ლეონარდ დეკაპრელევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეონარდ დეკაპრელევიჩი
ლეონარდ დეკაპრელევიჩი.jpg
დაბ. თარიღი 13 (25) ივლისი 1886
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 7 ნოემბერი 1981(1981-11-07) (95 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
სამეცნიერო სფერო ბოტანიკა
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი

ლეონარდ დეკაპრელევიჩი (დ. 25 ივლისი [ ძვ. სტ. 13 ივლისი], 1886, თბილისი, საქართველო, — გ. 7 ნოემბერი, 1981, თბილისი, საქართველო) — გენეტიკოს-სელექციონერი, ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1930). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1944).

დაიბადა რკინიგზელის ოჯახში. მისი წინაპრები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი საქართველოსთან. ლეონარდის პაპა ალექსანდრე დეკაპრელევიჩი გადმოუსახლებიათ კავკასიაში რიგით ჯარისკაცად, რომელსაც შემდეგ ოფიცრობა მიუღია. იგი მსახურობდა და ცხოვრობდა სიღნაღში, შემდეგ კი თბილისში დასახლებულა. ბებია სალომე (დედის მხრივ) წარმოშობით ქართველი იყო, გვარად ჩიგიანი, დუშეთის მაზრიდან, მამა დაბადებულა სიღნაღში.[1]

1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო-ისტორიული განყოფილება და მუშაობა დაიწყო თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილებაში ჯერ უმცროს სპეციალისტად (1914), შემდეგ გამგედ (1916). 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორია, 1937-1973 წლებში — ამავე ინსტიტუტის გენეტიკა-სელექციის კათედრის გამგე, შემდეგ — მისი საპატიო გამგე და კონსულტანტი. დეკაპრელევიჩის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა უმთავრესად შეეხება ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს კულტურული ფლორის შესწავლას. მან ნიკოლოზ ვავილოვთან და პეტრე ჟუკოვსკისთან ერთად დაადგინა, რომ მსოფლიოში საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი კერაა, განსაზღვრა ხალხური სელექციის როლი ამ მცენარის გაუმჯობესებაში. გამოიყვანა ხორბლის, სიმინდის, ქერისა და ლობიოს ახალი ჯიშები.[2]

აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი თავის შრომაში — „საქართველოს ეკონომიკური ისტორია“ მრავალჯერ იმოწმებს ლეონარდ დეკაპრელევიჩის მოსაზრებებს საქართველოში გავრცელებული პურეულის, სიმიდის, ლობიოსა და სხვა კულტურული მცენარეების შესახებ.[1]

მიღებული ჰქონდა 8 საავტორო მოწმობა. 1973 წელს მიენიჭა ნიკოლოზ ვავილოვის სახელობის პრემია. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ლეონარდე დეკაპრელევიჩი. ბიობიბლიოგრაფია, მეცნიერება, თბილისი. 1987.
  2. 2.0 2.1 თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 444, თბ., 1978 წელი.