ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანა
ოსმალეთის უმეფობის ხანა (თურქ. Fetret Devri) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, 1402-1413 წლებში, როდესაც იმპერიას არ ჰყავდა სულთანი, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა ოსმალეთს. მისი მთავარი შემოქმედი პირები იყვნენ სულთან ბაიაზიდ I-ის შვილები, შეჰზადე მეჰმედი (მომავალში მეჰმედ I), ისა, სულეიმანი და მუსა, რომელთაც ოთხ ნაწილად გაყვეს ოსმალეთის იმპერია და ებრძოდნენ ერთმანეთს.
დაწყების მიზეზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1402 წელს, ოსმალეთის იმპერიის სულთან ბაიაზიდ I-ისა და თემურლენგს შორის შედგა ანგორის ბრძოლა (ხშირად ანკარის ბრძოლის სახელითაც მოიხსენიებენ), რომელშიც მონღოლებმა სასტიკად დაამარცხეს ოსმალეთის არმია. თემურლენგმა ტყვედ აიყვანა სულთან ბაიაზიდი, რომელმაც საკუთარი ტახტის მემკვიდრის დასახელება ვერ მოასწრო და ოსმალეთი დაუტოვა ოთხ შვილს, რომელთაც ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ ტახტის მოსაპოვებლად.
სულთან ბაიაზიდი მართალია დედაქალაქში აღარ იმყოფებოდა, მაგრამ მაინც ფორმალურად ოსმალეთის სულთნად ითვლებოდა. ამიტომ მის გარდაცვალებამდე მისი ვაჟები ბრძოლისაგან თავს იკავებდნენ, მაგრამ იგი ერთი წლის შემდეგ, 1403 წლის 8 მარტს ტყვეობაში გარდაიცვალა, ოსმალეთის ტახტი საბოლოოდ გათავისუფლდა და მის ვაჟებს შორის ბრძოლა ოფიციალურად დაიწყო.
ოსმალეთის დანაწილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამის გარდაცვალების შემდეგ, სულეიმანმა თავი ედირნეს სულთნად გამოაცხადა, ისამ — ბურსას, ხოლო მეჰმედი თავს ანატოლიის სულთნად თვლიდა. მეოთხე ძმა - მუსა კი მამასთან ერთად თემურლენგის ტყვე იყო და 1403 წელს, თავის დახსნის შემდეგ ჩაერთო ტახტისთვის ბრძოლაში.
ბრძოლა ძმებს შორის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჰმედი და ისა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჰმედს უპირველეს ყოვლისა, ისას დამარცხება და ბურსას დაპყრობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამიტომ, 1405 წელს მას ომი ოფიციალურად გამოუცხადა და მის არმიას პირველად შეერკინა, მაგრამ გამარჯვებულის გამოვლენა ამ ბრძოლამ ვერ მოახერხა. 1 წლის განმავლობაში მათი არმიები ბევრჯერ შეერკინენ ერთმანეთს, მაგრამ გამარჯვებულის ვინაობას კვლავ ვერ არკვევდნენ. თუმცა 1406 წელს, ერთ-ერთი ბრძოლის დროს, ისა სასიკვდილოდ დაიჭრა და მტერმა მისი დაბნეული, მეთაურის გარეშე დარჩენილი არმია იოლად დაამარცხა. 1406 წლიდან, მეჰმედი არა მხოლოდ ანატოლიას, არამედ უკვე ბურსასაც ფლობდა და დასამარცხებელი მხოლოდ სულეიმანი ჰყავდა დარჩენილი.
მუსა და სულეიმანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეჰზადე მეჰმედმა იცოდა, რომ თუ ძმა სულეიმანთან საბრძოლველად ანატოლიას დატოვებდა, მაშინ აიდინის დაპყრობის საფრთხე, სულეიმანის მხრიდან, სერიოზულად შეიქმნებოდა. იგი შეხვდა ძმა მუსას ქირშეჰირში და გააფორმა მასთან ალიანსი სულეიმანის წინააღმდეგ. აღნიშნულ ალიანსს ანატოლიელი ბეილიკების უმრავლესობაც ემხრობოდა. მუსა ედირნეში სულეიმანის დასამარცხებლად გაემართა. თავდაპირველად, ომი სულეიმანის უპირატესობით წარიმართა. მუსა დამარცხდა კოსმიდონის ბრძოლაში, 1410 წელს, თუმცა მან მაინც მოახერხა 1411 წელს სულეიმანის დამარცხება, დაიკავა ედირნე და თავი ოსმალეთის სულთნად გამოაცხადა.
მუსა და მეჰმედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1411 წელს მეჰმედი რუმელიაში ძმის დასამარცხებლად გაემგზავრა და მათ შორის ბრძოლა მოხდა, ამ ბრძოლას გამარჯვებულის ვინაობა არ გამოუვლენია. მეჰმედი იძულებული გახდა, რომ ცოტა ხნით უკან დაეხია, რათა დაეცვა აიდინი. მან ძმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება ბიზანტიის იმპერატორ მანუელ II-ს სთხოვა. 1413 წელს მეჰმედი რუმელიაში დაბრუნდა გაორკეცებული ძალებით. მისი არმია ბევრად აღემატებოდა მუსას არმიას, ამიტომაც მას უპირატესობა ჰქონდა და ამ უპირატესობის გამოყენება მოახერხა. გადამწყვეტი ბრძოლა 5 ივლისს, ჩამურლუსთან (დღევანდელი სამოკოვი) შედგა და მეჰმედის არმიის გამარჯვებით დასრულდა. მუსა ვლახეთში გაიქცა, სადაც მალევე გარდაიცვალა, ხოლო ოსმალეთის მთლიანი ტერიტორია ერთი სულთნის, მეჰმედ I-ის ხელში გაერთიანდა და ამით დასრულდა ოსმალეთის უმეფობის ხანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fine, John Van Antwerp, The Late Medieval Balkans, University of Michigan Press, 1994.
- Finkel, Caroline, Osman's Dream, Basic Books, 2004.
- Harris, Jonathan, The End of Byzantium. New Haven and London: Yale University Press, 2010. ISBN 978-0-300-11786-8
- Imber, Colin, The Ottoman Empire. London: Palgrave/Macmillan, 2002. ISBN 0-333-61387-2
- Kastritsis, Dimitris, The Sons of Bayezid: Empire Building and Representation in the Ottoman. Civil War of 1402-1413, Brill, 2007, ISBN 978-90-04-15836-8.