მამლის მთის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამლის მთის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. მდებარეობს მამლის მთის სამხრეთით, მთის მოვაკებულ ქედზე.

ნასოფლარი დასავლეთიდან მდინარე კურცხანის ხეობას და ფერსათის მთას გაჰყურებს, აღმოსავლეთიდან მდინარე მამლის წყაროს ხეობას, ჩრდილოეთიდან მამლის მთის კლდოვანი მასივი საზღვრავს, ხოლო სამხრეთით კურცხანის ხეობის ქვემო წელს გასცქერის. ნასოფლარის ტერიტორიაზე 10-მდე ნაგებობის კედლის ნაშთები და სამოსახლო ბუდეები ფიქსირდება. ნაგებობები რელიეფზეა მორგებული და უმეტესად სამი მხრიდან ნაწილობრივ ან მთლიანად მიწაშია შედგმული. კედლები ამოყვანილია კლდის სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვებისგან, ზოგან გამოყენებულია მოზრდილი ლოდები. წყობა მშრალია, დუღაბის გარეშე. სათავსი თუ საცხოვრებელი ნაგებობები სწორკუთხა ფორმისაა.

ნასოფლარის ცენტრალურ ნაწილზე შედარებით უკეთაა ბანურ სახურავიანი საცხოვრებელი სახლი შემორჩენილი. დაზიანებულია საყრდენი კედლები და ნაწილობრივ ჩამოქცეულია სახურავი, თუმცა ჯერ კიდევ შემორჩენილია ჰორიზონტალურად გადებული ხის კოჭები. ნასოფლარზე უმეტესად ერთოთახიანი საცხოვრებელი ნაგებობები გვხვდება, თუმცა კურცხანის ხეობისკენ მიმართულ დამრეც ფერდზე ვხვდებით კედლით ორ დამოუკიდებელ სწორკუთხა სივრცედ გაყოფილ ნაგებობის ნაშთსაც. ნასოფლარის ჩრდილოეთით ბილიკის პირას წყარო მოედინება. ნასოფლარზე ჩამოდის ნასაბაჯვარიდან ჯაჯის ტბისკენ მიმავალი ბილიკი, რომელიც ასევე მთის ბილიკებით გარდა ადიგენის მუნიციპალიტეტისა უერთდება ჩოხატაურისა და ვანის მუნიციპალიტეტს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29851