ფამ ვან დონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფამ ვან დონგი
ფამ ვან დონგი
ვიეტნამის დროშა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1-ლი თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივლისი 1976 – 18 ივნისი 1987
პრეზიდენტი  ტონ დიკ თანგი
ნგუენ ხიუ თხო
ჩიონგ ტინი
წინამორბედითანამდებობა დამტკიცებულია
მემკვიდრეფამ ხუნგი

ვიეტნამის დროშა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის მე-2 პრემიერ მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 სექტემბერი 1955 – 2 ივლისი 1976
პრეზიდენტიხო ში მინი
ტონ დიკ თანგი
წინამორბედიხო ში მინი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმებულია

ვიეტნამის დროშა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის მე-4 საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აპრილი 1954 – 1 თებერვალი 1961
პრეზიდენტიხო ში მინი
წინამორბედიხოანგ მინ გიამი
მემკვიდრეუნგ ვან კხიემი

ვიეტნამის დროშა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 აგვისტო 1945 – 2 მარტი 1946
პრეზიდენტიხო ში მინი
წინამორბედითანამდებობა დამტკიცებულია
მემკვიდრელე ვან ხიენი

დაბადებული1 მარტი 1906
ქუანგნამის პროვინცია, ფრანგული ინდოჩინეთი
გარდაცვლილი29 აპრილი 2000 (94 წლის)
ჰანოი, ვიეტნამი
პოლიტიკური პარტიავიეტნამის კომუნისტური პარტია (1930) წლიდან
დედანგუენ თხი ტუანი
მეუღლეფამ თხი კუკი (1922–2018)
შვილებივაჟი ფამ სონ ზიონგი (დ. 1951), გენერალ-მაიორი
ჯილდოებილენინის ორდენი ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

ფამ ვან დონგი ( ვიეტ. Phạm Văn ĐồngPhạm Văn Đồng, დაბ. სახელი ან ტო ; დ. 1 მარტი, 1906, ქუანგნამი, საფრანგეთის ინდოჩინეთი — გ. 29 აპრილი , 2000 ჰანოი, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა ) — ვიეტნამის სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი 19551987 წლებში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფამ ვან დონგი დაიბადა 1906 წლის 1 მარტს ქუანგ ნამის პროვინციაში ვიეტელი გლეხის ოჯახში. დაბადებისას მიიღო სახელი ან ტო. თავად ფამ ვან დონგი ზოგჯერ პირად საუბრებში აღნიშნავდა, რომ დაიბადა 1903 წელს, მანდარინის (ჩინოვნიკი) ოჯახში ცენტრალურ პროვინცია ქუანგნამში. [2] განათლება მიიღო ფრანგულენოვან ჰანოის კოლეჯში.[3]  

რევოლუციური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წელს შეუერთდა ვიეტნამის რევოლუციური ახალგაზრდობის ასოციაციას (ამავე დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო ქვეყნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწის, ფაუნ ტაუ ჩინის დაკრძალვაში საიგონში ). 1926 წელს ესწრებოდა გუანჯოუში ხო ში მინის მიერ ორგანიზებულ "რევოლუციური მომზადების კურსებს", შემდეგ შეუერთდა ვიეტნამის რევოლუციურ ახალგაზრდულ ასოციაციას. 1929 წელს მან მონაწილეობა მიიღო ვიეტნამის კომუნისტური ახალგაზრდული ლიგის კონგრესში ჰონგ- კონგში. 1929 წელს საფრანგეთის კოლონიალურმა ხელისუფლებამ დააპატიმრა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (სასჯელი მოიხადა კონდაოს კუნძულების საკონცენტრაციო ბანაკში). 1936 წელს, როდესაც საფრანგეთში სახალხო ფრონტის მთავრობა მოვიდა, ის ციხიდან გაათავისუფლეს და მუშაობდა ჰანოიში. 1940 წელს ვო ნგუენ გიაპთან ერთად ფარულად გაემგზავრა ჩინეთში, სადაც შეუერთდა ინდოჩინეთის კომუნისტურ პარტიას (მოგვიანებით ვიეტნამის კომუნისტურ პარტიას ) და დაიწყო პარტიზანული ბაზის მოწყობა ვიეტნამ-ჩინეთის საზღვრიდან შორს. 1941 წელს გახდა ვიეტნამის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიგის ( ვიეტმინი ) ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა ჩრდილოეთ ვიეტნამში რევოლუციური ბაზების შექმნაში.

სახელმწიფო თანამდებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წელს, ეროვნულ კონგრესზე, იგი შეუერთდა ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნულ კომიტეტს, სადაც გახდა მუდმივმოქმედი კომიტეტის ხუთი წევრიდან ერთ-ერთი. 1945 წლის აგვისტოს რევოლუციის შემდეგ დაიკავა ფინანსთა მინისტრის პოსტი ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის დროებით მთავრობაში.

1946 წლის 2 მარტს აირჩიეს მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. იყო ვიეტნამის პირველი მოწვევის ეროვნული ასამბლეის წევრი 1946 წლიდან 1987 წლამდე. 1946 წლის ბოლოდან 1949 წლამდე — ვიეტნამის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ ვიეტნამში. ამავდროულად, ხელმძღვანელობდა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას საფრანგეთთან მოლაპარაკებებში ინდოჩინეთის დამოუკიდებლობის შესახებ. 1947 წლიდან – ინდოჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი (1949 წლიდან ცენტრალური კომიტეტის წევრი).

