პაია იოვანოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პაია იოვანოვიჩი
PajaJovanovic.jpg
სრული სახელი პავლე იოვანოვიჩი
დაიბადა 16 ივნისი, 1859
დაბადების ადგილი ვრშაცი, ავსტრიის იმპერია
გარდაიცვალა 30 ნოემბერი, 1957
გარდაცვალების ადგილი ვენა, ავსტრია
ეროვნება სერბი
მიმდინარეობა რეალიზმი
ცნობილი ნამუშევრები Čas Mačevanja (ფარიკაობა) (1884)
Seoba Srba (სერბთა მიგრაცია) (1896)
სტეფან დუშანის მეფედ კურთხევა (1900)
საიტი www.pajajovanovic.rs

პავლე „პაია“ იოვანოვიჩი (სერბ. Паја Јовановић / Paja Jovanović; დ. 16 ივნისი, 1859 ვრშაცი, ავსტრიის იმპერია (დღევანდელი სერბეთი) — 30 ნოემბერი, 1957, ვენა, ავსტრია) — სერბი მხატვარი, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში შექმნილი აქვს 1100-მდე ნამუშევარი.[1][2] პაია ასევე იყო ევროპის წამყვანი პორტრეტისტი 1905 წლიდან. მან 14-ჯერ დახატა ავსტრიის იმპერატორი ფრანც იოზეფ I, ასევე დახატა სამეფო ოჯახის წევრები, მსხვილი მეწარმეები, მეცნიერები, ბანკირები, ნავთობის ბარონები და მონოპოლისტები. დახატულ პიროვნებებს შორის იყვნენ ამერიკული კომპანიის, Standard Oil-ის წევრებიც. ის მსოფლიოში ცნობილ პორტრეტისტად ჩამოყალიბდა და სიცოცხლეშივე ძალზედ მდიდარი გახდა. მისი ნამუშევრები განთავსებულია ევროპულ და საერთაშორისო მუზეუმებში. ამ მუზეუმებში მისი ნამშევრები სხვადასხვა სახელებითაა ჰანთავსებული, მაგ: ვიქტორიის ეროვნულ გალერეაში მოხსენიებულია როგორც პოლ იოვანოვიტჩი (ინგლ. Paul Joanowitch), ასევეა მოხსენიებულია იუტას ფერწერის მუზეუმში. მის სხვა სახელებს შორისაა: პოლ იოანოვიტსი, პოლ ივანოვიტჩი, პოლ იოანოვიტჩი, პოლ იოანოვიტში, პ. იოანოუიტჩი და სხვანი.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა პაია იოვანოვიჩი

პაია იოვანოვიჩი დაიბადა ვრშაცში, ავსტრიის იმპერიაში (თანამედროვე სერბეთი). მისი მამა, სტევან იოვანოვიჩი ფოტოგრაფი იყო, ხოლო დედა, ერნესტინა იოვანოვიჩი (ქალიშვილობის გვარი:დეოტი) ფრანგული წარმოშობის იყო.[4] მან ბავშვობა და ადრეული ახალგაზრდობა სწორედ ამ ქალაქში გაატარა. ვრშაცის ერთ-ერთ ტაძარში მან ნახა პაველ ჯურკოვიჩისა და არსენიე თეოდოროვიჩის კანკელი,[5] რომელმაც მის შემდგომ შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. იოვანოვიჩის დედა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, მახტვრის მამამ კი ხელმეორედ დაქორწინება გადაწყვიტა.[5] მან ხატვასთან დაკავშირებული პირველი გაკვეთილები მასწავლებლისგან, ვოდეცკისგან მიიღო.[6] 1875 წელს 15 წლის პაია მამამ ვენაში წაიყვანა და იქ ყოფნისას, 1877 წელს პაია ადგილობრივ სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. სასწავლებელში მისი პროფესორი კრისტიან გრიენპენკერლი იყო.[7] პაიამ აკადემია 1880 წელს დაასრულა და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან კურსში, რომლებას აწყობდა ლეოპოლდ მიულერი, ცნობილი როგორც „ორიენტალისტი“ (აღმოსავლეთმცოდნე). ეჭვგარეშეა ის, რომ მიულერის კურსები პაიას მიმდინარეობის არჩევაში დაეხმარა. არდადეგების პერიოდში იოვანოვიჩი ხშირად სტუმრობდა ევროპის, ძირითადად კი ბალკანეთის ნახევარკუნძულის სხვადასხვა ქვეყანას. მან მოინახულა: ალბანეთი, დალმაცია, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე სერბეთი. მოგზაურობისას მან გააკეთა ჩანახატები და აღწერა ბალკანელი ხალხის ცხოვრების წესი. სწორედ ამ კვლევებმა მოუტანა პაია იოვანოვიჩს მსოფლიო აღიარება და პოპულარობა.[8] იმის გათვალისწინებით, რომ პაიამ ევროპელების დაინტერესება დაინახა ბალკანელების ცხოვრების წესით, მან დაიწყო სერბების, მონტენეგროელების, ჰერცეგოვინელების, არომანელების და ალბანელების ცხოვრების ამსახველ ნახატებზე მუშაობა. ამ ყველაფერმა მას დიდი რეპუტაცია მოუტანა. მან ბალკანეთში ასევე იმოგზაურა და შეისწავლა ადგილობრივი კულტურის ელემენტები და ფოლკლორი.[9]

