პეტრე მელიქიშვილის გამზირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩა)
პეტრე მელიქიშვილის გამზირი

მელიქიშვილის გამზირი, №45
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი ვერე
წინა სახელები წყნეთის გზა, წყნეთის ქუჩა,

პეტრე მელიქიშვილის გამზირი — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); მერაბ კოსტავას ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე. ამ ქუჩაზე გადიოდა წყნეთისკენ მიმავალი გზა, რომელსაც სამხრეთით მიუყვებოდა მთის ფერდობი და ვარდისუბნის პატარა დასახლება, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფელი ვერე მდებარეობდა. ქალაქის ამ ნაწილის განაშენება დაიწყო XIX საუკუნის II ნახევარში. 1867 წელს „წყნეთის გზას“ ეწოდა წყნეთის ქუჩა (დატანილია თბილისის 1867 წლის გეგმაზე). განაშენიანებაში დიდი როლი ითამაშა ვაკეში XX საუკუნის დასაწყისში თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის, შემდეგ კი, მართმადიდებელი სემინარიის აშენებამ. 1924 წელს ქუჩას ეწოდა პეტრე მელიქიშვილის სახელი.[1] 2022 წელს პეტრე მელიქიშვილის გამზირი გახდა.[2]

XX საუკუნის შუა წლებამდე ეს იყო ერთ- და ორსართულიანი სახლებით განაშენიანებული ვიწრო ქუჩა. 1948 წელს სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ იგი საფუძვლიანად გაფართოვდა, მისი სიგანე თითქმის 35 მეტრამდე გაიზარდა. აიგო მრავალსართულიანი სახლები. დღეისათვის ეს არის ქალაქის ერთ-ერთი კეთილმოწყობილი ქუჩა, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირს ცენტრთან აკავშირებს. ქუჩაზე მდებარეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი (იხ. სტატია შენობაზე), ქუჩაზეა ირაკლი ფაღავას სახელმწიფო პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, სახელმწიფო ფილარმონია, ყოფილი სასტუმრო „საქართველო“; ვასილ პეტრიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზეა ღვინის №1 ქარხნის შენობა და სხვა. სახელმწიფო ფილარმონიასთან დგას გიორგი ცაბაძის ბიუსტი (მოქანდაკე გ. წულაძე), დოდო აბაშიძის სახელობის სკვერში — მისივე ბიუსტი (მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტექტორი გ. გოგოლაშვილი), მეორე სკვერში — სკულპტურული კომპოზიცია „რესტავრაცია“ (მოქანდაკე გ. ოჩიაური, არქიტექტორი ო. ლითანიშვილი).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 115, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩისთვის პეტრე მელიქიშვილის გამზირის სახელის მინიჭების შესახებ (9 აგვისტო, 2022). ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2024