მიხეილ სახოკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ სახოკია
დაბ. თარიღი 28 ივნისი 1902(1902-06-28)
დაბ. ადგილი ბაღმარანი, სოხუმის ოკრუგი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 აგვისტო 1983(1983-08-17) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო ბოტანიკა
მუშაობის ადგილი თბილისის ბოტანიკური ბაღი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

მიხეილ სახოკია (დ. 28 ივნისი, 1902, ბაღმარანი (ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — გ. 17 აგვისტო, 1983, თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, გეობოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და ბოტანიკის ინსტიტუტს. სახოკიას სამეცნიერო საქმიანობა 1925 წლიდან იწყება. ამ დროს ცნობილმა ბოტანიკოსმა აკადემიკოსმა ალექსანდრე გროსჰეიმმა ჩამოაყალიბა ბოტანიკით დაინტერესებული სტუდენტების ჯგუფი, სახელად „ბოტანიცეტუმ“, რომელშიც მიხეილ სახოკიასთან ერთად გაერთიანდნენ: ანა ხარაძე, ალფრედ კოლაკოვსკი, არმენ დოლუხანოვი, პავლე იაროშჩენკო, ტატიანა ჰეიდემანი.[1] მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის შირაქისა (1939) და ყაზბეგის (1961) სტაციონარები. 1961 წლიდან იყო ყაზბეგის მაღალმთის სტაციონარის გამგე. მას ეკუთვნის გამოკვლევები ფლორისტიკაში, მცენარეთა სისტემატიკაში, ბოტანიკურ გეოგრაფიაში, გეობოტანიკაში (კავკასიის მცენარეულობის კლასიფიკაცია, კარტოგრაფირება, მთიანი ქვეყნების ვერტიკალური სარტყლიანობის და გეობოტანიკური დარაიონების პრინციპების დამუშავება). ავტორთა კოლექტივთან ერთად შექმნა სსრკ ევროპული ნაწილის მცენარეულობის რუკა (I გამოცემა — 1950, II გამოცემა — 1980), რისთვისაც მიენიჭა აკადემიკოს ვ. კომაროვის სახელობის პრემია. თანაავტორია მონოგრაფიისა „სსრ კავშირის ევროპული ნაწილის მცენარეულობა“. მკვლევარი აქტიურად მუშაობდა აგრეთვე მრავალტომიანი გამოცემის „კავკასიის დენდროფლორის“ შედგენასა და რედაქტირებაში. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სახოკიას მიერ შედგენილმა მეგზურმა „ბოტანიკური ექსკურსიები საქართველოში“, რომელიც ინგლისურ და რუსულ ენებზე დაიბეჭდა (1961). იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი და გეობოტანიკური სექციის თავმჯდომარე. ინტენსიურად თანამშრომლობდა „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ მომზადებაში. დაჯილდოებულია „შრომის წითელი დროშის“ ორდენით და მედლებით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიხეილ სახოკიას ბიოგრაფია და წიგნი „მიხეილ სახოკიას ფოტოარქივიდან“
  2. ნახუცრიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 257-258, თბ., 1985 წელი.