სიმონ ხუნდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუნდაძე.

სიმონ ურაკლის ძე ხუნდაძე (დ. 15 ნოემბერი, 1897, სოფ. კალაგონი (ჩოხატაურის რაიონი) — გ. 21 აგვისტო, 1933, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს დაასრულა ქუთაისის გიმნაზია და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ ყმაწვილმა მიიპყრო მასწავლებელთა ყურადღება. მეშვიდე კლასელს უკვე წაკითხული ჰქონდა ქართული და რუსული მხატვრული ლიტერატურა, იცნობდა საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის მკვლევართა ნაშრომებსა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ნარკვევებს.

სტუდენტობისას აქტიურად ებმება რევოლუციური წრეების საქმიანობაში. 1917 წელს იარაღით ხელში, რუს სტუდენტებთან ერთად იბრძოდა რევოლუციის ბარიკადებზე. იმავე წელს სრულიად ჩამოყალიბებული პუბლიცისტი და ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა და ხელი მიჰყო ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის შესწავლასა და გამომზეურებას.

1924-1925 წლებში მოსკოვში ამთავრებს წითელი პროფესურის ინსტიტუტს და საქართველოში დაბრუნებისთანავე ენერგიულად განაგრძობს მეცნიერულ ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი პირველი ნაშრომი „ქართული ინტელიგენციის პროფილი XIX საუკუნეში“, რომელიც დაიბეჭდა 1927 წელს, საინტერესოდ აშუქებდა ჩვენი ინტელიგაენციის სოციალურ-პოლიტიკურ იდეალებს და მისი განვითარების გზებს.

სიმონ ხუნდაძის კალამს ეკუთვნის მონოგრაფიები: „სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში“, „ნიკო ნიკოლაძე“, „გიორგი წერეთელი“, „დიმიტრი ყიფიანი“, „სოლომონ რაზმაძე“, „ივანე მაჩაბელი“, „გალაქტიონ ტაბიძე“, „არსენას ტიპი ქართულ მწერლობაში“ და სხვა. ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათედრას, იყო ამავე ფაკულტეტის დეკანი, ჟურნალ ქართული მწერლობის რედაქტორი, გამომცემლობების „ქართული წიგნის“, „ფედერაციის“, „სახელგამის“ დირექტორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მასთან დასაფლავებულია მისი მეუღლე — თამარ ივლიანეს ასული კვერნაძე (დ. 27 ივნისი, 1908, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1988, იქვე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 419, თბ., 1994