მეთევზეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თევზსარეწი მეურნეობა ჩრდილოეთის ზღვაში.

მეთევზეობასოფლის მეურნეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა თევზის მოშენება წყალსატევებში, მათი მარაგის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება. მოიცავს ბუნებრივი წყალსატევებისა და ტბორულ მეთევზეობას.

ბუნებრივი წყალსატევების მეთევზეობის დანიშნულებაა მდინარეების, ტბების, წყალსატევების, ზღვების თევზის მარაგის აღწარმოების გაფართოება და მისი ხარისხის გაუმჯობესება.ადამიანის სამეურნეო-პრაქტიკული მოღვაწეობის სულ უფრო მზარდი მასშტაბების გამო იზრდება მისი ზემოქმედება წყლის გარემოზე (წყლების გაჭუჭყიანება, ჰიდრომშენებლობა და სხვა). ამის გამო, ხშირად ირღვევა ან ქვეითდება თევზის მარაგის აღწარმოება. ბუნებრივ წყალსატევებში თევზის მარაგის გადიდებისათვის თევზებს ხელოვნურად ამრავლებენ, ტარდება სარეწაო სახეობების აკლიმატიზაცია, თევსაშენი წყალსატევების მელიორაცია, ჰიდრომშენებლობათა კაშხლებზე აკეთებენ თევზსაშვებსა და თევზსასვლელებს, უზრუნველყოფენ წყლის დონის მყარ რეჟიმს, წმენდენ მდინარის საქვირითე ადგილებს, აგებენ თევსაშენ ქარხნებს და სხვა.

ტბორული მეთევზეობის დანიშნულებაა თევზის გამრავლება და მოშენება სპეციალურად აგებული სათევზმეურნეო ტბორებში. მეთევზეობის ამ ფორმის ყველა პროცესს, თევზის გამრავლებიდან სასაქონლო პროდუქციის მიღებამდე, ადამიანი მართავს.

მეთევზეობა, როგორც მეცნიერული დისციპლინა, იკვლევს თევზსაშენი ღონისძიებების ბიოლოგიურ საფუძვლებს და თევზსაშენი პროცესების ბიოტექნიკას (ქვირითის ინკუბაცია, თევზების კვება და სხვა). მეთევზეობა ისწავლება სათევზმეურნეო უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტების ზოოტექნიკურ ფაკულტეტებზე, უნივერსიტეტებში.

საქართველოში მეთევზეობას უძველესი ისტორია აქვს. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი (I ს.) აღნიშნავს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე დასახლებულ ქართველ ტომთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეურნეო დარგია მეთევზეობა. გვიანდელი ფეოდალური ხანის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ თითქმის ყოველ ფეოდალს ჰყავდა ყმა-მეთევზეები. საქართველოს მდინარეებსა და ტბებში თევზის სიუხვე მიუთითებს ვახუშტი ბატონიშვილი. თბილისის ბაჟის ნუსხებში მოხსენიებულია, რომ ბაზარზე ხშირად გამოჰქონდათ ზუთხი, ორაგული და სხვა ნედლი თევზი. საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნება (წყალსატევების სიუხვე) საშუალებას იძლევა ტბორული მეთევზეობის განვითარებისა და თევზის ფართოდ აკლიმატიზაციისათვის. ამ მიზნით შემოყვანილია თევზის შემდეგი სახეობები: რიპუსი, სიგი, პელიადი, ცისარტყელა კალმახი, სარკისებრი კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა და სხვა თევზები. განსაკუთრებით ნაყოფიერად განვითარდა სარკისებრი კობრის ტბორული მეურნეობა. პირველობა ამ მხრივ ეკუთვნის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯაპანას ტბორულ მეურნეობას (1933).

მეთევზეობის მეცნიერული შესწავლა საქართველოში XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. ამ მხრივ აღსანიშნავია ვახუშტი ბატონიშვილის შრომები, რომლებშიც დახასიათებულია საქართველოს მთავარი მდინარეებისა და ტბების თევზები, თევზაობის ზოგიერთი წესი და იარაღი. მეთევზეობის დარგში სამეცნიერო-კვლევით მუშობამ სისტემატური ხასიათი მიიღო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მეთევზეობის საკითხები შუქდებოდა ჟურნალებში: „Рыбное хозяйство“, „Рыбоводство и рыболовство“, „Вопросы ихтиологии“ და სხვა ჟურნალებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 19*60;
  • Мартышев Ф. Г., Прудовое рыбоводство М., 1973;
  • Черфас Б. И., Рыбоводство в естественных водоемах, 3 изд., М., 1956;
  • ელანიძე რ., ქსე, ტ. 6, გვ. 547-548, თბ., 1983