კონსტანტინე ჭკუასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე (კოტე) ივანეს ძე ჭკუასელი (დ. 1902, სოფ. მამულარი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 14 ნოემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი ბოლშევიკი, პედაგოგი.

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისში. უფროსი ძმის ზეგავლენით ადრევე, 1919 წელს გაწევრიანდა ბოლშევიკურ პარტიაში და მონაწილეობდა არალეგალურ პროპაგანდისტულ საქმიანობაში, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების მიერ გარკვეული ხნით დაპატიმრებული იყო. საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობაზე, მ. შ. იყო მე-3 ქართული პოლკის სამხედრო კომისარი, ქართული სამხედრო-პოლიტიკური სკოლის უფროსი, ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის კომისარი და სხვ. იმავდროულად სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, შემდეგ — ლენინგრადის მეცნიერული პედაგოგიკის სახელმწიფო ინსტიტუტის ასპირანტურაში (დაამთავრა 1932 წელს).

მომდევნო წლები ე. წ. კომუნისტური განათლების სფეროში მოღვაწეობას მიუძღვნა: იყო საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი, თბილისის უნივერსიტეტის ისტორიულ-ლიტერატურული ფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, საქართველოს დაწყებითი და საშუალო სკოლების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე. 1936 წლის 23 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრად. იმავდროულად ხელმძღვანელობდა პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. 1937 წელს „მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს, 13 ნოემბერს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა და მომდევნო დღეს დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Антология педагогической мысли Грузинской ССР / [Сост.: Д. Гургенидзе и др.] ; Редкол.: Н. Васадзе (отв. ред.) и др. ; АПН СССР. - Москва : Педагогика, 1987. - с. 387.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]