ლუი ავგუსტ დე ბურბონი (1700-1755)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი ავგუსტ დე ბურბონი
Troy - Louis Auguste de Bourbon, Prince of Dombes in armour.jpg
დაბ. თარიღი 4 მარტი, 1700
ვერსალის სასახლე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1755, (55 წლის)
ფონტენბლოს სასახლე, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება დომბეს პრინცი
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: ლუი ავგუსტი, მაინის ჰერცოგი
დედა: ლუიზ ბენედიქტა დე ბურბონი

ლუი ავგუსტ დე ბურბონი (ფრანგ. Louis Auguste de Bourbon; დ. 4 მარტი, 1700 — გ. 1 ოქტომბერი, 1755) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. მაინის ჰერცოგ ლუი ავგუსტისა და მისი ცოლის, ლუიზ ბენედიქტას უფროსი ვაჟი და დომბეს პრინცი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ავგუსტი დაიბადა 1700 წლის 4 მარტს ვერსალის სამეფო სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი და უკანონო ვაჟის, მაინის ჰერცოგ ლუი ავგუსტ დე ბურბონისა და მისი მეუღლის, ლუიზ ბენედიქტა დე ბურბონ-კონდეს უფროსი ვაჟი. დაბადებისთანავე, მას მშობლებმა მიანიჭეს პრინცი დომბეს წოდება.

მამისაგან განსხვავებით, პრინც დომბეს საოცარი სამხედრო ნიჭი ჰქონდა. ლუი ავგუსტი პრინც ევგენი სავოიელთან ერთად გმირულად იბრძოდა ავსტრია-ოსმალეთის ომებში (1716-1718), პოლონეთის მემკვიდრეობის ომში (1733-1738) და ასევე ავსტრიის მემკვიდრეობის ომში (1740-1748).

1736 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ, ლუი ავგუსტმა მემკვიდრეობით მიიღო სკოქსის შატო და ასევე რამდენიმე წოდება, როგორებიცაა ლანგედოკის გუბერნატორი, ოს გრაფი, დ'ანეტის პრინცი და დრეს გრაფი.

მიუხედავად დიდი სამხედრო კარიერისა, თავისი ბიძაშვილის, საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის სამეფო კარზე ლუი ავგუსტი შეუმჩნეველი ფიგურა იყო, რის გამოც იგი გაეცალა ვერსალის სასახლეს და ანეტის შატოში გადასახლდა. ამ ამბიდან მალევე, ლუი ავგუსტი დაინიშნა თავისი ბიძაშვილის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ასულ შარლოტ აგაე ორლეანელზე, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა, რის შემდეგაც იგი აპირებდა თავისი მამიდაშვილის, ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ასულ ლუიზ ანა დე ბურბონზე ქორწინებას. მათ ქორწინებისათვის მზადებაც დაიწყეს, თუმცა მოულოდნელად, 1755 წლის 1 ოქტომბერს ლუი ავგუსტი გარდაიცვალა, 55 წლის ასაკში, უშვილოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Patrick Van Kerrebrouck, La Maison de Bourbon 1256-2004, deuxième édition revue et augmentée, 2004, Villeneuve d'Ascq, l'auteur, 1010 p., tome 2, p. 762-767.