შინაარსზე გადასვლა

მცირე წინტალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მცირე წინტალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
ოჯახი:  მეჭვავიასებრნი
გვარი:  მეჭვავია
სახეობა:  მცირე წინტალა
ლათინური სახელი
Charadrius dubius (Scopoli, 1786)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693770
გავრცელება

  ბუდობა
  მკვიდრობა
  გადაფრენები
  გამოზამთრება

მცირე წინტალა (ლათ. Charadrius dubius) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მას ძირითადად ყავისფერი ზედა ნაწილი აქვს, შავი ზოლი ყელზე და თავზე შესამჩნევი ყვითელი თვალის რგოლით. მისი შუბლი, მუცელი და მკერდის დანარჩენი ნაწილი თეთრია. მიგრირებადი სახეობაა, რომელიც მტკნარი წყლის მახლობლად ღია ხრეშიან ადგილებში მრავლდება, მათ შორის ხრეშიან ორმოებში, კუნძულებსა და მდინარის პირებზე. მისი რაციონი ძირითადად მწერებისა და ჭიებისგან შედგება, რომლებსაც ტალახიან ადგილებში ეძებს.

ძალიან ჰგავს საყელოიან წინტალას, მაგრამ უფრო პატარაა. ზომასა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება თითქმის არაა გამოხატული.[1] სხეულის სიგრძეა 14–15 სმ, ფრთების შლილი 42–48 სმ, მასა 32–48 გ.[2] თავი შავი და თეთრი ზოლებითაა, მუცელი თეთრი, ფრთები ყავისფერი.[3] საყელოიანი წინტალასაგან განსხვავებით, მცირე წინტალას პირველი რიგის პირველი მომქნევი ბუმბულის ღერო მთლიანად თეთრია, მისი წვეროს მცირე ნაწილის გარდა. დანარჩენი მომქნევების ღეროები კი მუქია. ქუთუთოების შიშველი კიდეები თვალის ირგვლივ წარმოქმნიან ყვითელ რგოლს. ნისკარტი შავია, ნისკარტქვედას მხოლოდ ძირია მოყვითალო. ფეხები მოყვითალოა.[1]

მოზარდი, პულიკატის ტბა, ინდოეთი

აღწერილია 3 ქვესახეობა.[4]

საქართველოში გავრცელებულია ჩრდილოური მცირე წინტალა (Ch. d. curonicus).[1]

გავრცელებულია სამხრეთი სკანდინავიიდან, პორტუგალიიდან და კანარის კუნძულებიდან იაპონიამდე და ფილიპინის კუნძულებამდე. სამხრეთით ვრცელდება ჩრდილოეთ აფრიკაში, შრი-ლანკაზე და ახალ გვინეაზე. იზამთრებს ეკვატორულ აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.[1]

ბინადრობს მდინარეებისა და ტბების ქვიშიან, უფრო იშვიათად რიყიან სანაპიროებზე, ზოგჯერ ბუდობს შლამიან ნაპირებზეც. ქვიშნარებსა და დიუნებზე შეიძლება შეგვხვდეს წყლიდან საკმაოდ მომშორებითაც. ტბები, რომლის ნაპირებთანაც მცირე წინტალა ბუდობს, მომლაშოც შეიძლება იყოს.[1]

ბუდეს აკეთებს ქვიშის მცირე ჩაღრმავებაში, ფოთლების მცირე ამონაფენით ან ამონაფენის გარეშე. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4–5 კვერცხს. ინკუბაცია 22 დღემდე გრძელდება. გამოჩეკიდან ერთი-ორი საათის შემდეგ მართვეები ტოვებენ ბუდეს.[1]

მცირე წინტალას ძირითად საკვებს შეადგენს პატარა ზომის ჭიები, ლოკოკინები, ხოჭოები და მათი ლარვები, რომელთაც ფრინველი პოულობს ქვიშიან ნაპირებზე სირბილის დროს. კუჭში ნაპოვნია წვრილი თესლებიც.[1]

მცირე წინტალა იმ სახეობებს შორისაა, რომლებზეც ვრცელდება აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შეთანხმება (AEWA). იგი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ კლასიფიცირებულია, როგორც მცირე საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.

  1. 1 2 3 4 5 6 7 კუტუბიძე მ., საქართველოს ფრინველების სარკვევი, თბ.: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1985.  გვ. 242–243.
  2. Little Ringed Plover Bird Facts (Charadrius dubius) en. Birdfact. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2023
  3. Little Ringed Plover Facts | Charadrius dubius. The RSPB. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2023
  4. Charadrius dubius. Animal Diversity Web. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2023