონფლიქტში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამოქალაქო ომის დამთავრებამდე, პაკრადუნი სამირ ჯააჯას შეუერთდა.

„ქათაიბის“ პროსირიელი თავმჯდომარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ 1990 წელს, სირიამ ლიბანის ოკუპაცია მოახდინა.  ქარიმ პაკრადუნი , როგორც "არაბისტი", არ იყო მისი მოწინააღმდეგე (საინტერესოა, რომ ანტისირიული პოზიცია დაიკავა სამირ ჯააჯამ, პაკრადუნის მოკავშირემ, ხოლო ჰობეიკა, მათი მოწინააღმდეგე, აქტიურად მოქმედებდა სირიის მხარეს). თუმცა 1994 წელს სამირ ჯააჯას დაპატიმრების შემდეგ, პაკრადუნი იძულებული გახდა რამდენიმე წლით  პოლიტიკას ჩამოშორებოდა.

მან განაახლა თავისი პოლიტიკური საქმიანობა 1990 -იანი წლების ბოლოს, როდესაც სირიის ხელისუფლება სრულად იყო დარწმუნებული მის ერთგულებაში. 1998 წელს პაკრადუნმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლიბანურ-სომხური წარმოშობის ემილ ლაჰუდის ლიბანის პრეზიდენტად არჩევაში. ქარიმ პაკრადუნი პრეზიდენტ ლაჰუდის პოლიტიკური მრჩეველი იყო და გარკვეულწილად განსაზღვრავდა სახელმწიფო პოლიტიკას.

2001 წელს სირიის აქტიური მხარდაჭერით, ქარიმ პაკრადუნი აირჩიეს ქათაიბის თავმჯდომარედ. მისი ხელმძღვანელობით, ქათაიბმა ღიად აიღო ორიენტაცია  დამასკოზე. ეს ეწინააღმდეგებოდა პიერ და ბაშირ ჯემაიელების პოლიტიკურ ტრადიციას, რამაც ბევრი ფალანგისტი გაანაწყენა. ამავე დროს, 2001 წლიდან 2007 წლამდე პერიოდი იყო  სომხური საზოგადოების  გავლენის ხანა ლიბანში: სომხები იკავებდნენ სახელმწიფოს მეთაურისა და მსხვილი ქრისტიანული პარტიის ლიდერის პოსტებს. 2003-2004 წლებში ქარიმ პაკრადუნი მუშაობდა რაფიკ ჰარირის მთავრობაში ადმინისტრაციული განვითარების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. [7]

2005 წელს კედრების რევოლუციასთან ერთად დასრულდა სირიის მიერ ლიბანის ოკუპაცია. ქათაიბში  ამინ ჯემაიელის მხარდამჭერები გააქტიურდნენ, რომლებიც  პარტიის ტრადიციული კურსის მომხრეები იყვნენ. პარტიის წევრები და აქტივისტები მოითხოვდნენ პროსირიელი პაკრადუნის გადაყენებას. წარმოიშვა მწვავე კონფლიქტი და დამკვირვებლებმა აღნიშნეს პაკრადუნის აშკარა დაბნეულობა ახალ პოლიტიკურ პირობებში. შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის ფორმულირება პიერ ჯემაილ უმცროსმა მოახდინა. ამინ ჯემაიელი დაინიშნა პარტია ქათაიბის პრეზიდენტად (საპატიო თავმჯდომარედ), ხოლო ქარიმ პაკრადუნი 2007 წლის ხელახალ არჩევნებამდე თავმჯდომარის პოსტზე დარჩა.

პარტიის ხელმძღვანელობის ბოლო ეტაპზე პაკრადუნმა შეინარჩუნა პროსირიული და ისრაელის საწინააღმდეგო ორიენტაცია. ამრიგად, 2006 წლის ლიბანის ომის დროს, ის სოლიდარობას უცხადებდა ისლამისტურ ჰეზბოლას და გმობდა "ისრაელის მემარჯვენე ძალებს". ლიბანსა და ახლო აღმოსავლეთში მომხდარ დესტაბილიზაციაში მან პასუხისმგებლობა მთლიანად ისრაელს დააკისრა.. მოგვიანებით, 2008 წელს, პაკრადუნმა აღშფოთება გამოთქვა ისრაელის მინისტრის ბინიამინ ბენ-ელიეზერის მოწოდებაზე, რომ ფიზიკურად გაენადგურებინათ ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა.

2007 წლის ბოლოდან ამინ ჯემაიელი გახდა ქათაიბის თავმჯდომარე. 2015 წელს ის შეიცვალა სამი ჯემაიელმა ფალანგისტების ხელმძღვანელობას კვლავ სათავეში ჩაუდგნენ დამფუძნებელთა კლანის წარმომადგენლები, პიერისა და ბაშირის ტრადიციის გამგრძელებლები. ქათაიბის პოლიტიკური კურსი მთლიანად შეიცვალა და აიღო ანტისირიული ორიენტაცია. ქარიმ პაკრადუნი პარტიული პოლიტიკიდან წავიდა.[8][9]

მას შემდეგ, რაც პარტიულ საქმიანობას ჩამოსცილდა, ქარიმ პაკრადუნის ძირითადი საქმიანობა გახდა  ლექციების კითხვა ლიბანის პოლიტიკის ისტორიაზე. 2012 წელს ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა წიგნი Years of Resistance: The Mandate of Émile Lahood, the Former President of Lebanon—წინააღმდეგობის წლები: ემილ ლაჰუდის, ლიბანის ყოფილი პრეზიდენტის,  მანდატი. [10]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, ქარიმ პაკრადუნი დაქორწინდა მონა ალ-ნაშიფზე, ცნობილი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის სალემ აბდელნურის დისშვილზე. ქორწინებაში მათ ორი ვაჟი შეეძინათ - ჯიჰადი და ჯავადი. ცხოვრობს მეუღლესთან ერთად ბეირუთის აშრაფიის ქრისტიანულ უბანში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gambill, Gary C.; Ziad K. Abdelnour; Bassam Endrawos (December 2001). "Dossier: Karim Pakradouni". Middle East Intelligence Bulletin. 3 (12). Retrieved 15 June 2012.
  2. KARIM PAKRADOUNI Lebanese politician
  3. Армяне в маронитской среде (რუს.)
  4. Rabil, Robert G. (2003). Embattled neighbors: Syria, Israel, and Lebanon. Lynne Rienner Publishers. p. 83. ISBN 978-1-58826-149-6. Retrieved 4 April 2011.
  5. "Karim Pakrauduni" Wars of Lebanon. Retrieved 27 January 2013
  6. «Լիբանան Պիտի Ապրի: Մեր Դատը Մեր Գլուխին Թագն Է, Իսկ Արեւելեան Քրիստոնէութիւնը Արժանի Է Դառնալու Մեր Ռահվիրան», Ըսաւ Երեսփոխան Յակոբ Բագրատունի (სომხ.)
  7. Bassel F. Salloukh (2010). Contentious Politics in the Middle East: Political Opposition Under Authoritarianism. University Press of Florida. p. 220. ISBN 978-0-8130-3474-4.
  8. "Gemayel appointed president of Phalange Party".[მკვდარი ბმული] The Daily Star. 14 February 2008. Retrieved 23 March 2013
  9. Sami Gemayel elected new leader of the Kataeb Party
  10. Karim Pakradouni: Targeting Syrian Stability Pushes Region to War