ოდეტ კეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოდეტ კეინი
OdetteKeun.jpg
ოდეტ კეინი
სრული სახელი ოდეტ ზოი კეინი
დაბ. თარიღი 10 სექტემბერი, 1888
დაბ. ადგილი სტამბული, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 14 მარტი, 1978
გარდ. ადგილი უერტინგი, ინგლისი
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი
ენა ნიდერლანდური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of the Netherlands.svg ნიდერლანდების სამეფო

ოდეტ ზოი კეინი (ნიდერლ. Odette Zoé Keun; დ. 10 სექტემბერი, 1888, სტამბული, ოსმალეთი, — გ. 14 მარტი, 1978, უერტინგი, ინგლისი) — მემარცხენე მიმართულების ნიდერლანდელი ჟურნალისტი და მწერალი. წერდა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. გამოქვეყნებული აქვს 19 წიგნი და ათობით ჟურნალისტური სტატია. ბევრს მოგზაურობდა. 1919-1921 წლებში იმყოფებოდა საქართველოში. კეინი ასევე ცნობილია სასიყვარულო ურთიერთობით მწერალ ჰერბერტ უელსთან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდეტ კეინი დაიბადა სტამბულში ჰოლანდიელი დიპლომატის, გუსტავ ჰენრი კეინისა და მისი იტალიურ-ბერძნული წარმოშობის მეუღლის, ჰელენე ლაუროს ოჯახში. 1902 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ოდეტი გამოირჩეოდა მეამბოხე განწყობებით, რის გამოც დედამ ნიდერლანდებში ურსულინების ქალთა კათოლიკური კონგრეგაციის სკოლაში გაგზავნა. გადაწყვეტილი ჰქონდა მონაზვნად შემდგარიყო საფრანგეთში, ქალაქ ტურის დომინიკელთა მონასტერში, თუმცა მალე გული აუცრუვდა და სტამბულში დაბრუნდა. მისი პირველი წიგნი „სახლები ქვიშაში“ (Les Maisons sur le sable, 1914) სწორედ კეინის რელიგიასთან განშორებას, საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებით მის ახალ ხედვას და მიწიერი სიყვარულისკენ სწრაფვას ასახავს.[2]

I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კეინი პარიზში გაემგზავრა. მუშაობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციაში რუანში. აქტიურად აკრიტიკებდა ევროპული ქვეყნების კოლონიურ პოლიტიკას, რის გამოც საიდუმლო სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა. მოგვიანებით თავის საყვარელთან ერთად ალჟირში დასახლდა, გადიოდა უდაბნოში და ცდილობდა ადგილობრივი ბერბერების ჯანმრთელობის დაცვაზე ეზრუნა. მისი შემდეგი პარტნიორი ქართველი მამაკაცი აღმოჩნდა და მასთან ერთად 1919 წელს კეინი საქართველოში ჩამოვიდა. მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი მწერალმა აღწერა წიგნში „ოქროს საწმისის ქვეყანაში“ (Au Pays de la Toison d’Or, ჰ. ჯესიმანის ინგლისურ თარგმანში: In the Land of the Golden Fleece, through Independent Menchevist Georgia; 1924), რომელსაც ისტორიკოსი სტივენ ჯონსი ახასიათებს, როგორც „საქართველოს რეგიონებზე ღირსშესანიშნავ ეთნოგრაფიულ ნაშრომს ფემინისტური ნააზრევის ჩანართებით“.[3] საქართველოს ეძღვნება ასევე კეინის სხვა წიგნიც, „თავადი ტარიელი: საქართველოს ამბავი“ (Prince Tariel: A Story of Georgia, 1925), პოლიტიკურ-ჯაშუშური ხასიათის რომანი, რომელიც გამოცემისთანავე აიკრძალა ბრიტანულ დაზვერვასთან ავტორის იმდროინდელი პრობლემების გამო. შემდგომ სასამართლომ წიგნის უკან დაბრუნების ბრძანება გამოსცა. ამჟამად წიგნის ასლი მსოფლიოს მხოლოდ ხუთ ბიბლიოთეკაში მოიპოვება.[4]

