შინაარსზე გადასვლა

სამირ ჯააჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამირ ჯააჯა
سمير جعجع
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1952 (69 წ.)
დაბადების ადგილი ბეირუთი, ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
განათლება ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი
წმინდა იოსების სახელობის უნივერსიტეტი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
პარტია ქათაიბი
ლიბანის ძალები
მეუღლე/ები სეტრიდა ჯააჯა
samirgeagea.info

სამირ ფარიდ ჯააჯა (არაბ.سمير فريد جَعْجَع); 25 ოქტომბერი, 951 ბეირუთი) — ლიბანელი მემარჯვენე ქრისტიანი პოლიტიკოსი, თავმჯდომარე პარტიისა „ლიბანის ძალები“. ლიბანის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე, ფალანგისტური შეიარაღებული ფორმირებების მეთაური. იყო დაპატიმრებული პროსირიული რეჟიმის პირობებში 1994-2005 წლებში გაათავისუფლეს კედრების რევოლუციის დროს. ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკური ბლოკის „ კოალიცია 14 მარტი“. ლიბანის პრეზიდენტობის კანდიდატი 2014-2016 წლების არჩევნებში.[1][2]

მემარჯვენე ქრისტიანი ფალანგისტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ლიბანში, ღარიბი მარონიტების ოჯახში. მამა, ფარიდ ჯააჯა, არმიის უმცროსი ოფიცრი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მედიცინას ბეირუთის ამერიკულ და წმინდა იოსების უნივერსიტეტებში. თავისი სპეციალობით არასოდეს უმუშავია.

სამირ ჯააჯა ახალგაზრდობიდანვე იცავდა მემარჯვენე ქრისტიანულ პოლიტიკურ შეხედულებებს,. სტუდენტობის პერიოდში იგი შეუერთდა ულტრა მემარჯვენე პარტია ქათაიბს (ლიბანური ფალანგა), რომელიც დააარსა პიერ ჯემაიელმა. [3][4]

სამოქალაქო ომის მეთაური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს ლიბანში დაიწყო მრავალწლიანი სამოქალაქო ომი. 22 წლის სამირ ჯააჯამ სწავლა შეწყვიტა და აქტიურად ჩაერთო ფალანგისტების მილიციაში. გამოავლინა ეფექტური საბრძოლო და ლიდერული თვისებები. იგი ხელმძღვანელობდა ფალანგისტთა "სპეცრაზმელებს", რომლებიც ემორჩილებოდნენ ბაშირ ჯემაიელ უმცროსს . იგი იყო „ლიბანის ძალების“ მარჯვენა ქრისტიანული მილიციის ერთ-ერთი წამყვანი მეთაური. (ომის გამო, ჯააჯას დრო არ ჰქონდა დაესრულებინა სწავლა).[5][6]

სამირ ჯააჯა უილიამ ჰაუის ქალიშვილ ლეილა ჰაუისთან ერთად

სამირ ჯააჯა გახლდათ „ლიბანის ძალების“ ლიდერი, რომელმაც თავი გამოიჩინა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის, პროგრესულ -სოციალისტურ პარტიის და ლიბანის კომუნისტური პარტიის "მემარცხენე მუსლიმურ" ძალებთან შეტაკებებში, 1978 წლის ასდღიან ომში და 1981 წელს ზაჰლას ბრძოლაში სირიის ძალების წინააღმდეგ . [7] მან ასევე მონაწილეობა მიიღო მემარჯვენე ქრისტიანული ბანაკის შიდა დაპირისპირებაში. ეს წინააღმდეგობები განსაკუთრებით გამწვავდა 1977 წელს, როდესაც მემარჯვენე ქრისტიანების ნაწილი - პირველ რიგში ფრანჟიეს კლანი და მარადას მოძრაობა — ალიანსში შევიდა სირიასთან და ფალანგისტებმა ნაციონალისტური ანტისირიული პოზიცია დაიკავეს. სავარაუდოდ 1978 წლის 13 ივნისს სწორედ სამირ ჯააჯას "სპეცრაზმის" სახელთანაა დაკავშირებული ედენის სისხლიანი ანგარიშსწორება — ტონი ფრანჟიეს (პრეზიდენტ სულეიმან ფრანჟიეს ვაჟი) , მისი მეუღლესა და ქალიშვილის მკვლელობა. ჯააჯა აღიარებს თავის მონაწილეობას „მარადას“ წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ყველანაირ კავშირს უარყოფს ფრანჟიეს ოჯახის განადგურებასთან.[8][9]