საზოგადოებამ და ხელოვნების კრიტიკოსებმა ყურადღება მიაქციეს ახალგაზრდა მხატვარს, რის წყალობითაც პაიამ 1883 წელს გააფორმა ხელშეკრულება ლონდონის „ფრანგულ“ გალერეასთან.[10] მოგვიანებით მან იმოგზაურა კავკასიაში[11] მაროკოში, ეგვიპტეში,[11] საბერძნეთში, თურქეთში, იტალიასა და ესპანეთში.[12] მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც ადგილობრივი ხალხების კულტურის ამსახველ ჩანახატებს, ასევე გადმოცემულია ფარიკაობის, პატარძლის მოკაზმვისა და მამლების ჩხუბის ამსახველი ნამუშევრები.

1888 წელს ის გამოცხადდა სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის (მაშინდელი სამეფო აკადემია) წევრად.[13] მას დაევალა მონუმენტური, ისტორიული კომპოზიციების მოხატვა. 1905 წლიდან ძირითადად მუშაობდა პორტრეტებზე.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაია იოვანოვიჩი შეყვანილია „ყველა დროის 100 გამოჩენილ სერბს“ შორის.[14][15] იოვანოვიჩს მიღებული აქვს მრავალი შეკვეთა როგორც სერბეთში, ასევე საზღვარგარეთ. რამდენიმე სკოლა სერბეთში სწორედ მის სახელს ატარებს.[16]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Catalog of Pavle Paja Jovanovic Artworks | Народни музеј en-US. ციტირების თარიღი: 2019-09-26
  2. Лијескић, Б.. У потрази за портретом Рудолфа Валентина. ციტირების თარიღი: 2019-09-08
  3. Marić Stojanović, Milica; Ridolfi, Stefano (2008). „PAJA JOVANOVIC A PAINTER FROM SERBIA: A DATA BASE OF PIGMENTS“. 9th International Conference on NDT of Art. https://www.researchgate.net/publication/264690256.
  4. Gradski Muzej Vršac. ციტირების თარიღი: 2019-09-26[მკვდარი ბმული]
  5. 5.0 5.1 Paja Jovanović, slikar srpske istorije sh-RS. ციტირების თარიღი: 2019-09-26
  6. Ceo život igra sr-Latn. ციტირების თარიღი: 2019-12-12
  7. PATriot. (2016-11-08) Paja Jovanović – slikar srpske istorije sr-RS. ციტირების თარიღი: 2019-12-12
  8. ОРИЈЕНТАЛИЗАМ. Galerija Matice srpske. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-20. ციტირების თარიღი: 2021-05-15.
  9. Lekcije iz antike sr-Latn. ციტირების თარიღი: 2019-12-12
  10. Sreća u Londonu sr-Latn. ციტირების თარიღი: 2019-12-12
  11. 11.0 11.1 Popović, Radovan (2014). „The analysis of formal compositional characteristics of orientalist paintings by Paja Jovanović“. Zbornik Radova Akademije Umetnosti (2): 27–44. doi:10.5937/ZbAkUm1402027P. ISSN 2334-8666.
  12. Paja Jovanović - Biografija bs-BA (2018-06-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-26. ციტირების თარიღი: 2019-09-26
  13. Jovanovic Pavle Paja. ციტირების თარიღი: 2019-12-12
  14. COBISS/OPAC. ციტირების თარიღი: 2019-07-13
  15. Atelje Paje Jovanovića pred Vranjancima sr (2019-09-26). ციტირების თარიღი: 2019-09-26
  16. ОШ "Паја Јовановић" – Добро дошли на наш сајт en-US. ციტირების თარიღი: 2019-09-26