მეჭვავია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეჭვავია
Killdeer.jpg
მყვირალა წინტალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Charadrius (Linnaeus, 1758)

მეჭვავია[1] (ლათ. Charadrius) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 16–25 სმ, მასა 30–100 გრამი. ნისკარტი შედარებით მოკლე და სწორია. სხეულის ზედა ნაწილის შეფერვაში ჭარბობს რუხ-მურა და მოწითურო-ყავისფერი ტონები, მუცელი მოთეთროა, რამდენიმე სახეობას მუცელზე წითური ფერი გადაჰკრავს. მრავალ სახეობას მკერდზე განივად გასდევს შავი ზოლი („ყელსახვევი“), ხშირად შავი ნახატები აქვთ შუბლზე და თვალის გარშემო. ცნობილია დაახლ. 30 სახეობა. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში.[2]

საქართველოში ბინადრობს მცირე წინტალა (Charadrius dubius), მიმოფრენისას გვხვდება მღრინავი (Charadrius morinellus),[3] ყელსახვევიანი წინტალა (Charadrius hiaticula) და ზღვის წინტალა (Charadrius alexandrinus);[4] შემთხვევითი შემოფრენების სახით დაფიქსირებულია აზიური წინტალა (Charadrius asiaticus), მოკლენისკარტა წინტალა (Charadrius mongolus) და მსხვილნისკარტა წინტალა (Charadrius leschenaultii).[5]

იკვებებიან მრავალნაირი უხერხემლოებით, რომლებსაც მიწის ზედაპირზე ან წყალსატევის თავთხელ ადგილებში მოიპოვებენ. გადამფრენი ფრინველებია, მრავალი მათგანი შორეულ მიგრაციაში მიდის. სახეობების უმრავლესობა ბუდობს ქვიშიან, კენჭებიან, შლამიან პლაჟებსა და მლაშობებზე წყალთან ახლოს; რამდენიმე — უწყლო არიდულ ლანდშაფტებში. ცალკეული სახეობები მაღალ მთებს ეტანებიან. უპირატესად მონოგამური ფრინველებია, რამდენიმე სახეობა ავლენს პოლიგამიისა და პოლიანდრიისადმი მიდრეკილებას. წყვილების შექმნის პროცესი მოიცავს სატიხტიხო ფრენებსა და რთულ საქორწინო თამაშობებს. ბუდე ნიადაგზე არსებულ ორმოს წარმოადგენს, მასში ჩაფენილია მცენარეული მასალა, ზოგჯერ მორთულია კენჭებითა და მოლუსკების ნიჟარებით. დედალი დებს 3–4 კვერცხს; კრუხობასა და ბარტყების გაზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 70, 138, 191, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. 2.0 2.1 Иваницкий В. В. ЗУЙКИ // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 589.
  3. გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 651, თბ. 1983 წელი.
  5. Cheklist of birds of Georgia. Special Protection Areas (SPA) for birds in Georgia. aves.biodiversity-georgia.net. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.