1982 წელს სამირ ჯააჯამ მხარი დაუჭირა ოპერაციას „მშვიდობა გალილეას“ —ისრაელის ჯარების შეჭრას ლიბანში, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით. მონაწილეობდა ფალანგისტების ”შურისძიების აქციებში” ლიბანის არჩეული პრეზიდენტის ბაშირ ჯემაიელის მკვლელობის შემდეგ. 1982-1983 წლებში იგი მეთაურობდა „ლიბანის ძალების“ ჩრდილოეთ ფრონტს ქალაქ ბიშარის რაიონში, საიდანაც მისი ოჯახია. იგი ხელმძღვანელობდა აქტიურ საომარ მოქმედებებს სირიის ჯარების, პროგრესულ სოციალისტური პარტიის ფორმირებების, ამალის შიიტური მოძრაობის წინააღმდეგ.

სასამართლო და განაჩენი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს, სირიის მომხრე პრეზიდენტის, ილიას ჰრაუის მმართველობის დროს, სამირ ჯააჯა დააპატიმრეს და გაასამართლეს. ის ლიბანის სამოქალაქო ომის ერთადერთი მონაწილე იყო, რომელსაც ბრალად ედებოდა სამხედრო დანაშაულები. ოფიციალური საბაბი იყო 1994 წლის 27 თებერვალს ეკლესიაში განხორციელებული ტერაქტი, რომლის დროსაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. [10]

ჯააჯას კავშირი ეკლესიაში მომხდარ აფეთქებასთან ვერ დამტკიცდა და მას მოუხსნეს ბრალდება. ამასთან, 1995 წელს მიუსაჯეს უვადო თავისუფლების აღკვეთა 4 საქმეზე. მათ შორის, პოლიტიკური მკვლელობებისთვის (დანი შამუნის მკვლელობა, ყოფილი პრემიერ მინისტრ რაშიდ ქარამეს მკვლელობა, ტონი ფრანჟიესი და ათასზე მეტი ადამიანის), უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა, ისრაელის ძალებთან თანამშრომლობა 1982 წელს Amnesty International– მა სასამართლო პროცესი უკანონოდ ცნო, განაჩენი კი— პოლიტიკურად მოტივირებული.

სამირ ჯააჯა პატიმრობას იხდიდა ლიბანის თავდაცვის სამინისტროს სარდაფში. მან 11 წელი გაატარა პატარა განმარტოებულ საკანში, ფანჯრების გარეშე. ამ წლების განმავლობაში, თავად ჯააჯას თქმით, იგი კითხულობდა ქრისტიანულ, ინდუისტურ და მუსლიმურ ლიტერატურას, დამატებით შეისწავლა ტეიარდ დე შარდენის ნაწარმოებები და დაკავებული იყო მედიტაციით.

კედრების რევოლუცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ლიბანის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სირიის ოკუპაციის წინააღმდეგ (რომელიც დაიწყო 2005 წლის 14 თებერვალს პოპულარული ყოფილი პრემიერ მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შემდეგ) გადაიზარდა კედრების რევოლუციაში. სირიის ჯარებს ლიბანის დატოვება აიძულეს, შეიცვალა პარლამენტი, მთავრობა. ზოგადი პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში.

2005 წლის 18 ივლისს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონი ამნისტიის შესახებ. 2005 წლის 26 ივლისს სამირ ჯააჯა გაათავისუფლეს. მან რამდენიმე თვე გაატარა საფრანგეთში, სადაც გაიარა მკურნალობის კურსი. ლიბანში დაბრუნდა 2005 წლის 25 ოქტომბერს, საკუთარ 53-ე დაბადების დღეზე.

