ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია
ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე, ბიჩნიგაურების უბნის სასაფლაოზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით. განახლებულია გვიანდელ შუა საუკუნეებში.
ეკლესია დარბაზულია. თავდაპირველი ნაწილი რიყის ქვის სწორი რიგებითაა ნაგები, მოგვიანებით განახლებული ნაწილი - აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ქვის ფილებით ბრტყლად გადახურული სარკმელია. ერთი ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედელშიც. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო სწორკუთხა ნიშია. კონქის თაღი კვერცხისებრი ფორმისაა, დაყრდნობილია შირიმის მარტივი პროფილის იმპოსტებზე. კვერცხისებრი ფორმისაა კამარაც. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ღიობი ზემოთ თანდათან ვიწროვდება და დასრულებულია შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი თაღით. თაღის ზემოთ რელიეფური თავსართია, რომელსაც ბოლოებთან ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. სამხრეთის ფასადზე შესასვლელის თაღი სადა არქივოლტითაა მორთული, რომელიც ორსაფეხურიან იმპოსტებზეა დაყრდნობილი. შესასვლელის ზემოთ და გვერდებზე აგურის წყობით გამოყვანილია თითო შეღრმავებული ჯვარი. აგურის საფეხურებიანი ლავგარდნის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 302.