მანსელკია
მანსელკია | |
---|---|
მთა სოკოსტი | |
კოორდინატები: 67°40′06″ ჩ. გ. 29°28′47″ ა. გ. / 67.66833° ჩ. გ. 29.47972° ა. გ. | |
ქვეყანა | ფინეთი ნორვეგია რუსეთი |
უმაღლესი წერტილი | სოკოსტი |
სიმაღლე | 718 მ |
სიგრძე | 750 კმ |
სიგანე | 75 კმ |
მანსელკია ან მაანსელკია (ფინ. Maanselkä) — მაღლობი ფინეთის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ ნორვეგიის ჩრდილოეთში და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში. მოქცეულია ფენოსკანდიის ფარგლებში, ბალტიის ფარის ცენტრალურ ნაწილში. ქმნის წყალგამყოფს ბალტიის, თეთრ და ბარენცის ზღვებს შორის. წარმოადგენს დენუდაციურ-ტექტონიკურ ამაღლებას, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 750 კმ-ზე, სიგანე დაახლოებით 75 კმ, სიმაღლე 718 მ-მდე (მთა სოკოსტი). საყოველთაოდ არის ძველი მყინვარების ეროზიული მოქმედების კვლები. დამახასიათებელია მორენული წყალ-მყინვარული ამაღლებული ვაკეები, ბორცვები და სერები, ვერძის შუბლები და ხუჭუჭა კლდეები. წარმტაცი ტბების მრავალრიცხოვანი ჯაჭვი ერთმანეთთან დაკავშირებულია მოკლე და მშფოთვარე ჭორომიანი მდინარეებით, რომლებსაც სუსტად აქვთ გამომუშავებული თავიანთი ხეობები. კლიმატი ზომიერად კონტინენტურია, ნიშანდობლივია ხანგრძლივი რბილი ზამთარი და მოკლე და გრილი წვიმიანი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით –12°С, ხოლო ივლისისა დაახლოებით 15°С. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამია 450 მმ-იდან 700 მმ-მდე. განვითარებულია ლანდშაფტების სიმაღლებრივი სარტყლურობა: ჩრდილოეთის ტაიგის ტყის ლანდშაფტებს (ადგილ-ადგილ დაჭაობებულს) ცვლის არყნარ-ნაძვნარი და არყის მეჩხერი ტყე; მაღალ ადგილებში ტუნდრის ბუჩქნარ-ლიქენიანი მთის ლანდშაფტებია. მაღლობის ფარგლებშია ლემენიოკის ეროვნული პარკი, ურჰო კეკონენის ეროვნული პარკი და სხვა. განვითარებულია ხე-ტყის დამუშავება, მეირმეობა, ნადირობა, მეთევზეობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანსელკია — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)