სამირ ჯააჯა აქტიურად არის ჩართული ლიბანის საერთაშორისო ურთიერთობებში. 2007 წლის მარტში იგი შეხვდა ელისეის სასახლეში საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტს ჟაკ შირაკს, ხოლო ერთი წლის შემდეგ მან მოლაპარაკება გამართა თეთრ სახლში აშშ -ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან. ამ შეხვედრებისას ჯააჯამ მთავარი აქცენტი გააკეთა ლიბანის სუვერენიტეტის დაცვაზე სირიის ჩარევისგან.

მკვლელობის მცდელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 4 აპრილს სამირ ჯააჯაზე მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა განხორციელდა (იარაღი იყო სნაიპერული შაშხანა, წარმოებული აშშ-ში ან რუსეთის ფედერაციაში). დამნაშავეები ვერ იპოვნეს, მაგრამ ფაქტობრივად, ყველა ადანაშაულებდა სირიის მომხრე ბოევიკებს. თავად ჯააჯამ კომენტარი გააკეთა მკვლელობის მცდელობაზე შემდეგი სიტყვებით: "ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ დავასრულებთ რევოლუციას".[11]

პრეზიდენტობის კანდიდატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს სამირ ჯააჯამ წამოაყენა თავისი კანდიდატურა ლიბანის საპრეზიდენტო არჩევნებზე . მას მხარს უჭერდა „კოალიცია 14 მარტი“. ამან გამოიწვია პოლიტიკური ოპონენტების პროტესტი, რომლებიც ჯააჯას ახსენებენ მონაწილეობას 1970-80-იანი წლების სისხლისღვრებთან.. ამავდროულად, აღიარებულია, რომ ასეთი ბრალდებები შეიძლება წაუყენონ ჯააჯას თაობის პრაქტიკულად ყველა ლიბანელ პოლიტიკოსს.

2014 წლის 23 აპრილს საპარლამენტო კენჭისყრის პირველ რაუნდში, სამირ ჯააჯამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა (დამსწრე 124 დეპუტატიდან 48), მაგრამ ვერ შეძლო არჩევნებისათვის საჭირო ორი მესამედის შეგროვება საარჩევნო პროცედურა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა[12][13]

კავშირი მიშელ აუნთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს ჯააჯამ მოულოდნელადმხარი დაუჭირა მისი დიდი ხნის ოპონენტის, მიშელ აუნის, ”თავისუფალი პატრიოტული მოძრაობის” ლიდერის კანდიდატურას, რომელსაც შედარებით ზომიერი პოზიცია უჭირავს პრო-სირიულ ბლოკში. ჯააჯამ ეს ახსნა იმით, რომ საჭიროა ქვეყნის ლეგიტიმური მეთაურის არჩევა, სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით..

მიშელ აუნი ახლა ლიბანის პრეზიდენტია. სამირ ჯააჯა —მისი ყველაზე გავლენიანი ქრისტიანი მოკავშირე“ჯააჯას ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია კონფლიქტი „ლიბანის ძალებსა“ და ქათაიბს შორის (პარტია, რომელშიც ჯააჯა ერთ – ერთ წამყვან თანამდებობას იკავებდა ახალგაზრდობაში). ფალანგისტთა ლიდერმა სამი ჯემაიელმა (ამინ ჯემაიელის ვაჟი, პიერ ჯემაიელის შვილიშვილი) უარი თქვა აუნისა და ჯააჯას ალიანსის მხარდაჭერაზე.

მეორეს მხრივ, ითვლება, რომ ჯააჯას აიუნთან დაახლოება იყო დარტყმა ჰეზბოლასთვის. ამან განამტკიცა ლიბანის ქრისტიანული საზოგადოების პოზიციები[14]

ფრანჟიესთან შერიგება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 14 ნოემბერს სამირ ჯააჯა შეხვდა სულეიმან ფრანჟიე უმცროსს, „მარადას“ ლიდერს, მოკლული ტონი ფრანჟიეს შვილს. შუამავალი იყო მარონიტი პატრიარქი ბეშარ ბუტროს რაი. შეხვედრის შედეგად გამოცხადდა ისტორიული შერიგება „მარადას“ მოძრაობასა და „ლიბანის ძალებს“ შორის. შეხვედრას დადებითად გამოეხმაურნენ ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი, „კატაიბის“ ლიდერი სამი ჯემაიელი, "თავისუფალი პატრიოტული მოძრაობის" ოფიციალური წარმომადგენელი ჯიბრან ბასილი. სამი ჯემაიელმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი ”გააძლიერებს ეროვნულ შერიგებას“.[15][16]

