ლუკა ციხისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკა ციხისთავი
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1901
დაბ. ადგილი ფშაველი, თელავის მაზრა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 26 მარტი, 1976
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
სამეცნიერო წოდება დოცენტი, თსუ

ლუკა ციხისთავი (დ. 1 დეკემბერი, 1901 — გ. 26 მარტი, 1976) — ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, რეპრესიების მსხვერპლი. პირველად 1924 წელს ლავრენტი ბერიას ხელდასმით დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის, რაც, აგრეთვე, უკავშირდებოდა ლუკას ბიძაშვილის, ლონგინოზ (ლონგო) ციხისთავის („ძია“) წევრობასა და აქტიურ მონაწილეობას ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის შეთქმულთა რაზმში. ერთი წელი ლუკა ციხისთავმა მეტეხის ციხეში დაჰყო. მეორედ, 1937 წელს დააპატიმრეს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით. 1937-1957 წლებში ლუკა ციხისთავი სტალინის რეჟიმის პოლიტპატიმარია. ამჯერად, ლუკა ციხისთავმა 20 წელი საბჭოთა საპატიმროებსა და გულაგის ბანაკებში (სოლიკამსკი, პერმის მხარე, ციმბირი, რუსეთი; ყარაგანდა, ყაზახეთი) მოიხადა. საყოველთაო რეაბილიტაციის გამოცხადების შემდეგ, 1956 წლის მიწურულს, ლუკა ციხისთავი დაუბრუნდა სამშობლოსა და ოჯახს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკა ციხისთავი დაიბადა 1901 წლის 1 დეკემბერს იოსებ და მელანია (ელისაბედი) ციხისთავების ოჯახში, თელავის მაზრის სოფელ ფშაველში. მამა, იოსებ ციხისთავი (1875-1932 წწ.) გერმანელი მაგნატის – ბარონ ფონ გეიკინგის საკუთრებაში არსებული ტყეების გამგებელი იყო თელავის მაზრაში. დედა, მელანია (ელისაბედი) ჩაღათაშვილი დიასახლისი იყო. იოსებს და ელისაბედს სამი შვილი შეეძინათ: გრიგოლი (გრიშა) (1898-1957 წწ.), ლუკა (1901-1974 წწ.), და ოლღა (ოლია) ციხისთავი-კეცხოველისა (1905-1997 წწ.). იოსებისა და ელისაბედის სამივე შვილი წარმატებული სპეციალისტი დადგა: გრიგოლი ზოოტექნიკოსი იყო, ოლღა — მიკრობიოლოგი, ხოლო ლუკა — ისტორიკოსი. 1927 წლის 1 ივლისს ლუკა ციხისთავმა იქორწინა ნინო (ნინა) გუჩმაზაშვილზე (1906-1986 წწ.). ლუკა და ნინა ციხისთავებს ორი შვილი შეეძინათ: ირაკლი ციხისთავი (1928-2009 წწ.) და ლეილა ციხისთავი (1931-1968 წწ.).

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკა ციხისთავმა დაწყებითი განათლება თელავის სამრევლო სკოლაში მიიღო. თელავის სასულიერო სასწავლებლის დასრულების (1912-1916 წწ.) შემდეგ, 1917 წელს სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ერთი წელი ისწავლა. 1918 წელს სწავლა ტფლისის ქართულ გიმნაზიაში გააგრძელა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ლუკამ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1920-1924 წწ.) სიბრძნისმეტყველებისა და სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ეკონომიკურ დარგზე განაგრძო და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია. ლუკა ციხისთავს 1956 წ. მიენიჭა ისტორიის კათედრის დოცენტის ხარისხი. 1959 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკა ციხისთავი (შუაში), დავით ლორთქიფანიძე (მარცხნივ), ნიკო ბერძენიშვილი (მარჯვნივ). ბათუმი, 1934 წ.

1924 წელს ლუკა ციხისთავმა მუშაობა დაიწყო ქვემო ჭალის გლეხთა ახალგაზრდობის სკოლის გამგედ და ისტორიის მასწავლებლად. 1928 წელს იგი თბილისში გადმოიყვანეს და პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლის დირექტორის მოადგილედ და ისტორიის მასწავლებლად დანიშნეს.

1930 წლიდან განათლების კომისარიატში ინსტრუქტორად აგრძელებს მუშაობას, იყო მეცნიერებისა და ხელოვნების სამმართველოს უფროსი. იმავე პერიოდში იგი შეთავსებით ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა პირველ და მესამე საცდელ-საჩვენებელ სკოლებში, ატარებდა გაკვეთილებს თბილისის საშუალო სკოლების მასწავლებლებისთვის. იყო დაუსწრებელი პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი. 1931-1932 წლებში ლუკა ციხისთავი მუშაობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორად. იმავე დროს იგი იყო სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და სწავლული მდივანი.

1933 წლიდან სიმონ ხუნდაძის შუამდგომლობით, ლუკა ციხისთავი გადაიყვანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ ისტორიულ-ლიტერატურული ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, ხოლო 1933 წლის სექტემბრიდან კი ისტორიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. შეთავსებით მუშაობდა ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტის „ელხის“ დირექტორის მოადგილედ და ისტორიის განყოფილების გამგედ. 1936 წლიდან ლუკა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს. შეთავსებით აგრძელებდა მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ელხის“ დირექტორის მოადგილედ, უნივერსიტეტის გამომცემლობაში, სიძველეთა დაცვის კომიტეტში. 20-წლიანი პატიმრობისა და გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, ლუკა ციხისთავი 1957-1958 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ. 1958-1960 წლებში ლუკა ციხისთავი პედაგოგიკის ინსტიტუტში ისტორიის სწავლების მეთოდიკის განყოფილების გამგედ გადაიყვანეს.

ლუკა ციხისთავი, ჯგუფური ფოტო. თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლა. თბილისი, 1930 წ. (ქვემოდან მე-3 რიგში, მარჯვნიდან მე-2).

1961-1976 წლებში, გარდაცვალებამდე, ლუკა ციხისთავი მუშაობდა ა. ს. პუშკინის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სსრკ ისტორიის კათედრის დოცენტად. სხვადასხვა დროს იგი იყო საღამოს სწავლებისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი, წლების მანძილზე მონაწილეობდა საზოგადოება „ცოდნის“ საქმიანობაში, საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმში.

ლუკა ციხისთავი არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი-შემდგენელი. გამოქვეყნებული აქვს ისტორიის სახელმძღვანელოები საშუალო სკოლებისათვის, მეთოდური სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები და სამეცნიერო ნაშრომები XIX საუკუნის საქართველოს ისტორიაში, ისტორიის სწავლების მეთოდიკაში, საქართველოს ისტორიასა და მსოფლიო ისტორიაში და სხვ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1959 წელი — სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი;
  • 1965 წელი — იაკობ გოგებაშვილის მედალი;
  • 1965 წელი — უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სწავლებისთვის საპატიო სიგელი;
  • 1968 წელი — აქტიური მუშაობისთვის, საპატიო სიგელი;
  • 1970 წელი — თავდადებული შრომისთვის, ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად მედალი;
  • 1975 წელი — შრომის ვეტერანი, მედალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]