ლუიზ ბენედიქტა დე ბურბონი
ლუიზ ბენედიქტა დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 ნოემბერი, 1676 პარიზი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
23 იანვარი, 1753, (76 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | მაინის ჰერცოგინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ლუი ავგუსტ დე ბურბონი |
შვილ(ებ)ი |
ლუი ავგუსტი, დომბეს პრინცი ლუი შარლი, ოს გრაფი ლუიზ ფრანსუაზი, მადმუაზელ მაინი |
მშობლები |
მამა: ანრი ჟიული, კონდეს პრინცი დედა: ანა ჰენრიეტა კურპფალცელი |
ლუიზ ბენედიქტა დე ბურბონი (ფრანგ. Louise Bénédicte de Bourbon; დ. 8 ნოემბერი, 1676 — გ. 23 იანვარი, 1753) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. კონდეს პრინც ანრი ჟიულისა და მისი ცოლის, ანა ჰენრიეტა კურპფალცელის ქალიშვილი. ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის უკანონო შვილს, მაინის ჰერცოგ ლუი ავგუსტ დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუიზ ბენედიქტა დაიბადა 1676 წლის 8 ნოემბერს პარიზში, საფრანგეთში. იგი იყო კონდეს პრინც ანრი ჟიულ დე ბურბონისა და მისი მეუღლის, ანა ჰენრიეტა კურპფალცელის ქალიშვილი. მას სახელი ბენედიქტა დეიდამისის, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია ბენედიქტა ჰენრიეტა ბავარიელის პატივსაცემად დაარქვეს. ვინაიდან იგი ბურბონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო, ის ატარებდა მადმუაზელ ნანტისა და სისხლით პრინცესის (ფრანგ. Princess du sang) წოდებებს.
ლუიზ ბენედიქტას თავმოყვარეობა ძალიან შეილახა, როდესაც იგი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის ვაჟზე, მაინის ჰერცოგ ლუი ავგუსტზე დააქორწინეს, რომელიც მიუხედავად არალეგიტიმური წარმომავლობისა, ძალიან ჭკვიანი და ცბიერი კაცი იყო, ამასთან მეფის ფავორიტი შვილიც. მან მოახერხა და 1694 წელს ჯერ პარიზის პარლამენტის წევრი გახდა, 1714 წელს კი საფრანგეთის ტახტზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. როდესაც საფრანგეთის ტახტზე ვერ ავიდა, იგი მცირეწლოვანი მეფე ლუი XV-ის რეგენტობისათვის იბრძოდა, თუმცა სამეფო საბჭომ მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და რეგენტად ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II აირჩიეს. 1718 წელს აჯანყების მცდელობისათვის ლუი ავგუსტი დააპატიმრეს, ორი წლის შემდეგ კი გამოუშვეს.
მაინის ჰერცოგინია ძალიან ნიჭიერი და მოხდენილი ქალი იყო, რომელიც ახალგაზრდობაში ყველას აოცებდა თავისი ცეკვით, ფლეიტაზე დაკვრითა და სიმღერით.
1736 წელს მან შეიძინა სკოქსის შატო, სადაც იგი პატარა ბალ-მასკარადებს მართავდა, აწყობდა ბანკეტებს, იწვევდა მხატვრებსა და სხვა ხელოვან ადამიანებს. ცნობილია, რომ ჰერცოგინიას ყველაზე დიდ ნაკლად მისი ახლობლები მის ძილისადმი მიდრეკილებას ახასიათებდნენ. მას შეეძლო მთელი დღე ეძინა ისე, რომ არც კი გაჰღვიძებოდა, თუმცა ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ხშირად სხვადასხვა წვეულებებზე გამთენიამდე ერთობოდა, დღის დიდ ნაწილს კი ძილში ატარებდა. იგი გარდა ასეთი წვეულებებისა, ხშირად დადიოდა ვერსალის სამეფო კარზე, თეატრებზე, ოპერასა და ბალეტზე.
მის საოცრად პომპეზურ დღესასწაულებს დასასრული არ ჰქონდა და იგი მათ დაქვრივების შემდეგ, ღრმა სიბერემდე მართავდა. მისი წვეულებები ცნობილი იყო თავისი საოცარი პომპეზურობითა და უამრავი გასართობით, რაც საბოლოოდ საოცარი ფოიერვერკით სრულდებოდა ხოლმე. 1750 წელს იგი რომს ეწვია, სადაც იტალიელებს მან თავი თავისი გასაოცარი მასკარადით დაამახსოვრა.
ლუიზ ბენედიქტას ასევე ძალიან უყვარდა მეცნიერება და იგი ხშირად მფარველობდა ამ დარგის წარმომადგენლებს. ცნობილია, რომ მეცნიერების სხვადასხვა დარგში იგი მეტად განსწავლული იყო და პარიზში მას საკუთარი ბიბლიოთეკაც ჰქონდა, სადაც 3, 000-მდე წიგნი ინახებოდა.
ლუიზ ბენედიქტა დე ბურბონი გარდაიცვალა 1753 წლის 23 იანვარს, პარიზში, 76 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მადმუაზელ დე დომბე (დ. 11 სექტემბერი, 1694 — გ. 26 სექტემბერი, 1694), გარდაიცვალა ჩვილი;
- ლუი კონსტანტი (დ. 17 ნოემბერი, 1695 — გ. 28 სექტემბერი, 1698), პრინცი დე დომბე, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მადმუაზელ დე ომალი (დ. 21 დეკემბერი, 1697 — გ. 22 აგვისტო, 1699), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუი ავგუსტი (დ. 4 მარტი, 1700 — გ. 1 ოქტომბერი, 1755), დომბეს პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ლუი შარლი (დ. 15 ოქტომბერი, 1701 — გ. 13 ივლისი, 1775), ოს გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- შარლი (დ. 31 მარტი, 1704 — გ. 2 სექტემბერი, 1708), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუიზ ფრანსუაზი (დ. 4 დეკემბერი, 1707 — გ. 19 აგვისტო, 1743), მადმუაზელ დე მაინი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Archived copy". Archived from the original on 12 May 2008. Retrieved 12 May 2008. Doll of the Blood
- Fraser, Antonia (Lady), Love and Louis XIV
- The Project Gutenberg EBook of The Memoirs of the Louis XIV. and The Regency, Complete, by Élisabeth Charlotte, Duchess of Orléans
- Wikisource Chisholm, Hugh, ed. (1911). "Maine, Anne Louise Bénédicte de Bourbon, Duchesse du". Encyclopædia Britannica. 17 (11th ed.). Cambridge University Press. p. 432.