1949 წლის ივლისიდან 1955 წლის სექტემბრამდე იკავებდა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ხო ში მინის მოადგილის თანამდებობას. 1954 წლის აპრილიდან გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი.

1954 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა ვიეტნამის დელეგაციას ჟენევაში ინდოჩინეთის პრობლემის შესახებ მოლაპარაკებებზე. მისმა დამაჯერებელმა გამოსვლებმა და საბჭოთა და ჩინეთის დელეგაციების მხარდაჭერამ განაპირობა 1954 წლის 20 ივლისს საფრანგეთთან შეთანხმების ხელმოწერა ნახევარკუნძულზე საომარი მოქმედებების დასრულების და ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯასთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ. ამის შემდეგ ფამ ვან დონგს, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ქვეყნის სახელით, შეარქვეს „ვიეტნამის სახე და ხმა.“ 1954 წლის აგვისტოდან გახდა პარტიის საგარეო საქმეთა ცენტრალური კომიტეტის განყოფილების უფროსი.

1955 წლის 20 სექტემბრიდან იკავებდა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის და ამავე დროს (1961 წლამდე) საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტებს. მონაწილეობდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვიეტნამის ომის დასასრულებლად ლინდონ ჯონსონისა და რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციის პირობებში.

სამხრეთ ვიეტნამთან გაერთიანების შემდეგ, 1976 წლის ივლისიდან გახდა ვიეტნამის გაერთიანებული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრი და ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. თუ შეერთებულ შტატებთან ომის წლებში პრემიერ-მინისტრის მთავარი ამოცანა იყო ჩრდილოეთში ძლიერი ზურგის შექმნა, გამარჯვების შემდეგ მან მთელი ძალები მიმართა გაერთიანებული ქვეყნის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაზე.

იყო ვიეტნამის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი (ვიეტნამის კომუნისტური პარტიის სახელი 1951-1976 წლებში) 1951 წლიდან.

სიცოცხლის ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს 81 წლის ფამ ვან დონმა დატოვა სახელმწიფო და პარტიული თანამდებობები და გახდა ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მრჩეველი (1997 წლამდე). ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან ნგუენ ვან ლინთან და პრემიერ მინისტრ დო მუოისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ხელმძღვანელობასთან 1990 წლის სექტემბერში ჩენგდუში არაფორმალურ შეხვედრაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის 10 წელზე მეტი დაძაბულობისა და კონფლიქტის შემდეგ. [4]

1998 წლის აგვისტოდან იყო ვიეტნამის ენციკლოპედიის კრებულის მართვის ეროვნული საბჭოს საპატიო თავმჯდომარე.

მიუხედავად მისი მოწიფული ასაკისა და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისა (მეოცე საუკუნის 1980-იანი წლების დასაწყისიდან მხედველობა დააკლდა ფსკერის ნერვის ატროფიის გამო )[5] , ფამ ვან დონგი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში. წერდა სტატიებს ვიეტნამური გაზეთებისთვის, რომლებშიც ხშირად საუბრობდა ვიეტნამის კომუნისტურ პარტიაში არსებულ კორუფციის პრობლემებზე. . თანამემამულეებს შორის მას პატივს სცემდნენ, როგორც გაწონასწორებულ და ზომიერი შეხედულებების მქონე პიროვნებას.

სიცოცხლის ბოლო ექვსი თვე მან საავადმყოფოში გაატარა. გარდაიცვალა 2000 წლის 29 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომში ვიეტნამის გამარჯვების 25 წლისთავის წინა დღეს, რის გამოც შეტყობინება მისი გარდაცვალების შესახებ გადაიდო, მაგრამ შემდეგ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ფამ ვან დონგის სახელს ატარებს ვიეტნამის რამდენიმე ქალაქის ქუჩა და ქუანგნამის უნივერსიტეტი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Karnow, Stanley Vietnam: A History, New York: Viking, 1983, ISBN 0670746045.
  • Miller, Edward Misalliance: Ngo Dinh Diem, the United States, and the Fate of South Vietnam, Cambridge: Harvard University Press, 2013, ISBN 0674072987

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. David G. Marr (2013) Vietnam: State, War, and Revolution (1945–1946) University of California Press 0520954971. p. 166: "Replacing him with Phạm Văn Đồng, probably Hồ Chí Minh's closest lieutenant, would help to ensure that the ongoing struggle in south-central Vietnam served national strategic interests."
  2. Иванов А. Умер старейший революционер // Коммерсантъ. — № 78 (1963). — 04.05.2000. ციტირების თარიღი: 2012-03-10
  3. "Bộ trưởng tài chính qua các thời kỳ". www.mof.gov.vn.
  4. [daotao.vtv.vn/dao-dien-tran-van-thuy-voi-ky-uc-ha-noi-trong-mat-ai/ Đạo diễn Trần Văn Thủy với ký ức "Hà Nội trong mắt ai"]
  5. Chuyện về cuộc đời Cố Thủ tướng Phạm Văn Đồng (III)
  6. Список кавалеров ордена Клемента Готвальда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-22. ციტირების თარიღი: 2016-06-18.
  7. Орден "Хосе Maрти" - Forum FALERISTIKA.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-14. ციტირების თარიღი: 2021-09-15.