შინაარსზე გადასვლა

მიქაელ არამიანცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიქაელ არამიანცი (დ. 4 მაისი, 1843, მთიანი ყარაბაღი — გ. 19 იანვარი, 1922, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედი, ვაჭარი და ბიზნესმენი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიქაელ არამიანცი მთიანი ყარაბაღის მკვიდრი იყო. ქალაქ შუშაში სწავლის პარალელურად, ადგილობრივი ვაჭრისაგან კომერციული საქმეც შეისწავლა, მცირე ხნით სპარსეთშიც იმუშავა, შეძლო გარკვეული თანხის დაგროვება და 1871 წელს კავკასიის ცენტრში, თბილისში ჩამოვიდა. აქ მან ქსოვილებით, შალითა და აბრეშუმით ვაჭრობა დაიწყო, პარალელურად კი ჩართული იყო შაქრის ტრანზიტულ აღებ-მიცემობაში სპარსეთსა და ევროპის ქალაქებში, რამაც ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში მილიონერი გახადა.

ბიზნესპროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასტუმრო „მაჟესტიკი“, ახლანდ. „თბილისი მარიოტი“

1877–1878 წლების რუსეთ- ოსმალეთის ომის პერიოდში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვამ არამიანცს დიდი ფინანსური სიძნელეები შეუქმნა, კომერსანტი ლამის გაკოტრდა, ამის შემდეგ ბაქოს მიაშურა და 1884 წლიდან ხელი მიჰყო ხე-ნავთობის ბიზნესს. ცნობილ მრეწველ ალექსანდრე მანთაშევთან ერთად, რომელსაც ახალგაზრდობიდან იცნობდა, მიქაელ არამიანცმა სანავთობო კომპანია დააფუძნა. კომპანია კასპიის ზღვის სანაპიროზე 170-ზე მეტ დესეტინა ნაკვეთს ფლობდა, სადაც ნავთობსარეწების გარდა გამართული იყო ნავთობის ქარხანა, ნავმისადგომი, მცირე სახელოსნოები და სხვა ინფრასტრუქტურა. XX საუკუნის დასაწყისისათვის კომპანია ნავთობის მოპოვებაში მხოლოდ „ძმები ნობელების კომპანიასა“ და „ძმები როტშილდების კასპია-შავი ზღვის საზოგადოებას“ ჩამორჩებოდა. ამხანაგობას „მანთაშევი და კომპანია“ წარმომადგენლობები გახსნილი ჰქონდა სმირნაში, თესალონიკეში, კონსტანტინოპოლში, კაიროში, მარსელში, ლონდონში, ბომბეისა და სხვა ქალაქებში. კომპანიის 25 პროცენტიანი წილის (ზოგიერთი ცნობით ერთი მესამედის) მფლობელი არამიანცი იყო. ნავთობმრეწველსა და კომერსანტს საკუთარი ვილა ჰქონდა ახტალაში, ხოლო პანსიონატი და მინერალური სამკურნალო წყლის რამდენიმე წყარო კისლოვოდსკში. მიქაელ არამიანცს ხშირად ბურჟუაზიული თბილისისის „მთავარ არქიტექტორად“ მოიხსენიებენ, რაშიც მისი დაკვეთით თბილისში რამდენიმე სოლიდური შენობის, კერძოდ, გოლოვინის პროსპექტზე სასტუმროების „მაჟესტიკისა“ და „პალას-ოტელის“, ხოლო ავლაბარში ქალაქის მუნიციპალური საავადმყოფოს აგება იგულისხმება. არამიანცი სერგიევის (დღეს მაჩაბელის #6) ქუჩაზე მდებარე ლამაზ შენობაში ცხოვრობდა, მასვე ეკუთვნოდა ასევე, შემოსავლიანი სახლი ცნობილი „ვერის ბაზრის“ მიმდებარედ ოლგას (დღეს მერაბ კოსტავას) ქუჩაზე.

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არამიანცის საავადმყოფო

1902 წელს მიქაელ არამიანცმა სურვილი გამოთქვა, რომ 100 ათას მანეთს გაიღებდა ქალაქში საავადმყოფოს აშენებისათვის, რომელსაც მისი სახელი უნდა დარქმეოდა. მშენებლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა, საავადმყოფოს დასრულებას დაპირებული თანხა არ ეყო და დამატებით ხარჯი ზუბალაშვილებმა გაიღეს. 1909 წლის ბოლოს გახსნილ ამ საავადმყოფოს, რომელიც ქალაქს დაეთმო, დიდხანს საკუთარი სახსრებით არამიანცი ინახავდა. იგი თვითონ იხდიდა, როგორც ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯს, ისე სამედიცინო პერსონალის ხელფასებსაც. საავადმყოფოში იდგა კავკასიაში პირველ რენტგენის აპარატიც, რომელიც ევროპიდან არამიანცმა პირადად ჩამოიტანა. მიქაელ არამიანცის სახელს უკავშირდება სომხეთის ეთნოგრაფიული საზოგადოების დაარსება, რომელიც მოწოდებული იყო მოეძია და შეეგროვებინა სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატები და მასალები. ქველმოქმედი დიდ თანხებს სწირავდა ამ საზოგადოებას, რომლის ბაზაზე შემდგომში სომხეთის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი გაიხსნა.