1921 წელს კეინი გახდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაცემისა და იძულებითი გასაბჭოების თვითმხილველი. კეინი გაემგზავრა სტამბულში, საიდანაც ბათუმში აპირებდა დაბრუნებას, თუმცა 1921 წლის ივნისში დიდი ბრიტანეთის სამხედრო პოლიციამ ის სტამბულში დააპატიმრა საბჭოთა რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით და სევასტოპოლში გააძევა. კეინმა სამი თვე დაჰყო რუსეთში, სადაც ბოლშევიკური ჩეკას მხრიდან შევიწროებას განიცდიდა. მოგვიანებით საბჭოური თავგადასავალი კეინმა აღწერა წიგნში „ლენინის მმართველობის ქვეშ: ინგლისელების მიერ რუსეთში დეპორტირებული ქალის ჩანაწერები“ (Sous Lénine; notes d'une femme déportée en Russie par les Anglais, ავტორისეულ ინგლისურ თარგმანში: My Adventures in Bolshevik Russia; 1923). სოციალისტური მსოფლმხედველობის ჟურნალისტი წერდა, რომ საბჭოთა რეალობამ მას „გული გაუტეხა“. საბოლოოდ მას მისცეს უფლება წასულიყო ხარკოვში; აქედან კი ის პარიზში გაემგზავრა. 1924-1933 წლებში მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ბრიტანელ მწერალ ჰერბერტ უელსთან, რომელიც კეინზე 22 წლით უფროსი იყო. წყვილი მათ მიერვე აშენებულ სახლში დასახლდა საფრანგეთის რივიერაზე, ქალაქ გრასში. უელსმა ქალს მიუძღვნა მისი ყველაზე დიდი რომანი „უილიამ კლისოლდის სამყარო“ (The World of William Clissold, 1926). უელსს ხშირად უჭირდა მეგობარი ქალის დამოუკიდებელ ხასიათთან და ექსცენტრულობასთან გამკლავება.[2]

მოგვიანებით კეინი მდივნად მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ საკონსულოში. 1937 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „TVA უცხოელის თვალით“ (A Foreigner Looks at the TVA), რომელშიც დადებითად აღწერა ტენესის ველის ადმინისტრაცია (Tennessee Valley Authority, TVA). ეს პროექტი ამერიკის მთავრობამ შექმნა დიდი დეპრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიზნით. TVA-ს კეინი დემოკრატიული განვითარებისა და მოდერნიზაციის მესამე გზად მიიჩნევდა, რომელიც გვერდს უვლიდა ერთის მხრივ, შეუზღუდავ კაპიტალიზმს, ხოლო მეორე მხრივ, ტოტალიტარიზმს. ამავე პერიოდში ის საყვედურობდა დასავლელ ლიბერალ-დემოკრატებს ფაშიზმისა და კომუნიზმის იდეოლოგიებთან მათი „უხერხემლო“ დამოკიდებულების გამო.[5] 1939 წელს კეინი ინგლისში გადასახლდა; ჯერ ლონდონში ცხოვრობდა, შემდეგ — ტორკიში და, საბოლოოდ, უერტინგში, სადაც გარდაიცვალა 1978 წელს.[2]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Les Maisons sur le Sable (Sansot), 1914
  • Mesdemoiselles Daisne de Constantinople (Sansot), 1917
  • Les Oasis dans la Montagne (Calmann-Lévy), 1920
  • Une Femme Moderne (Flammarion), 1921
  • Sous Lénine; notes d'une femme déportée en Russie par les Anglais (Flammarion), 1922
    • My Adventures in Bolshevik Russia (Bodley Head), 1923 (ინგლისურად თარგმნა ავტორმა)
  • Au Pays de la Toison d’Or (Flammarion)
    • In the Land of the Golden Fleece, through independent menchevist Georgia (Bodley Head) 1924 (ინგლისურად თარგმნა ჰ. ჯესიმანმა)
  • The Man Who Never Understood (Bodley Head) (გამოქვეყნდა ანონიმურად)
  • Prince Tariel: a story of Georgia (Cape), 1925
    • Prins Tariel (Dutch translation by V.d.Horst) (Arbeiderspers), 1926
    • Le Prince Tariel (French translation by. Fouret) (Malfère), 1927
  • La Capitulation (Malfère), 1929
  • Dans l'Aurès inconnu: soleil, pierres et guelâas (Malfère), 1930
  • A Foreigner Looks at the British Sudan (Faber & Faber), 1930
  • I Discover the English (Bodley Head), 1934
  • Darkness from the North (Brinton), 1935
  • A Foreigner Looks at the TVA (Longmans & Co), 1937
  • I Think Aloud in America (Longmans & Co), 1939
  • And Hell Followed ... A European ally interprets the war for ordinary people like herself (Constable & Co), 1942
  • Trumpets Bray (Constable & Co), 1943
  • Continental Stakes; Marshes of Invasion, Valley of Conquest and Peninsula of Chaos (Br. Cont. Syndicate), 1944
  • Soliloquy on some Matters of Interest to the Author (Keun), 1960

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Partington, John S. (2001). "Book Review: Odette Keun (1888–1978) (Amsterdam: Monique Reintjes, 2000)". The Wellsian 24: 60-63. http://community.dur.ac.uk/time.machine/OJS/index.php/Wellsian/article/view/408/396.
  3. Jones, Stephen F. (2005) Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883–1917. Harvard University Press, გვ. 298. ISBN 0674019024. 
  4. დავიწყებული მოგზაური: კარლა სერენა (1829-1884) / პიტერ სკინერი // ქართველოლოგი = Kartvelologi. - 2015. N8 (23).
  5. Dixon, Kevin (2013), Odette Keun in Torquay, We Are South Devon. ნანახია 23 თებერვალი, 2020.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Odette Keun : A critical socialist in Menshevic Georgia / Francoise Companjen // ანთროპოლოგიური კვლევანი = Anthropological Researches / საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია. - თბილისი, 2015. - ISSN 1512-0260. - [ტ.] II. - გვ.103-114.