მექსიკა-სომხეთის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მექსიკა-სომხეთის ურთიერთობები
Map indicating locations of Armenia and Mexico

სომხეთი

მექსიკა

მექსიკა-სომხეთის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკასა და მექსიკის შეერთებულ შტატებს შორის. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ორივე ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია. სომხეთის საელჩო მეხიკოში მდებარეობს, ხოლო მექსიკის საელჩო სომხეთში მოსკოვში, რუსეთში მდებარეობს და საკონსულო ერევანშიც ფუნქციონირებს.[1][2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექსიკაში სომხური თემისადმი მიძღვნილი საათი, მექსიკის პარკი, მეხიკო

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ერთი თვის შემდეგ, 1992 წლის 14 იანვარს სომხეთის რესპუბლიკასა და მექსიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.[3] ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საკმაოდ მყიფეა და ძირითად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეშვეობით გლობალურ დონეზე დიპლომატიურ თანამშრომლობაში გამოიხატება. 2002 წლის მარტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრანიკ მარგარიანი მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მონტერეიში მონტერეის კონსენსუსის კონფერენციას დაესწრო. სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს ვიზიტი პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა იყო სომხეთისა და მექსიკის მთავრობის წარმომადგენლებს შორის. 2002 წლის აგვისტოში სომხეთი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვარტან ოსკანიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მეხიკოში. ვიზიტის დროს ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტის მქონეთათვის ვიზის გაუქმების შესახებ შეთანხმებას.[3]

2012 წლის ოქტომბერში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ ნალბანდიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მექსიკაში. ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი შეხედულებები გამოთქვა მექსიკის მიერ 2011 წელს ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის აღიარებასთან დაკავშირებით.[4] საგარეო საქმეთა მინისტრმა მეხიკოს მთავარ მოედანზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებითაც თავისი მოსაზრებები გამოთქვა.მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები ძეგლის დადგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ, პრეზიდენტ ალიევის ქანდაკება კერძო სახლში გადაიტანეს.[5] მექსიკაში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა მექსიკის სენატს მიმართა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით მექსიკაში საელჩოს გახსნის შესახებ ისაუბრა.[6] 2014 წლის დასაწყისში მეხიკოში სომხეთის საელჩო გაიხსნა.

2015 წლის აპრილში მექსიკის სენატის გადაწყვეტილებით სომხური კულტურის კვირეული მოეწყო, რომელიც სომხეთის ისტორიასა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 23-ე წლისთავს მიეძღვნა.[3] დღემდე, მექსიკაც ფორმალურად სომხების გენოციდი არ უღიარებია.[7] 2019 წელს ერევანში მექსიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა.[8]

ორმხრივი შეთანხმებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის საელჩო მეხიკოში

სომხეთსა და მექსიკას შორის რამდენიმე ორმხრივი შეთანხმებაა დადებული, მათ შორის: „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთო ინტერესების შესაბამის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების ჩამოყალიბების შესახებ“ (1993), „შეთანხმება დიპლომატიური და მომსახურების სფეროს პასპორტის მფლობელთათვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ (2002) და „შეთანხმება კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ (2002).[9]

უმაღლესი დონის ვიზიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარგარიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მექსიკაში. იმავე წელს მექსიკის შეერთებულ შტატებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვარტან ოსკანიანიც ეწვია. 2012 წელს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ ნალბანდიანი იმყოფებოდა მექსიკაში. 2017 წელს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ მექსიკის კონგრესის წევრები: მარგარიტა ბლანკა ქუატა და კარლოს ჰერნანდესი.

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს სომხეთსა და მექსიკას შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 1.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[10] სომხეთს მექსიკაში ძირითადად საკაბელო ყუთები, ელექტრონული ნაწილები და რენტგენის სხივების მანქანების დეტალები გააქვს. მექსიკიდან სომხეთში ძირითადად სამთვლიანი მოტოციკლეტები, ლუდი, ტეკილა, გამომშრალი ხილი (ჩირი) და ყავა შეაქვთ.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]