ლევან პაატაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან პაატაშვილი (დ. 12 მარტი, 1926, თბილისი, — გ. 24 იანვარი, 2023) — ქართველი კინოოპერატორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979).

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი 1954 წელს. 1978-1981 წლებში იყო მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის, 1981-1988 წლებში — შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1980 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ოპერატორი. დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: „სხვისი შვილები“ (რეჟისორი: თენგიზ აბულაძე, 1958), „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (რეჟისორი: სიკო დოლიძე, 1959), „თოჯინები იცინიან“ (რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი, 1961), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (რეჟისორი: ელდარ შენგელაია, 1983), „კედელი“ (რეჟისორი: ზაზა ბუაძე, 1991) და სხვ. დაჯილდოებული იყო სსრკ სახელმწიფო (1985) და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიებით (1986). ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ნახევარი საუკუნე ლეონარდოს კედელთან“ (2006). გარდაიცვალა 2023 წლის 24 იანვარს, 96 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]