ავატარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიშნუს ათი ავატარა

ავატარა (სანსკრ. अवतार avatāra „ჩამოსვლა“) — ღვთაების ჩამოსვლა დედამიწაზე, ღმერთის გამოცხადება მოკვდავი ადამიანის ან ცხოველის სახით ინდუისტურ მითოლოგიასა და რელიგიაში. ასეთი გარდასახვა მაშინ ხდება, როდესაც კეთილს ბოროტი ემუქრება, კაცობრიობა გადაგვარების გზაზე დგება, სათნოება საფრთხეშია ან მორწმუნეთა დაცვაა საჭირო. ესაა ინკარნაცია, ტრანსფორმაცია, სულიერი და ხორციელი განსპეტაკების, სათნოებისა და კანონის (დჰარმას) ხსნის პროცესი, როდესაც ღმერთი ინარჩუნებს ღმერთის ძალასა და თვისებებს, მაგრამ ხდება ადამიანი ან რაიმე ცხოველის სახეს იღებს.

არსებობს ინდუისტური ერთ-ერთი მთავარი ღვთაება ვიშნუს ათი ძირითადი განსახიერება: მატსია (თევზი), კურმა (კუ), ვარაჰა (ტახი), ნარასიმჰა (ლომკაცი), ვამანა (ჯუჯა), პარაშურამა (მებრძოლი ქურუმი), რამა (ღვთაებრივი მეფე) კრიშნა, ბუდა და კალკი (აპოკალიფსური ანგელოზი). ავატარები დახასიათებულია მაჰაბჰარატაში, რამაიანაში და პურანებში.

ათი ავატარა — ეს არის ხორცშესხმული ვიშნუ, მათგან უფრო გამოჩენილი პერსონოფიკაციებია რამა, კრიშნა და ბუდა. როდესაც პირველი ორი ინდუისტური ლიტერატურის მნიშვნელოვანი პერსონაჟი და თაყვანისცემის ობიექტია, მესამე მათგანმა — ბუდამ — ინდოეთში პოპულარობა ვერ მოიპოვა და მისი კულტი მეზობელ სახელმწიფოებში გავრცელდა (იხ. ბუდიზმი)