საფრანგეთის კომუნისტური პარტია
| Parti communiste français საფრანგეთის კომუნისტური პარტია | |
|---|---|
|
| |
| ხელმძღვანელობა | |
| ლიდერი | მარი-ჟორჟ ბიუფე |
| ისტორია | |
| დაფუძნდა |
1920 (SFIC) 1921 (PCF) |
| პოზიციები | |
| იდეოლოგია | კომუნიზმი, |
| საერთაშორისო კავშირები | |
| ევროპული აკრედიტაცია | ევროპელი მემარცხენეების პარტია |
| საერთაშორისო აკრედიტაცია | კომუნისტური ინტერნაციონალი |
| ფერები | წითელი, თეთრი |
| შტაბ-ბინა |
2, place du Colonel Fabien 75019 პარიზი |
საფრანგეთის კომუნისტური პარტია, სკპ (ფრანგ. Le Parti communiste français, PCF) — კომუნისტური პარტია საფრანგეთში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიქმნა 1920 დეკემბერს ტურის ყრილობაზე საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (სფიო) გათიშვის შედეგად, როცა ამ პარტიის რევოლუციურმა უმრავლესობამ გადაწყვიტა შეერთებოდა კომუნისტურ ინტერნაციონალს. სკპ-ის, როგორც ახალი ტიპის მარქსისტულ-ლენინური პარტიის, ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ვ. ი. ლენინმა, კომინტერნის რეკომენდაციებმა და ბოლშევიკური პარტიის გამოცდილებამ.
1930 წელს სკპ-ის გენერალური მდივანი გახდა მ. ტორეზი. 30-იან წლებში, გერმანიაში ფაშისტური დიქტატეურის დამყარების შემდეგ, სკპ სახალხო ფრონტის ორგანიზატორი გახდა. II მსოფლიო ომის წლებში (1939-1945) სკპ იატაკქვეშ გადავიდა და წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარ ორგანიზატორად იქცა. 1944-1947 წლებში სკპ-ის წარმომადგენლები მთავრობაში შედიოდნენ. 40-იანი წლების დამლევს — 50-იანი წლების დამდეგს, დაწყებული ე. წ. „ცივი ომის“ პირობებში სკპ-მ მოღვაწეობის მთავარ მიზნად მშვიდობის დაცვისა და განმტკიცებისათვის ბრძოლა დაისახა; გამოდიოდა ლოზუნგით: „ფრანგი ხალხი არასოდეს იომებს სსრ კავშირის წინააღმდეგ“. საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის (1958) რეჟიმის დამყარების შემდეგ სკპ-მ დიდი როლი ითამაშა რეაქციის წინააღმდეგ მასების დასარაზმავად. კომუნისტები სათავეში ჩაუდგნენ ალჟირში ომის (1954-1962) შეწყვეტისათვის წამოწყებულ მასობრივ მოძრაობას. 1968 წლის დეკემბერს სკპ-ის ცკ პლენუმმა მიიღო მანიფესტი — „მოწინავე დემოკრატიისათვის, სოციალისტური საფრანგეთისათვის“. 1971 წელს სკპ-მ მიიღო სახალხო ერთიანობის დემოკრატიული მთავრობის პროგრამა. ეს პროგრამა საფუძვლად დაედო სკპ-ისა და სოციალისტური პარტიის საერთო სამთავრობო პროგრამას (1972). სკპ-ის XXII ყრილობაზე (1976) მიიღეს დოკუმენტი „რა სურთ კომუნისტებს საფრანგეთისათვის“. იგი სოციალიზმზე გადასვლასა და საფრანგეთში მისი აშენების პროგრამას წარმოადგენს. 1981 წლის 10 მაისს პრეზიდენტის და 14 და 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში კომუნისტები და სოციალისტები ერთობლივად გამოვიდნენ, რამაც უზრუნველყო სოციალისტური პარტიის კანდიდატის ფ. მიტერანის პრეზიდენტად არჩევა და მემარცხენე ძალების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება საფრანგეთის ეროვნულ კრებაში: კომუნისტები მთავრობაში შევიდნენ. 1984 წლის ივლისში, რიგ საკითხებში უთანხმოების გამო კომუნისტები მთავრობიდან გამოვიდნენ. სკპ-ს ჰქონდა ორმხრივი კავშირი თითქმის ყველა მარქსისტულ-ლენინურ პარტიასთან, მონაწილეობდა მუშათა და კომუნისტური პარტიების საერთაშორისო თათბირების მუშაობაში (მოსკოვი 1957, 1960, 1969).
2006 წელს არის წევრთა რაოდენობით მესამე პარტია საფრანგეთში. შედის კომუნისტური ინტერნაციონალის შემადგენლობაში. აწარმოებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, მხარს უჭერს ეროვნულ უმცირესობებს, აქტიურ სოციალურ პოლიტიკას, რეგიონების განვითარების სტიმულირებას და ევროკავშირის დემოკრატიულ მმართველობას.
- ბეჭდვითი ორგანოა გაზ. „იუმანიტე“ L'Humanité
- სერიოზული წარმატება საპარლამენტო არჩევნებში:
2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ხმების 4,3 %, ანუ 15 ადგილი 577-დან, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის ლიდერმა მარი-ჟორჟ ბიუფემ მიიღო ხმების 1,9 %.
- წარმომადგენლობა საპარლამენტო ორგანოებში:
- ეროვნული ასამბლეა - 16 ადგილი (577-დან).
- სენატი - 22 ადგილი (343-დან)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 168.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||||||