მთის ფაუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მთის ფაუნაცხოველთა ერთობლიობა, რომელიც მთამაღალზე მოსახლეობს. მთის ფაუნის ჩამოყალიბებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გამყინვარების პერიოდში ჰავის ცვალებადობას. აცივების დროს სიცივის მოყვარული ცხოველები იჭრებოდნენ სამხრეთში, ხოლო კლიმატის გათბობისთანავე ნაწილი მთებზე სახლდებოდა, ნაწილი კი ისევ ჩრდილოეთისკენ იხევდა. ამით აიხსნება, რომ ზოგი ჩრდილოეთი ევროპული ცხოველი ეთიოპიის მთებში გვხვდება, ხოლო ციმბირული სახეობების მსგავსი ფორმები კი — კუნძულ იავაზე და ა. შ. საქართველოში მთის ფაუნა კარგადაა წარმოდგენილი კავკასიონის მთამაღალზე და ალაგ-ალაგ — მცირე კავკასიონზე; ესენია ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, პრომეთეს მემინდვრია, თოვლა მემინდვრია, შურთხი, მაღრანი, ალპური ჭვინტა, მთის ტოროლა, რქოსანი ტოროლა, მთის მწყერჩიტა, ბატკანძერი, ორბი, სვავი, მთის არწივი, შავარდენი. ამავე ადგილს აღწევენ კავკასიური გრძელკუდა კბილთეთრა, დიდი ცხვირნალა, ყურდიდა მღამიობი, გუდაურის მემინდვრია, მელა, მგელი, თეთრყელა კვერნა, დედოფალა, კაკაბი, მებორნე, შავულა და სხვა ცხოველი. ქვეწარმავლებიდან მთამაღალს აღწევს გველისა და ხვლიკის ზოგიერთი სახეობა. ამავე ადგილების მდინარეებში იცის კალმახი. მთამაღალზე ბევრია ნაირგვარი მწერი, ზოგიერთი მოლუსკი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]