რამაიანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰანუმანის მხრებზე ამხედრებული რამა ებრძვის რავანას

„რამაიანა“ (სანსკრ.. रामायण — „რამას მოგზაურობა“) — ძველინდური ეპოსი სანსკრიტულ ენაზე, რომლის ავტორად ინდუსური ტრადიციის თანახმად, ითვლება ლეგენდარული ბრძენი ვალმიკი. ვალმიკის სახელი მოხსენიებულია, ასევე, ვედურ ლიტერატურაში, როგორც წმინდა ტექსტების ერთ-ერთი მასწავლებელი.

ეპოსის შედგენილობა[რედაქტირება]

„რამაიანა“ შედგება 24 000 ლექსისგან (480 002 სიტყვისგან — ტექსტის დაახლოებით 1/4 „მაჰაბჰარატას“ ტექსტია, რომელიც 4-ჯერ აღემატება „ილიადას“). ის დაყოფილია შვიდ წიგნად და 500 სიმღერად ე.წ. „კანდებად“. „რამაიანას“ ლექსები შედგენილია 32 მარცვალიანი მეტრით, რომელსაც ეწოდება ანუშტუბი.

"რამაიანას" შვიდი წიგნია:

  • ბალა-კანდა — წიგნი რამას ბავშვობაზე
  • აიოდია-კანდა — წიგნი აიოდიას სამეფო სასახლეზე
  • არანია-კანდა — წიგნი რამას უდაბნოში ცხოვრებაზე
  • კიშკინდა-კანდა — წიგნი რამას კავშირზე მაიმუნთა მეფე კიშკანდასთან
  • სუნდარა-კანდა — „ბრწყინვალე წიგნი“ კუნძულ ლანკაზე — რამას მეუღლე სიტას გამტაცებელი დემონის, რავანას სამეფოს შესახებ
  • იუდა-კანდა — წიგნი რამას მაიმუნთა ჯარების ბრძოლაზე დემონ რავანას ჯარებთან.
  • უტარა-კანდა — „საბოლოო წიგნი“

სიუჟეტი[რედაქტირება]

„რამაიანა“ მოგვითხრობს რამას ისტორიას, რომლის მეუღლე სიტა გაიტაცა ლანკას მეფე რავანამ. ეპოსში გაშუქებულია ადამიანური ყოფის და ღვთაებრივი აღქმის თემები. პოემა შეიცავს ძველ ინდოელ ბრძენთა სწავლებებს, რომელიც წარმოდგენილია ფილოსოფიასა და რელიგიურ თემებთან ერთად ალეგორიული სახით.

მთავარი გმირები[რედაქტირება]

  • რამა — პოემის მთავარი გმირი, კოსალის მეფის დაშარატის და მისი მეუღლის კაუშალიის უფროსი და საყვარელი ვაჟი. ის წარმოდგენილია, როგორც ღირსების განსახიერება. დაშარატმა ერთ–ერთი ცოლის კაიკეის ულტიმატუმის შედეგად სამეფო ტახტზე უარი ათქმევინა რამას. 14 წელი რამამ დევნილობაში გაატარა.
  • სიტა — რამას უსაყვარლესი მეუღლე, მეფე ჯანაკის ნახევრად ღვთაებად დაბადებული ქალიშვილი. ის განასახიერებს ღვთაება ლაქშმის და წარმოადგენს ქალური სიწმინდის იდეალს, ზრუნავს მეუღლეზე დევნილობაში, საიდანაც გატაცებული იქნება რავანას მიერ. რამა მოკავშირეების დახმარებით და რავანას მოკვლით გაათავისუფლებს მას ტყვეობიდან. მოგვიანებით სიტა შობს რამას ორ მემკვიდრეს — კუშუს და ლავუს.
  • ჰანუმანი — უძლიერესი ბანარა და ღმერთ შივას მეთერთმეტე განსახიერება. მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიტას გათავისუფლებაში.
  • ლაქშმანა — რამას უმცროსი ძმა, მასთან ერთად მყოფი დევნილობაში. ერთგული მეგობრის იდეალია და ასახიერებს გველ შეშუს. ის მუდმივად იცავს სიტას და რამას.
  • ბჰარატა — დაშარატის ვაჯი, რამას ძმა. როდესაც ის გაიგებს, რომ დედამისმა კაიკეიმ ტახტის მემკვიდრე რამა თავიდან მოიშორა, რომ მისი შვილი ბჰარატი გაემეფებინა, რაც დაშარატის სიკვდილის მიზეზი გახდა, უარს იტყვის უკანონოდ მიღებულ ძალაუფლებაზე და გაემგზავრება რამას საძებნელად. იგი წარმოადგენს სამართლიანობის იდეალს.
  • რავანა — რაკშასი, ლანკას მეფე. ათთავიანი და ოცხელიანი გამოსახულება. თუ თავს მოაჭრი ხელახლა ეზრდება. შემქმნელი ღმერთისგან მიიღო სასწაულებრივი საჩუქარი, რომლის თანახმად, 10 000 წლის განმავლობაში მას ვერ მოკლავს ვერც ღმერთი, ვერც დემონი და ვერც ადამიანი. თვით ღმერთებიც კი ძრწიან მისი ძალის წინაშე. იმისათვის, რომ რავანა იქნას დამარცხებული ღმერთი ვიშნუ განსახიერდება ადამიანში, რამასა და მის ძმებში. რავანა გაიტაცებს სიტას მისი ცოლად მოყვანის მიზნით, მაგრამ ვერ ძალადობს მასზე, რადგან ქალზე ძალადობის შემთხვევაში რავანა დაიღუპება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]