ლუი ავგუსტ დე ბურბონი
ლუი ავგუსტ დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 მარტი, 1670 |
გარდაცვალების თარიღი | 14 მაისი, 1736, (66 წლის) |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | მაინის ჰერცოგი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ლუიზ ბენედიქტა დე ბურბონი |
შვილ(ებ)ი |
ლუი ავგუსტი, დომბეს პრინცი ლუი შარლი, ოს გრაფი ლუიზ ფრანსუაზი, მაინის მადმუაზელი |
მშობლები |
მამა: ლუი XIV, საფრანგეთის მეფე დედა: მადამ დე მონტესპანი |
ხელმოწერა |
ლუი ავგუსტ დე ბურბონი (ფრანგ. Louis Auguste de Bourbon; დ. 31 მარტი, 1670 — გ. 14 მაისი, 1736) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უკანონო ვაჟი, რომელიც 1673 წელს ლეგიტიმურად სცნეს და მაინის ჰერცოგობა უბოძეს. იგი მეფის საყვარელი ვაჟი და ბურბონთა დინასტიის მაინის განშტოების დამაარსებელი გახდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუი ავგუსტი დაიბადა 1670 წლის 31 მარტს პარიზში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი ვაჟი, რომლის ლეგიტიმაციაც 1673 წელს შედგა, რა დროსაც მან მიიღო ბურბონის გვარი და მაინის ჰერცოგად დაინიშნა. 1681 წელს ლუი ავგუსტმა თავისი ბიძაშვილის, ანა მარი ლუიზა ორლეანელის გარდაცვალებით მემკვიდრეობით მიიღო დომბეს პრინცის, ომალის ჰერცოგისა და ოს გრაფის ტიტულები.
დედამისი განსაკუთრებით ზრუნავდა მის განათლებაზე, რისთვისაც იგი ახსაზრდელად მიაბარა ფრანსუაზ დ'ობინეს, იგივე მარკიზა დე მონტენონს, რომელიც 1683 წელს დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის გარდაცვალებისთანავე ლუი ავგუსტის მამას, მეფე ლუი XIV-ს გაჰყვა ცოლად და რამდენიმე წელიწადში მონტესპანიც მოიშორა თავიდან. თუმცა, თავად უშვილო მონტენონს ძალიან უყვარდა ბავშვები და იგი გულმოდგინედ ზრუნავდა ლუი XIV-ის შვილების აღზრდა-განათლებაზე.
1686 წელს ლუი ავგუსტი დანიშნეს ნემურის გრაფ კარლო ამადეოს ქალიშვილ მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელზე, თუმცა 1704 წელს ნიშნობა ჩაიშალა და 1708 წელს იგი ცოლად სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-ს გაჰყვა.
1692 წელს ლუი ავგუსტმა ცოლად შეირთო კონდეს პრინც ანრი ჟიულ III-ისა და ანა კურპფალცელის ასულ ლუიზ ბენედიქტაზე, რითაც იგი ვიტელსბახების ძლევამოსილ დინასტიას დაუნათესავდა. 1714 წელს ლუი ავგუსტი და მისი ძმა, ტულუზის გრაფი ლუი ალექსანდრე საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეებადაც კი განიხილებოდნენ, თუმცა ტახტზე საბოლოოდ ლუი XIV-ისა და დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის შვილთაშვილი ლუი XV ავიდა.
ლუი ავგუსტისა და ლუიზ ბენედიქტას ქორწინება დიდად ბედნიერი არ იყო, რადგან ჰერცოგინია გამუდმებით ჩიოდა, რომ მისი ქმარი უკანონოდ შობილი და მისთვის შეუფერებელი იყო.
1718 წელს ლუი ავგუსტი ჩართულ იქნა ესპანეთის სამეფო ხელისუფლებისადმი აჯანყებაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა ესპანეთის ტახტიდან მეფე ფილიპე V-ის ჩამოგდება და მასზე ლუი ავგუსტის დასმა. ამბოხება სასტიკად ჩაახშეს და ლუი ავგუსტი მადრიდის ციხეში გამოკეტეს, საიდანაც იგი მხოლოდ 1720 წელს გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ იგი პოლიტიკასა და სამეფო კარს ერიდებოდა, რის გამოც დომბეს სასახლეში დაიდო ბინა თავის ოჯახთან ერთად, სადაც იგი 1736 წლის 14 მაისს გარდაიცვალა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მადმუაზელ დე დომბე (დ. 11 სექტემბერი, 1694 — გ. 26 სექტემბერი, 1694), გარდაიცვალა ჩვილი;
- ლუი კონსტანტი (დ. 17 ნოემბერი, 1695 — გ. 28 სექტემბერი, 1698), პრინცი დე დომბე, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მადმუაზელ დე ომალი (დ. 21 დეკემბერი, 1697 — გ. 22 აგვისტო, 1699), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუი ავგუსტი (დ. 4 მარტი, 1700 — გ. 1 ოქტომბერი, 1755), დომბეს პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ლუი შარლი (დ. 15 ოქტომბერი, 1701 — გ. 13 ივლისი, 1775), ოს გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- შარლი (დ. 31 მარტი, 1704 — გ. 2 სექტემბერი, 1708), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუიზ ფრანსუაზი (დ. 4 დეკემბერი, 1707 — გ. 19 აგვისტო, 1743), მადმუაზელ დე მაინი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lewis, W.H., Louis XIV, the Sun King, ISBN 978-3-453-55034-6
- Wolf, J. B., Louis XIV, New York: Norton, 1968.
- Lewis, W.H., Sunset of the splendid century; the life and times of Louis Auguste de Bourbon, duc du Maine, 1670-1736, Eyre & Spottiswoode, London, 1955.
- Hilton, Lisa, Athénaïs:The Real Queen of France.