აგვისტოს რევოლუცია
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
აგვისტოს რევოლუცია — ეროვნული სახალხო-დემოკრატიული რევოლუცია, რომელმაც დაამხო იმპერიალისტების ბატონობა ვიეტნამში და დაამყარა სახალხო დემოკრატიული წყობილება. რევოლუცია იყო ფრანგი კოლონიზატორებისა და იაპონელი ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარების შედეგი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წლის 19 მაისს ინდოჩინეთის კომპარტიის ცკ VIII პლენუმის გადაწყვეტილების შესაბამისად შეიქმნა ერთიანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი ვიეტმინი, რომელშიც გაერთიანდნენ ქვეყნის პატრიოტული ძალები. იჩკპ-მ ვიეტნამის საშუალებით 1941-1944 წლებში ფართო პროპაგანდისტული მუშაობა გააჩაღა და დაიწყო დასაყრდენი ბაზებისა და შეიარაღებული რაზმების შექმნა. 1944 წლის 22 დეკემბერს კაობანგის პროვინციაში ჩამოყალიბდა ვიეტნამის განმათავისუფლებელი არმიის პირველი რაზმები. 1945 წლის 9 მარტის გადატრიალების შემდეგ ვიეტმინმა დაიწყო პარტიზანული ომი იაპონური ოკუპანტების წინააღმდეგ. 1945 წლის აპრილში შედგა ვიეტმინის სამხედრო-რევოლუციური კონფერენცია, რომელმაც შეიმუშავა საყოველთაო აჯანყების მომზადების გეგმა. 4 ივნისს ჩრდილოეთ ვიეტნამის 6 პროვინციაში შეიქმნა განთავისუფლებული რაიონი, რომლის ცენტრი იყო სოფ. ტანჩაო. 1945 წლის 13-15 აგვისტოს იჩკპ ეროვნულმა კონფერენციამ მიიღო საყოველთაო აჯანყების დაწყების გადაწყვეტილება. შეიქმნა აჯანყების კომიტეტი. 16 აგვისტოს ტანჩაოში შედგა ვიეტმინის სრულიად ვიეტნამის ეროვნული კონგრესი, რომელმაც მოიწონა საყოველთაო აჯანყების დაწყების გადაწყვეტილება, აირჩია ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნული კომიტეტი ხო ში მინის მეთაურობით და დააკისრა მას დროებითი მთავრობის ფუნქციები. იჩკპ მოწოდებით 16-26 აგვისტოს აჯანყება მთელ ქვეყანას მოედო. 19 აგვისტოს შეიარაღებულმა მასებმა აიღეს ჰანოი, სადაც 20 აგვისტოს შეიქმნა ჩრდილოეთ ვიეტნამის სახალხო-რევოლუციური კომიტეტი, 24 აგვისტოს იმპერატორი ბაო-დაი გადადგა. 1945 წლის 2 სექტემბერს ხო ში მინმა დროებითი მთავრობის სახელით საზეიმოდ გამოაქვეყნა ვიეტნამის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და გამოაცხადა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. რევოლუცია განხორციელდა მუშათა კლასის ჰეგემონიით გლეხობასთან, ეროვნულ ბურჟუაზიასა და სხვა პატრიოტულ ძალებთან მჭიდრო კავშირში. მოძრაობას ხელმძღვანელობდა იჩკპ. საბჭოთა კავშირის მიერ ფაშსტური გერმანიის განადგურებამ და იაპონიის წინააღმდეგ ძლევამოსილმა ომმა ხელი შეუწყო ვიეტნამელი ხალხის გამარჯვებას. აგვისტოს რევოლუციამ დიდი გავლენა მოახდინა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარებაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პირველ რიგში — მეზობელ კამბოჯასა და ლაოსში. რევოლუციის შედეგად დაარსდა ჩრდილოეთი ვიეტნამი, რომელიც არსებობდა 1976 წლამდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 53-54.
- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 1, თბ. 2007