შინაარსზე გადასვლა

მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი (1822-1869)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი
სრული სახელი
მარია კაროლინა ავგუსტა
წოდებები
ომალის ჰერცოგინია
დაიბადა 26 აპრილი, 1822
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 6 დეკემბერი, 1869, (47 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ბურბონები
მეუღლე(ები) ანრი, ომალის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ლუი, კონდეს პრინცი
მამა ლეოპოლდო, სალერნოს პრინცი
დედა მარია კლემენტინა ავსტრიელი
ხელმოწერა
რელიგია კათოლიციზმი

მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი (იტალ. Maria Carolina di Borbone-Due Sicilie, ფრანგ. Marie-Caroline de Bourbon-Siciles; დ. 26 აპრილი, 1822, ვენა, ავსტრიის იმპერია — გ. 6 დეკემბერი, 1869, ლონდონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ის შვილიშვილი. ომალის ჰერცოგ ანრი ორლეანელის ცოლი, საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის რძალი.

მარია კაროლინა დაიბადა 1822 წლის 26 აპრილს ვენაში. იგი იყო სალერნოს პრინც ლეოპოლდო დე ბურბონ-სიცილიელისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია კლემენტინა ავსტრიელის ერთადერთი ქალიშვილი. მამის მხრიდნ იგი ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის (ვის პატივსაცემადაც დაერქვა სახელი), ხოლო დედის მხრიდან ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ისა და დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის შვილიშვილი იყო.

მარია კაროლინა 1842 წელს

1844 წლის 25 ნოემბერს 22 წლის მარია კაროლინა ნეაპოლში დააქორწინეს ომალის ჰერცოგ ანრი ორლეანელზე, საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალია ნეაპოლელის უმცროს ვაჟზე. პრინცესას მზითვში 517,000 ოქროს ფრანკი გაატანეს. ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა დატოვა იტალია და პარიზში გადავიდა, სადაც ისინი ტიუილრის სასახლეში დასახლდნენ.

ქორწინების პირველი თვეების განმავლობაში წყვილს არ მიეცა ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალება, რამეთუ საქორწინო ზეიმი, მასკარადები და წარმოდგენები უბრალოდ არ წყდებოდა. 1845 წლის მაისში ის და მისი ქმარი შატო დე შანტილში გაუშვეს თაფლობის თვის გასატარებლად, საიდანაც დაიწყო მათი ოჯახური თანაცხოვრება. ცნობილია, რომ წყვილი ერთმანეთს კარგად შეეწყო. 1847 წელს მარია კაროლინა მხარს უჭერდა ანრის ალჟირის კამპანიისას.

1848 წელს მისი მამამთილი, მეფე ლუი ფილიპი ტახტიდან ჩამოაგდეს და ორლეანელების სამეფო ოჯახიც საფრანგეთიდან გააძევეს. ისინი ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში წავიდნენ, სადაც დევნილი სამეფო ოჯახი დედოფალმა ვიქტორიამ შეიფარა და სხვადასხვა სასახლეში გადაანაწილა. მარია კაროლინა და ანრი ვიქტორიამ ლონდონის გარეუბანში მდებარე ტუიკენჰემის სასახლეში დააბინავა. სწორედ აქ გაატარა მან თავისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი.

ბრიტანეთში ჩასვლისთანავე მარია კაროლინა დედოფალ ვიქტორიას ახლო მეგობარი გახდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც ვიქტორიამ მას და მის ქმარს თავისი რეზიდენცია დაუთმო საცხოვრებლად. 1864 წლის ზაფხულში ანრიმ მარია კაროლინა ევროპის ტურში წაიყვანა სამოგზაუროდ, რა დროსაც მათ მოინახულეს შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, უნგრეთი, ბელგია და ესპანეთი.

1866 წელს მისი ერთადერთი გადარჩენილი ძის, კონდეს პრინც ლუის დაღუპვამ საშინლად იმოქმედა მარია კაროლინაზე. ამის შემდეგ იგი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, საიდანაც სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ გამოვიდა. იგი გარდაიცვალა 1869 წლის 6 დეკემბერს ლონდონში, 47 წლის ასაკში, ტუბერკულოზით. მის შემდეგ მისი ქმარი აღარ დაქორწინებულა, თუმცა კიდევ ოცდაათ წელს იცოცხლა.

  1. ლუი ფილიპი (1845-1866), კონდეს პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ანრი ლეოპოლდი (1847), გიზის ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილი;
  3. მკვდარშობილი გოგონა (1849);
  4. ფრანსუა პოლი (1852), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. ფრანსუა ლუი (1854-1872), გიზის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  6. მკვდარშობილი ვაჟი (1861);
  7. მკვდარშობილი ვაჟი (1864);
  • Raymond Cazelles: Le duc d’Aumale. Prince aus dix visages. Tallandier, Paris 1984, ISBN 2-235-01603-0, pp. 98–115, 279–282.
  • Alfred-Auguste de Cuvillier-Fleury: Marie-Caroline Auguste de Bourbon, duchesse d’Aumale, 1822–1869. C. Lahure, Paris 1870.
  • Eric Woerth: Le duc d’Aumale. L'étonnant destin d’un prince collectionneur. L’Archipel, Paris 2006, ISBN 2-84187-839-2, pp. 65–82.