შინაარსზე გადასვლა

ზუბალაშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზუბალაშვილი.
ძმები ზუბალაშვილები, 1859 წ.
იაკობ ზუბალაშვილი. მხატვარი ნიკოლაი სკლიფასოვსკი

ზუბალაშვილებიქართველი მრეწველები და ვაჭრები. მათი წარმომადგენლები ქართულ საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდებიან. შემდგომში ისინი ფართოდ ებმებიან ვაჭრულ-ხელოსნურ და კულტურულ საქმიანობაში. ბევრმა მათგანმა კათოლიკობა მიიღო. ვახტანგ VI-ის დროის მოღვაწე მღვდელი გიორგი, სარწმუნოებით მართლმადიდებელი, მწიგნობარი და ქართული სტამბის გახსნის მონაწილე იყო. შემდეგში ვახტანგს გაჰყვა რუსეთში.

ერეკლე II-ის დროს მოღვაწე რომანოზმა კარგად იცოდა სასტამბო საქმე, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადასახლდა და იქ განაგრძო წიგნების ბეჭდვა (1811 წლამდე). მისი საქმიანობა გააგრძელეს მისმა შვილებმა დავითმა და გიორგიმ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქვეყნის კაპიტალისტურ განვითარებასთან დაკავშირებით ზუბალაშვილები დაწინაურდნენ.

ფართო ვაჭრობას ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, თურქეთში, ირანსა და ინდოეთში სტეფანე ზუბალაშვილი. 1808 წელს იგი ინდოეთში მცხოვრებ სომეხ და ქართველ ვაჭრებს დაუახლოვდა და 1815 წელს იქ დასახლდა საცხოვრებლად.

XIX საუკუნის 20-იან წლებში სავაჭრო საქმიანობაში დაწინაურდნენ დავითი, გრიგოლი და მიხეილი, რომლებმაც რუსეთში გააჩაღეს ვაჭრობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილმა (1792-1864). მას არყის სახდელი ჰქონდა ქუთაისში და მის მიდამოებში. 1837 წელს თბილისში საფუძველი ჩაუყარა ამხანაგობას, რომელმაც დააარსა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა. ქარხნის მაქსიმალურმა მწარმოებლურობამ 186 ათას მანეთს მიაღწია. აქ 50 დაქირავებული მუშა და 10-ზე მეტი ოსტატი და ზედამხედველი მუშაობდა. ქარხანამ 7-8 წელი იარსება და დაიხურა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულობის გამო.

60-70-იან წლებში ცნობილი იყო კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი (1828–1901), რომელმაც დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი, შევიდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. 1850 წელს მიიღო შტაბის კაპიტნის ხარისხი. 1856 წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ხელი მიჰყო კომერციას. ფინანსური დახმარებას უწევდა კათოლიკურ და ქართულ სკოლებს, გაზეთებს.

კონსტანტინეს შვილების, სტეფანე (1860–1904), პეტრე (დ. 1862) და იაკობ (1876–1941) ზუბალაშვილების მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში „სახალხო სახლი“ — ქართული თეატრის შენობა, თავადაზნაურთა გიმნაზიის შენობა, კათოლიკური ეკლესია ბათუმში, ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და უცხოეთში. კონსტანტინეს უფროსი ვაჟი, ლევანი (1851–1914) ცხოვრობდა მოსკოვში; კალჩუგაში ააგო ცნობილი რეზიდენცია, რომელსაც შემდეგ ქალაქგარე საცხოვრისად იყენებდა ბოლშევიკური ელიტა.

  • ხოშტარია, ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 539-540.
  • ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი ; რედ.: [მურმან პაპაშვილი]. - თბ. : "უნივერსალი", 2011. - 339გვ. ; 21სმ.. - ლიტ-რა და წყაროები: გვ.: 196-204. - ანოტირებული ბიბლიოგრ.: გვ.: 205-262. - ფოტოდოკუმენტური მასალა: გვ.: 273-238. - ISBN: 978-9941-17-274-8
  • ხოშტარია ე., მრეწველობის განვითარება და მუშათა კლასის ჩამოყალიბება XIX საუკუნის საქართველოში, ტ. 1, თბ., 1966;
  • გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს., ტ. 5, თბ., 1962;
  • ჭიჭინაძე ზ., მრეწველობის წარმომადგენნი და ისტორია ზუბალაშვილების გვარისა, ტფ., 1906;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]