კონსტანტინოპოლის ალყა (1411)
კონსტანტინოპოლის ალყა (1411) | |||
---|---|---|---|
ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანის ნაწილი | |||
კონსტანტინოპოლი 1422 წელს 一 ქალაქის უძველესი შემორჩენილი რუკა | |||
თარიღი | 1411 | ||
მდებარეობა | კონსტანტინოპოლი | ||
შედეგი |
ბიზანტიის გამარჯვება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
კონსტანტინოპოლის 1411 წლის ალყა 一 გაიმართა ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანის დროს, როცა შუა აზიიდან წამოსული თემურიდების დინასტიის პირველი მმართველის, თემრულენგის მიერ თურქთა დამარცხებისა და ოსმალეთის სულთნის, ბაიაზიდ I-ის შეპყრობის შემდეგ ქვეყანაში შიდა ანარქია შეიქმნა. [1] მიუხედავად იმისა, რომ, ანგორის ბრძოლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოსმალეთის ტახტი დროებით მეჰმედ ჩელებიმ იგდო ხელთ, მისმა ძმებმა 一 ისა ჩელებიმ, მუსა ჩელებიმ და სულეიმან ჩელებიმ 一 უარი თქვეს მისი ავტორიტეტის აღიარებაზე და თითოეულმა მათგანმა დაიწყო ტახტისთვის ბრძოლა. [2] შედეგად, დაიწყო სამოქალაქო ომი. უმეფობის ხანა გაგრძელდა 1413 წლის 5 ივლისს მომხდარ ჩამურლუს ბრძოლამდე, როდესაც მეჰმედ ჩელები, საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვლინდა, სულთნის სტატუსი მოირგო და იმპერიას მშვიდობა დაუბრუნა.
ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანკარის ბრძოლამდე ბიზანტიის იმპერიას რამდენიმე დეკადის განმავლობაში არცერთი საომარი მოქმედება არ განუხორციელებია ოსმალეთის იმპერიასთან, თუმცა თემურის მიერ ოსმალთა დამარცხების შემდეგ, მცირე ხნით, ბიზანტია ოსმალეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკური ინტრიგების მომსწრე გახდა. სულთან ბაიაზიდმა დაიპყრო არაერთი ევროპული მიწა და დღითიდღე ემუქრებოდა კონსტანტინოპოლს.
ალყა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიზანტიის იმპერატორი, მანუელ II პალეოლოგოსი მხარს უჭერდა სულეიმან ჩელების, როგორც ოსმალეთის ტახტის პრეტენდენტს. მათ ხელი მოაწერეს გალიპოლის ხელშეკრულებას ბიზანტიის რეგენტ იოანე VII პალეოლოგოსთან ერთად 1403 წელს მაშინ, როცა მანუელ II პალეოლოგოსი დასავლეთ ევროპაში მოგზაურობდა. ამ შეთანხმების მიხედვით, სულეიმანმა მარმარილოს ზღვაში არსებული გარკვეული ტერიტორიები, მათ შორის მთავარი ქალაქი თესალონიკი, დაუთმო ბიზანტიას მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ. ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიზანტიის იმპერიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის ურთიერთობა გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ 1410 წლის ივნისში გამართულ კოსმიდიონის ბრძოლაში სულეიმანმა საკუთარი ძმა და ტახტის პოტენციური მემკვიდრე, მუსა ჩელები დაამარცხა, მისი სიდიადე მაინც შემცირდა. უფრო მეტიც, როდესაც მუსა ძმაზე შურისძიების მიზნით უკან დაბრუნდა, სულეიმანის მომხრეთა უმეტესობამ მუსას დაუჭირა მხარი.[3] სულეიმანი რიგითი სოფლის მაცხოვრებლების მსხვერპლი აღმოჩნდა მაშინ, როცა ის თავის შეფარების მიზნით ბიზანტიისკენ მიიწევდა, თუმცა არ დასცალდა, რადგან იგი 1411 წლის 18 თებერვალს მოკლეს. შედეგად, იმპერიის ევროპული ნაწილის თანასულთნად შეჰზადე მუსა იქცა.[4] მუსამ სამაგიერო გადაუხადა ყველას, ვინც კი მის და სულეიმანის ორთაბრძოლაში მისი ძმის მხარეს იჭერდა, მათ შორის მანუელ პალეოლოგოსსაც, რომლის დედაქალაქსაც 1411 წელს ალყა შემოარტყა.[5] მანუელ პალეოლოგოსმა დახმარებისთვის მეჰმედს მიმართა, რომელმაც საკუთარ ძმას უღალატა და შექმნა საკუთარი ალიანსი ბიზანტიის იმპერიასთან ერთად, რომელიც მუსა ჩელების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. მალე, იმავე წელს ალყა მოიხსნა. შეიძლება ითქვას, რომ ოსმალები უპირატესობას გრძელვადიან ალყებს არ ანიჭებდნენ. მეჰმედმა, ინჯგიზის ბრძოლაში განცდილი დამარცხების შემდეგ, 1413 წელს მოიპოვა სერბეთის მონარქის, სტეფან ლაზარევიჩის, აგრეთვე თურქული დულკადირისა და მუსა ჩელების არმიის ზოგიერთი გენერლის მხარდაჭერაც. საბოლოოდ, ჩამურლუს ბრძოლაში, სამოკოვის მახლობლად (დღევანდელი ბულგარეთი), მან დაამარცხა ტახტში მოცილე მტრის ჯარები.[6] თავად მუსა ომში დაიჭრა და გაქცევაც სცადა, თუმცა იგი მალევე იცნეს და 1413 წლის 5 ივლისს სიკვდილით დასაჯეს.[7]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოსმალეთის იმპერია
- ბიზანტიის იმპერია
- ბაიაზიდ I
- თემურლენგი
- ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანა
- მანუელ II პალეოლოგოსი
- მეჰმედ I
- სულეიმან ჩელები
- მუსა ჩელები
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტი დაპირისპირების შესახებ military-history.fandom.com-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Dimitris J. Kastritsis, The Sons of Bayezid, (Brill, 2007), xi.
- ↑ Fine, John Van Antwerp, The Late Medieval Balkans, (University of Michigan Press, 1994), 499.
- ↑ Wittek, Paul Rise of the Ottoman Empire, გვ. 150.
- ↑ Prof. Yaşar Yüce-Prof. Ali Sevim: Türkiye tarihi Cilt II, AKDTYKTTK Yayınları, İstanbul, 1991 p 74-75
- ↑ Ostrogorsky, G. 'History of the Byzantine State', Rutgers University Press, 1969, p.557
- ↑ Encyclopædia Britannica Evpo 70 ed., Vol. 22, p. 368
- ↑ Joseph von Hammer: Osmanlı Tarihi cilt I (condensation: Abdülkadir Karahan), Milliyet yayınları, İstanbul. p 58-60.