სამუელ ჩავლეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამუელ ჩავლეიშვილი
გურიის ბულბული
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სამუელ დავითის ძე ჩავლეიშვილი
დაბ. თარიღი 1857
გარდ. თარიღი 2 მაისი, 1932
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

სამუელ ჩავლეიშვილი (დ. 1857, ოქროსქედი — გ. 2 მაისი, 1932) — ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, მას მეტსახელად „გურიის ბულბული“ შეარქვეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ასკანის თემის სოფელ ოქროსქედში. სამუელ ჩავლეიშვილის მშობლები მომღერლები იყვნენ. მათი ოჯახის ბატონი იყო თავადი მაქსიმელაშვილი, რომელიც გურული სიმღერის მცოდნე იყო და ნიჭიერ ახალგაზრდებს ხელს უწყობდა ხალხური სიმღერის შესწავლაში. სწორედ მან და მისმა მეგობარმა, დათა გუგუნავამ ჩამოაყალიბეს სამუელ ჩავლეიშვილი მომღერლად. გუგნავას შემდეგ სამუელმა ანტონ დუმბაძესთან განაგრძო დაოსტატება. ერთი წლის სწავლის შემდეგ ჩავლეიშვილმა ირგვლივ შემოიკრიბა მომღერალი მეგობრები და შექმნა საკუთარი ანსამბლი, რომელშიც შედიოდნენ სამუელ ჩხიკვიშვილი, ვლადიმერ დოლიძე, ბესარიონ ინწკირველი.

1903 წელს თავისი ანსამბლით პირველი გამართული კონცერტების შემოსავალი სამუელმა ფოთის ქართულ სკოლას შესწირა. 1906 წელს ჭიათურაში მუშების სასარგებლოდ კონცერტი გამართა. მოგვიანებით გუნდს შეუერთდნენ ვარლამ სიმონიშვილი, ალექსანდრე მახარაძე, სამსონ ურუშაძე, ილარიონ ჩავლეიშვილი. 1908 წელს ჩავლეიშვილის ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო სხვიტორში აკაკი წერეთლის იუბილეზე. პოეტს ისე მოეწონა ანსამბლი, რომ მალე მისი ინიციატივით ამ ჯგუფის პირველი ჩაწერაც შედგა გრამფირფიტაზე. ამ ფონოჩანაწერის მოსმენის შემდეგ სამუელ ჩავლეიშვილით დაინტერესდა მომღერალი ვლადიმერ ბერძენიშვილი და 1912 წელს მათ ბარნაბ, ვახტანგ და ერმალო სიხარულიძეებთან ერთად ჩოხატაურში ჩაატარეს კონცერტი. 1913 წელს ანსამბლმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა ვაჟა-ფშაველას საღამოზე თბილისში, რასაც ასევე ფონოჩანაწერი მოჰყვა, ხოლო 1914 წელს ქუთაისში აკაკის იუბილეზე.

1917 წელს სამუელმა ნოე სიხარულიძისა და კოტე ფოცხვერაშვილის თაოსნობით ჩამოაყალიბა ახალი გუდი, რომელშიც მღეროდნენ ნიჟა ლომინაძე, ერმილე სიხარულიძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ბესარიონ ინწკირველი, ბებურ ჩხაიძე, ილიკო ნინიძე, დათა მამაკაიშვილი, ვახტანგ სიხარულიძე. 1927 წლის 16-17 მაისს თბილისში, რუსთაველის თეატრში აღინიშნა სამუელ ჩავლეიშვილის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. იმავე წელს ეს თარიღი აღინიშნა ოზურგეთშიც, სადაც კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ვარლამ სიმონიშვილისა და არტემ ერქომაიშვილის გუნდებმა.

გარდაიცვალა 1932 წელს. იმავე წელს გარდაიცვალნენ მომღერლები ნესტორ კონტრიძე და გიორგი ბაბილოძე. ამასთან დაკავშირებით არტემ ერქომაიშვილმა შექმნა სიმღერა „დავკარგეთ სამი მომლხენი“. დაკრძალულია ოზურგეთში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუელ ჩავლეიშვილმა გადატრიალება მოახდინა გურულ სიმღერაში. შემოიღო ე.წ. თავისუფალი სიმღერა, განვითარების ახალ დონეზე აიყვანა პირველი ხმა. მღეროდა მხოლოდ პირველ, ზედა ხმას, იცოდა საეკლესიო გალობაც. მუდმივად მიმართავდა იმპროვიზაციებს, ყოველი შესრულებისას სიმღერას ახლებურად მღეროდა და ამით ახალ ვარიანტს ქმნიდა. მას მეეტსახელად „გურიის ბულბულს“ ეძახდნენ. სამუელ ჩავლეიშვილმა ჩამოაყალიბა გურული სიმღერის საკუთარი სკოლა, რომელიც განსხვავდებოდა ზემო აკეთელი ხუხუნაიშვილებისა და გიგო ერქომაიშვილის სკოლებიდან.

მისი ბიძაშვილი ილარიონ ჩავლეიშვილი ასევე ცნობილი მომღერალი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]