შინაარსზე გადასვლა

მაჰაბჰარატა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრუკშეტრას ომის ამსახველი ხელნაწერი

მაჰაბჰარატა (სანსკ. महाभारत mahābhārata „თქმულება დიდ ბჰარატებზე“) — ძველი ინდური ეპიკური პოემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის ინდოელი ხალხების თქმულებები და ლეგენდები. მისი აღმოცენების ხანად ითვლება ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი. თანამედროვე სახე მიიღო ახ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში.

წერილობითი ფორმით ძვ. წ. 400 და ჩვ. წ. 400 წლებში ჩამოყალიბდა. მაჰაბჰარატა შეიცავს დაახლ. ასი ათას ორლექსეულს, რითაც იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემაა.

მაჰაბჰარატა როგორც საგმირო, ასევე რელიგიურ-ფილოსოფიური ეპოსია. მის ავტორად მიჩნეულია ლეგენდარული პოეტი ვიასა, რომელსაც მაჰაბჰარატას შექმნა ღვთაება განეშამ შთააგონა.

პოემა შედგება თვრამეტი თავისა და ბოლოსიტყვაობისგან. ისევე როგორც არაბული ათას ერთი ღამე, მისი მთავარი შინაარსი განვრცობილია მრავალი პარალელური მოთხრობითა და მოკლე ეპიზოდით.

მაჰაბჰარატა განიხილავს ინდუიზმის ყველა ძირითად თემას - არსებათა ყოფას, სიკვდილსა და ხელმეორედ დაბადებას, კარმასა და დჰარმას, აღწერს ბედნიერებასა და ტანჯვას, კეთილისა და ბოროტის ქმედების ნაყოფს, მსხვერპლშეწირვას და მის დანიშნულებას.

ბჰარატას უძველესი შთამომავლობის პატრიარქს სამი შვილი ჰყავდა: დჰრიტარაშტრა, პანდუ და ვიდურა. უფროსი დჰრიტარაშტრა ბრმა დაიბადა, ამიტომ ტახტის მემკვიდრეობა შემდეგ ძმას - პანდუს - ერგო, მაგრამ პანდუმ თავისი ბრმა ძმა გაამეფა, თავად კი თავის მეუღლეებთან ერთად ტყეში გადაიხვეწა, სადაც მას ხუთი ვაჟი შეეძინა - ძმები პანდავები. მათს შორის აღსანიშნავია არჯუნაკრიშნას მეგობარი და მოსწავლე.

ბრმა დჰრიტარაშტრას ასი ვაჟი ეყოლა, ცნობილნი როგორც კაურავები. კაურავები შიშობდნენ, რომ პანდავები მათ ტახტს შეეცილებოდნენ, ამიტომ ცდილობდნენ ძმების განადგურებას, მაგრამ პანდავებს ბედი უღიმოდათ და ისინი ყოველთვის გადაურჩებოდნენ ხოლმე სიკვდილს.

საბოლოოდ, პანდავებს წილად ერგოთ საკუთარი სამეფო, რომელიც მათ კაურავებთან კენჭისყრაში ცამეტი წლით წააგეს, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგაც კაურავებმა პანდავებს სამეფო არ დაუბრუნეს, რამაც მათს შორის ომი გამოიწვია.

ბრძოლა კურუკშეტრას ველზე გაიმართა (დელის მიდამო). საომარი მოქმედებების დაწყებამდე კრიშნამ არჯუნას, რომელიც, მიუხედავად კაურავების ვერაგობისა, ძმათშორისი ომის წინააღმდეგი იყო, ბჰაგავადგიტა (მაჰაბჰარატას VI თავი) მოუყვა და ომის აუცილებლობასა და სამართლიანობაში დაარწმუნა. პანდავებმა კაურავები დაამარცხეს და ტახტი დაიბრუნეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაჰაბჰარატა“-დან