ოჯახი და სამირ ჯააჯას პიროვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამირ ჯააჯას ჰყავს და, ნუხადი და ძმა ჯოზეფი. ჯოზეფ ჯააჯა ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის მერილენდის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი. (სხვა წყაროების თანახმად, იგი მუშაობს ნასაში).[17]

დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით სამოქალაქო ომის გამო, სამირ ჯააჯა ოჯახის შექმნას თავს არიდებდა —შეინარჩუნა "რკინის მეომარი-ბერის" იმიჯი. 1987 წელს იქორწინა ცნობილი მარონიტი მეწარმის ქალიშვილზე— სეტრიდა ტაუკზე. სეტრიდა ჯააჯა არის მეუღლის პოლიტიკური თანამებრძოლი, „ლიბანის ძალების“ აქტივისტი, ლიბანის პარლამენტის წევრი.

რობერტ ჰათემმა სამირ ჯააჯა დაახასიათა:

ვიკიციტატა
„ის არის დოგმატური, ღვთისმოსავი ადამიანი, ისეთივე, როგორც ყველა მთიელი ".ჯააჯას პერსონისათვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო ისეთი თვისებები, როგორიცაა ფანატიკური იდეოლოგიური რწმენა, პირადი სიმამაცე, გამძლეობა, სიმტკიცე. ამავე დროს, მისი პოზიცია ყოველთვის გამოირჩეოდა გულწრფელობით, ამ პოლიტიკოსისთვის არაპრინციპული მანევრი დამახასიათებელი არ არის. ასევე გულწრფელად ითვლება მის მიერ ბოლო წლებში გაჟღერებული ლიბანელების მშვიდობისა და ეროვნული ერთიანობისკენ მოწოდებები.“

სამირ ჯააჯას მიმართ მომხრეების დამოკიდებულებას ხშირად ადარებენ სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას პიროვნებისადმი გამოხატულ დამოკიდებულებას, რომელიც დამყარებულია მოწიწებასა და პატივისცემაზე.

  1. Dossier: Samir Geagea (May 2004)
  2. Amnesty for Lebanese ex-warlord, BBC News, 18 July 2005. Retrieved on 7 July 2009.
  3. جعجع سمير (არაბ.)
  4. Split Threatens Lebanon's Biggest Christian Party. The New York Times, 16 January 1993. Retrieved on 28 February 2008.
  5. Antoine J. Abraham. The Lebanon War / Greenwood Publishing Group, 1996.
  6. Abraham, Antoine (1996). The Lebanon war. Greenwood Publishing Group. p. 195. ISBN 978-0-275-95389-8.
  7. From Israel To Damascus. Chapter 3: The «Safra» operation and the battle of Zahle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-04. ციტირების თარიღი: 2021-11-08.
  8. سمير جعجع… قاتِل خليله الكافر (არაბ.)
  9. Johnson, Michael (2001). All honorable men: the social origins of war in Lebanon. I.B.Tauris. p. 298. ISBN 978-1-86064-715-4.
  10. Interview with Etienne Sakr: «A dark future for this poor country called Lebanon»
  11. Geagea Confirms Assassination Attempt: We Won’t Halt Our Revolution No Matter How Hard they Try
  12. Samir Geagea, the 'kingmaker' of Lebanon?[მკვდარი ბმული]
  13. "Is Samir Geagea the next president of Lebanon?". gulfnews.com.
  14. Geagea reshapes Lebanese politics, backs rival Aoun
  15. Lebanese Leaders Welcome Geagea-Franjieh Reconciliation
  16. Hubbard, Ben (2020). MBS: The Rise to Power of Mohammed Bin Salman. Tim Duggan Books.
  17. Lebanese in NASA