მანვე მონაწილეობა მიიღო აკადემიკოს ნიკო მარის დაფინანსებაში, რომლის ექსპედიცია პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით, 1892 წლიდან 1917 წლამდე სომხეთის ძველ დედაქალაქ ანისში არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა და სხვა. მილიონერი კომერსანტის მიერ გაწეული ქველმოქმედებიდან აღსანიშნავია: 50 ათასი მანეთის შეწირვა თბილისის მეორე გიმნაზიისათვის; 10 ათასი მანეთის გამოყოფა ბაქოს სომეხთა ჰუმანიტარული საზოგადოებისათვის; ეჩმიაძინის ტაძრისათვის გაწეული დახმარება 7 ათასი მანეთით; დასახლების მოწყობა ოსმალეთის იმპერიიდან ლტოლვილი თანამემამულეებისათვის ბორჩალოს პროვინციაში, მდინარე ალგეთის სანაპიროზე; თანხის გაღება სვეტიცხოვლის შეკეთებისა და გორში სომხური ეკლესიის რესტავრაციისათვის; ფოთში მცხოვრები სომხებისთვის 37 ათასი მანეთის გაგზავნა ხის დამმუშავებელი ქარხნის ასაშენებლად; ახპატის მონასტრისა და ადგილობრივი სომხური თემისათვის ტყისა და სახნავი მიწის ვრცელი ნაკვეთების გადაცემა; შუშის საეპარქიო სკოლისათვის ამ ქალაში მდებარე სახლის ჩუქება, რომელშიც თვითონ დაიბადა და სხვა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არამიანცს ცოლად ჰყავდა თბილისელი კომერსანტის ქალიშვილი ეხისაპეტ შოლკოიანცი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა. მათგან ორი მცირეწლოვან ასაკში გარდაიცვალა. ამასთან, ეხისაპეტს საყვარლები გაუჩენია, რის გამოც მეუღლეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიქაელი ცოლს გაეყარა. ბაქოდან ხელახლა თბილისში გადმოსვლის შემდეგ, რაც მეუღლის დაჟინების გარდა, ბიზნესკომპანიონ მანთაშევადა ლამაზმანს ევგენია შხიანცს დაუკავშირა, თუმცა მასზე არ დაქორწინებულა. კომერსანტმა ევგენიას ოლგას ქუჩაზე სამსართულიანი სახლი აუშენა, ეზოში პარიზიდან ჩამოტანილი, საგანგებოდ მისთვის დამზადებული ირმების ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგა და საჩუქრებითაც ანებივრებდა, თუმცა არც მასთან გაუმართლა. ქალი საყვარელთან ერთად თბილისიდან გაიქცა. იგი არამიანცთან მრავალი წლის შემდეგ, ავადმყოფი დაბრუნდა და მალევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სატრფოს პატივსაცემად, მის სახლთან გამავალ პატარა ქუჩისთვის არამიანცმა ევგენიას სახელი დაარქმევინა.

1907 წელს თბილისში ბოროტმოქმედებმა არამიანცის ვაჟი გაიტაცეს და ბიზნესმენს მის განთავისუფლებაში 100 ათასი მანეთი გამოსძალეს. უფრო გვიან, 1919 წელს მაისში ყაჩაღებმა თვითონ მიქაელის გატაცებაზე მოითბეს ხელი, თუმცა დამნაშავეები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა განსაკუთრებული რაზმის წევრებმა აღმოაჩინეს და დააპატიმრეს. მიქაელ არამიანცის ცხოვრებაში 1904 წელს კიდევ ერთი ინციდენტი მომხდარა. გაზეთების ცნობით, თბილისში, არტისტული საზოგადოების კლუბში, ბანქოს მოთამაშე არამიანცისათვის გარედან შემოსულ ერთ-ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. კომერსანტს ჯიბიდან რევოლვერი ამოუღია და გაუსვრია. სასამართლომ არამიანცი გაამტყუნა და 8 თვით „პატიმართა გამასწორებელ რაზმში“ გაგზავნა მიუსაჯა, რომელიც შემდეგ ორთვიანი ციხით შეუცვალეს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, კერძოდ 1920 წლის გაზაფხულზე, მიქაელ არამიანცს სახელმწიფომ თბილისში ქონების ნაწილი (რუსთაველის გამზირზე #17-ში მდებარე ექვსსართულიანი შენობა და მიწის ნაკვეთი) იძულების წესით ჩამოართვა, მაგრამ თანხით აუნაზღაურა. საბჭოთა რეჟიმმა კი მას ყველაფერი წაართვა და მხოლოდ საცხოვრებელი ბინა დაუტოვა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიქაელ არამიანცი თბილისში, 1922 წლის 19 დეკემბერს, სიღარიბეში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ხოჯევანქის სასაფლაოზე მრავალი თბილისელი დაესწრო. არამიანცის ვაჟები არამი და სოგომი 1921 წელს ემიგრაციაში საფრანგეთში გაიხიზნნენ, ხოლო მიქაელთან ერთადერთ მზრუნველად მისი უფროსი ქალიშვილი, ფლორა დარჩა, რომელმაც 100 წელზე მეტ ხანს იცოცხლა და 1980-იანი წლების დასაწყისში თბილისში გარდაიცვალა. არამიანცის კიდევ ერთი ქალიშვილის ანას შთამომავლები დღეს ლონდონში ცხოვრობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანელიძე ო., ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი… თბ., 2020, გვ. 409-412